საუბრის დროს ხშირად ვიყენებთ ისეთ ფრაზებს, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობია, თუმცა ცოტამ თუ იცის საიდან მოდის ეს გამოთქმები და ვის უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია “ნინიას ბაღი”- ქალაქურ ლექსიკონში დღემდეა შემორჩენილი ეს ძველთბილისური დასახელება.
“ნინიას ბაღის” ისტორია სათავეს მეოცე საუკუნის პირველივე წლებში იღებს. ერთ-ერთ ქართველ ვაჭარს, ნინია ზარიძეს მაშინდელ ვორონცოვის მოედანთან (დღეს ზაარბრიუკენის მოედანი) საკუთრებაში ჰქონდა ულამაზესი ბაღი, რომელშიც შესვლა უფასო ყოფილა. ამ გამოთქმასაც სწორედ ისეთ შემთხვევაში იყენებენ, როცა საქმე რაიმე უფასოს, მუქთას, მარტივად ხელმისაწვდომს ეხება.
“ნინიას ბაღი” ისეთივე იყო, როგორიც ე.წ. მიხაილოვის ბაღია, მაგრამ მისგან განსხვავებით, “ნინიას ბაღში” შესვლა უფასო ყოფილა.
“ოე, ნინიას ბაღი ხო არ გგონია” -ამ სიტყვათშეთანხმებას სწორედ მაშინ ვიყენებთ, როცა მეგობრებს, ან ახლობელს ვესაუბრებით და როდესაც მათ რაიმეს მიღება სრულიად უსასყიდლოდ, ან გარჯის გარეშე სურთ.
უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო მდიდარია ცნობილი გამოთქმებითა და ისეთი სიტყვათშეთანხმებებით, რომელთა წარმოშობის ზუსტი ისტორია ბევრმა არ იცის, თუმცა, ძირითადად, მათ ყველა სწორად იყენებს.