აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მანქანებს, რომლებიც საბრძოლო ზონაში ჰუმანიტარულ მისიას ასრულებენ. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ოფიციალური ბაქოს განცხადებების მიუხედავად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ განასხვავებენ სამიზნეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა სომხეთში გეგარკუნიკის რაიონში მდებარე რუსეთის სასაზღვრო ძალების ბაზაზე საარტილერიო დარტყმა განახორციელა. სავარაუდოდ, 13 სექტემბერს ღამით, ბაზის ტერიტორიაზე ჭურვები ჩამოვარდა.
ცნობისთვის, ვითარება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე 13 სექტემბერს ღამით გართულდა.
მხარეებმა ერთმანეთს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. 9:00 საათისთვის ერევანი და ბაქო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეტაკებები გრძელდება.