ივანიშვილის სამი „კოზირი“ – „დასაჭერებიდან მინიმუმ ერთი ძალოვანი მინისტრი იქნება“

0
889
23 Views

„ალიას“ ესაუბრება ყოფილი ძალოვანი და „ოცნების“ თანადამფუძნებელი, რომელსაც, ამ ეტაპზე, გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურს:

„რამდენიმე დღის წინ, ვიკიპედიამ გამოქვეყნა რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, რუსეთთან კავშირში მყოფ სანქცირებულ პირთა და კომპანიათა სია, სანქცირებულთა სიაში, ვიკიპედიამ ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა და დაწერა, ივანიშვილი რუსეთთან კავშირში მყოფი ქართველი ოლიგარქია და შვეიცარიის მიერაა სანქცირებულიო. გასუსულია „ქართული ოცნება“, ხმას არ იღებს, არც იმას ამბობენ ტყუილია, არც იმას – შეცდომა მოხდაო, არც ომი გამოუცხადეს ვიკიპედიას და ვიკიპედიის წინააღმდეგ და ბიძინას დასაცავად, მიტინგიც კი არ დაანონსდა. სად სცალია „ოცნებას“, ომი აქვს გაჩაღებული ამერიკის ელჩთან და შესაბამისად, ამერიკასთან. დღეისთვის რა არჩევანი აქვს საქართველოს? ან ამერიკა და დასავლეთი და ან რუსეთი. თუ ამერიკას ვეჩხუბებით და ვაბრალებთ, ამერიკას რევოლუცია და ომი უნდა საქართველოსთვისო, თუ ვამბობთ, ვინ რჩება? ვინ უნდა, აბა, „ოცნებას“? არაა სხვა არჩევანი ფიზიკურად, ან ამერიკა გინდა ან რუსეთი. თუ ამერიკა არ გინდა, ესე იგი, გინდა რუსეთი, ასე არაა? შეიძლებოდა ისე, ყასიდად მაინც ეთქვათ, არა, არც რუსეთი გვინდაო, თუმცა, არა, რუსეთს არც კი ახსენებენ და ამერიკის სალანძღავად „ოცნების“ ე.წ. ექსპერტთა პოსტები რომ არ ეყოთ, დეპუტატები გამოყვეს სპეციალურად ამ მიზნით პარტიიდან.

რასაკვირველია, ამერიკას რომ ვერ მოუგებენ ომს, იციან, ამ ყველაფერს ცალკე რუსეთს აგონებენ და ცალკე ამომრჩეველს.

მეტიც, ისიც იციან, რომ ამერიკას რომ რევოლუცია დაეგეგმა საქართველოში – ეს რევოლუცია უკვე მომხდარი იქნებოდა. როცა „ქართული ოცნება“ გამოდის და ამბობს, ამერიკა შემოდგომაზე ჩვენ გადაგდებას აპირებს ხელისუფლებიდან და რევოლუციას აწყობსო – და? მერე? როგორ აპირებს „ოცნება“ და მისი ამომრჩეველი ამერიკას „მოუგოს“? ამერიკას რევოლუცია უნდოდა და ვერ მოაწყო, არც ფული დახარჯა და ოპოზიციას უფლება მისცა პროამერიკული და პროევროპული აქცია დაეშალა ქალაქში ივნისში?

დასავლეთი, არაერთ პროექტს აფინანსებს საქართველოში, უამრავ ფულს ხარჯავს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, როცა საქმე ხელისუფლებას და მთავრობას ეხება, რუსეთი ყოველ ჯერზე ახერხებს რაღაც გზებით ზემოქმედებას და ხელისუფლებაში მისი მომხრე მინიმუმ რამდენიმე ადამიანი მაინც ხვდება, მოკლედ რომ ვთქვათ, აქამდე ამერიკას და რუსეთს ერთმანეთის მოსაწონ კადრებზე უნდა შეეჩერებინათ ყურადღება, ახლა კი სიტუაცია სრულიად განსხვავებულია.

ჯერ იყო და სომხეთ–აზერბაიჯანი დასხდნენ მოსალაპარაკებლად ბრიუსელში, რუსეთის გარეშე, დღეს კი კოსოვო–სერბეთი შეთანხმდა ქვეყნებს შორის მიმოსვლაზე, მანამდე იყო ჩინეთ–ტაივანის საკითხი, სადაც ამერიკამ ბოლომდე გაიტანა თავისი – ამით, ამერიკა ამბობს, რომ რუსეთის დამარცხება გარდაუვალია და არ აპირებს, ამ ომში დახმარების სანაცვლოდაც კი, ვინმეს რამე დაუთმოს. შესაბამისად, ახლა ამერიკას პირველად აქვს შანსი საქართველოში მართლა პროდასავლური ხელისუფლების მოსვლას შეუწყოს ხელი, ისე რომ რუსეთის არც ერთი ინტერესი არ იქნეს გაზიარებული. კოალიციაში ძველი სახეებიც მოხვდებიან, მაგრამ, თუ ამერიკა მართლაც ფიქრობს პროდასავლური ხელისუფლების მხარდაჭერას საქართველოში, მას ახალი ძალა დასჭირდება, ახალი დასაყრდენი. ზოგი ამბობს, უკვე იპოვაო და რა გითხრათ, ჯერ ამის ნიშანი არ არსებობს ქართულ პოლიტიკურ ველზე.

ამჯერად კულუარულად ყველა იმაზე საუბრობს, რომ შემოდგომაზე სერიოზულ პოლიტიკურ ძვრებს ელიან, მათ შორის ვადამდელ არჩევნებს. რა უნდა მოხდეს, ხალხი რომ გამოვიდესო, იკითხავენ – ნებისმიერი რამ, ერთი მკვლელობა, ერთი გაუხსნელი საქმის ბინძური დეტალები, ერთი რუსი ჩინოვნიკის ჩამოსვლა, დასავლეთის დაფინანსების გაჩერება და ა.შ. ხალხის გამოსვლა კი არაა პრობლემა, არამედ, უნდათ თუ არა ხალხის გამოსვლა და მზად არიან, თუ არა, ქუჩაში გამოსულ ხალხს გზა მოუნახონ.

ივანიშვილი ყველაფერზე წავა ხელისუფლების შესანარჩუნებლად – როცა ვამბობთ, ყველაფერზე წავაო, ის საკუთარი გუნდის სისხლსაც „დაღვრის“. ცოტა ხნის წინ სოსო გოგაშვილმა განაცხადა რამდენიმე სისხლის სამართლის დამნაშავე ზის „ქართული ოცნების“ მთავრობაში მინისტრადო – ივანიშვილი მზადაა რამდენიმე მინისტრი დაიჭიროს და სამაგალითოდ დასაჯოს. მას აღარ უნდა ფულის დახარჯვა, ისედაც დაზარალებულად თვლის თავს, შვეიცარიული ბანკის მიერ ფულის გაჩერების გამო, გარდა ამისა, უკვე 2 წელია საუბრობენ კულუარულად იმაზე, რომ ივანიშვილმა პირობა დადო ჩემ ფულს პოლიტიკაში აღარ გამოვიყენებო. ასეა, თუ ისე, მას ფულის დახარჯვა აღარ უნდა, თან ეს უკვე იყო – ის ახლა ძალის დემონსტრირებას მოახდენს. ეცდება მომხრეები დაარწმუნოს, რომ მორჩა, კორუფციაში და დანაშაულში შემჩნეულ პირებს აღარ გაიკარებს – ამიტომ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ იქნება, ამ არჩევნების წინ, იგი „ოცნების“ მინისტრებს დაიჭერს, უკვე საუბრობენ, რომ ძალოვანი მინისტრებიდან იქნება მინიმუმ ერთი. „ოცნებაშიც“ იციან, დაახლოებით, ივანიშვილის გეგმების შესახებ და ახლა ერთმანეთზე გადაბრალება, ერთმანეთზე კომპრომატების გამოტანა დაიწყება, რათა დაუმტკიცონ ბიძინას, რომ აი, ის, მეორე – მასზე უფრო ცუდია. გარდა ამისა, ივანიშვილი ვადამდელი არჩევნების წინ გამოუშვებს ციხიდან სააკაშვილსაც, რათა ორპოლუსიანობის ხარისხი გაზარდოს. და მესამე კოზირი, რაც აქვს შემონახული – საპატრიარქოა, აქაც გეგმავს გადაადგილებებს, თუმცა, ამ ეტაპზე არ მინდა თქმა, რა ტიპის ცვლილებებს გეგმავს იგი საპატრიარქოში, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ცვლილებები ხალხის აღელვებას გამოიწვევს და მისი გეგმაც სწორედ ესაა.

ამ წუთას ივანიშვილი ამერიკას სწორედ რუსეთით აშანტაჟებს, მაგრამ, ცოტა დაგვიანებით დაიწყო ამერიკასთან „ომი“. რაც მეტი დრო გადის, მით ნაკლებია იმის შანსი, რომ რუსეთმა საქართველოში თავისი ჯარი შემოიყვანოს, რადგან, ამ შემთხვევაში, ის უნდა მიადგეს ნატოს, თურქეთის სახით და თურქეთი არ არის პოლონეთი, რომ ღიად ითამაშოს და თამაშის წესები დაიცვას, ამიტომ, რუსეთს შეიძლება საქართველოში ჯარის შემოყვანა, მართლაც მეორე ფრინტად ექცეს, რისი თავიც ახლა ნამდვილად არ აქვს და თუ მაინცდამაინც მეორე ფრონტი უნდა და ნატოსთან ომი, ბევრად მარტივი გზა აქვს სამაგისოდ. ამიტომ ახლა რუსეთი ბლეფს თამაშობს ივანიშვილის და მისი პარტიის პირით – გაუვა, ხომ კარგია… ეს ყველაზე კარგად ამერიკამ იცის, რუსეთზე კარგადაც კი. ამიტომ, ეს შანტაჟი ახლა არ გაჭრის. ერთადერთი ახლა ვისაც წაადგება რუსის ჯარის შემოყვანა, „ბორინკა, დარაგოი“-ა, რადგან ეს ერთადერთი გზაა 2030 წლამდე გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა.

სხვათა შორის, ივანიშვილს კი ეძახიან ხოლმე, რუსეთში გაიქეციო, მაგრამ თუ რუსული ინტერესები ვერ გაატარა საქართველოში და გასაქცევად შეექმნა საქმე, რუსეთში მიიღებენ, კი, მაგრამ რუსეთში მისი ფული ვერ იქნება უსაფრთხოდ, მას გარანტიების მოპოვება სწორედ ფულით მოუწევს და თუ ფულის გატანა ვერ მოახერხა ქვეყნიდან – „ბორინკა, დარაგოი“ კი არა, „ბორინკა ბომჟი“ იქნება და რუსეთში იმდენი ბომჟი ბორინკაა, ერთით ნაკლები, თუ მეტი – არავის ადარდებს.“

წყარო: “ალია”

Cesko