რუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველო პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

0
426
29 Views

მოსკოვს იმედი აქვთ, რომ საქართველო ანტირუსულ სანქციებთან მიერთების საკითხში პრაგმატულ მიდგომას შეინარჩუნებს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დენის გონჩარმა განაცხადა.

ჟურნალისტმა გონჩარს შეკითხვა დაუსვა რამდენად არის დაკავშირებული საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება რუსეთის მიმართ სანქციებთან არშეერთებასთან.

“ეს შეკითხვა უფრო ბრიუსელს და იმ სახელმწიფოებს უნდა დაუსვათ, ვინც ივნისში სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტდა. რაც შეეხება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ არალეგიტიმურ სანქციებს, ამის თაობაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს და საკუთარი მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესებით იხელმძღვანელებს, და არა გარედან თავზე მოხვეული კონფრონტაციული სქემებით“ – განაცხადა გონჩარმა.

დენის გონჩარმა ასევე ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგზე, რომელიც, მისი თქმით, არ შეჩერებულა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში „ყველა პოლიტიკური პერიპეტიის მიუხედავად“. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი არხი იყო გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრათა არაფორმალური მექანიზმი.

“კარანტინის გამო ეს მოლაპარაკება 2020 წლიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ბოლო ასეთი მოლაპარაკება 2020 წლის ნოემბერში გაიმართა. მას შემდეგ დიალოგი ტელეფონით მიმდინარეობს. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად მორიგი დასწრებული შეხვედრის საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

Cesko