„გროვდება იმის ნიშნები, რომ ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვიდრე აქ მისთვის სასურველ ხელისუფლებას არ ნახავს“ – ზაალ ანჯაფარიძე

0
504
30 Views

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, ხელისუფლებამ რომ გაათავისუფლოს გვარამია და სააკაშვილიც, ეს მაინც არ გახდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა.

„როგორც უკვე აღვნიშნე, გროვდება იმის ნიშნები, რომ ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვიდრე აქ მისთვის სასურველ ხელისუფლებას არ ნახავს.

ამის კიდევ ერთი დასტურია პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) გუშინ გავრცელებული განცხადება, სადაც ისინი ულტიმატუმის ფორმით მოითხოვენ ხელისუფლებისგან და მმართველი პარტიისგან 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას და ღია ტექსტით აცხადებენ, რომ „ეს არის გზა ევროკავშირის კანდიდატობისკენ“. ეს მაშინ, როდესაც კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება“ გავიდა ამ შეთანხმებიდან.

ისინი ასევე ულტიმატუმის ფორმით ითხოვენ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და მას ფაქტობრივად პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებენ. ეს განცხადება არის ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის 8 ნოემბრის რეზოლუციის გაგრძელება. ტექსტს აშკარად ეტყობა ქართული კვალი და ხელწერაც. როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ მუხტი ჩაქრეს.

დავუშვათ და საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლა გვარამიაც და ზედ სააკაშვილიც მიაყოლა. გახდება ეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა? რა თქმა უნდა, არა. იმიტომ, რომ ქვეყანას, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავდა, არაფერი ესაქმება ევროკავშირში და მან ხანგრძლივი გამოსაცდელი პერიოდი უნდა გაიაროს „გამოსასწორებლად“.

სად არის გარანტია, რომ ხვალ პატიმრობაში მყოფი სხვა ოდიოზური ფიგურა არ შერაცხონ პოლიტიკური მართლმსაჯულების მორიგ მსხვერპლად, მერე კიდევ სხვა და ა.შ.

მოკლედ, არც სიტუაციის დრამატიზებას ვაპირებ და არც მის გამარტივებას. ასეთია მოცემულობა ევროკავშირთან მიმართებაში და რა უნდა გავაკეთოთ, ამ რეალობაში ამაზე ხალხმა, საზოგადოებამ და ელიტებმა იმსჯელონ“, – წერს ანჯაფარიძე.

Cesko