„მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, 2-3 კვირაში ფულის აგროვება გვიწევს… იცით, აქ ემიგრანტებისთვის როგორი­ რეჟიმია?” – რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი?

0
751
20 Views

საქართველოს ასობით მოქალაქე თითქმის ყოველდღიურად კვეთს მექსიკა-ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარს და ლტოლვილად ბარდება.­ უმრავლესობა ახალგაზრდაა, ზოგჯერ ოჯახებით, ჩვილი ბავშვებით,­ ზოგჯერ მარტოც მიდიან, მაგრამ დათქმებით – მოეწყობიან და ცოლ-შვილსაც წაიყვანენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებულია 99 974 კაცი, რაც 34.6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი – 80 351 პირი, ქართველია. მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია. რეალურად რა ხდება ოკეანის გაღმა, ამაზე რატი საბახტარაშვილი საუბრობს:

„21 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, რაც ბოლო ორ-სამ წელიწადში, განსაკუთრებით კი წელს ხდება, ასეთი არ რამ მახსოვს. მე 17 წლის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი. იმ პერიოდში ქართველები ამერიკაში იშვიათად მოდიოდნენ, ზოგი ჩემსავით მწვანე ბარათს იგებდა, ზოგი სასწავლო, გაცვლითი პროგრამით ჩამოდიოდა, არალეგალურად უმთავრესად შუახნის ქალები მოდიოდნენ და ოჯახებში მოხუცების მომვლელებად იწყებდნენ მუშაობას.

ახლა ოციდან ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცები ჩამოდიან, თანაც სისტემატურად. დღე არ გავა, ახლობელმა არ დამირეკოს, რომ ახალი­ ჩამოსული ქართველი ჰყავს დასაბინავებელი. ზოგი სამუშაოს ეძებს, ზოგმა სამუშაოს შოვნაზე ხელი ჩაიქნია და პურის ფულს ან თავშესაფარს ითხოვს. ყველაზე ცუდი კი ის არის, მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს,­ გარდაცვლილი ქართველის საქართველოში გადასვენებისთვის.

აქ ძალიან ბევრი ჩემი ნათესავი და ნაცნობია. უმრავლესობას მე ვუმასპინძლე და ვუპატრონე. ყველა მათგანს აქვს ისეთი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები, რომ საქართველოს ძალიან გამოადგებოდა. ყველა, მათ შორის, მეც გარკვეული თანხის, ცოდნის დაგროვებასა და საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავდით, მაგრამ ბოლო წლებში ისეთი რაღაცები მოხდა, გეგმები შევცვალეთ…

ხშირად ნაცნობი ნაცნობს ეუბნება,­ შენ აქამდე ჩამოაღწიე და მერე რაღაცას მოგიხერხებო. ადამიანი ფულს სესხულობს­, ზოგჯერ ბინასაც ყიდის, რომ აქამდე ჩამო­აღწიოს. ჩამოდის და იმ ნაცნობს ვეღარ უკავშირდება. ამერიკა ნამდვილად არის შესაძლებლობებისა და ოცნებების ასრულების ქვეყანა, მაგრამ თუ ფეხი გადაგიბრუნდა, მორჩა, ჩაგყლაპავს. მე ამდენი წელია აქა ვარ და თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ, დღედაღამ ვშრომობ. აქ არ გამოვა ქეიფი და ნაბახუსევზე სახლში კოტრიალი. ყველა დღე, საათი გათვლილი გვაქვს. ხშირად ახალჩამოსულები, რომლებსაც აქ არავინ ხვდება, ქუჩაში რჩებიან, იქ კი ბევრი საცდურია – წამალი, სასმელი, მოსაწევი… ერთი თუ გაგექცა ხელი, მორჩა… ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ძალიან ბევრი ქართველი ნარკომანი მხვდებოდა, მერე თითქოს გაქრნენ, ზოგი გამოასახლეს, ზოგიც დაიხოცა, ახლა ისევ მომრავლდნენ.

იცით, აქ ემიგრანტებისთვის როგორი­ სამუშაო რეჟიმია? სამუშაოს სირთულეზე აღარაფერს ვამბობ, ხუთი წუთითაც ვერ მიატოვებ, კვირიდან კვირამდე შეიძლება უახლოესი ადამიანიც კი ვერ ნახო. ქართველის ბუნება ხომ იცით როგორია?! ტრაბახი უყვარს. დაურეკავენ ნათესავებს, მეგობრებს და ეუბნებიან, ძალიან­ მაგრად ვართო. მერე ის ნაცნობი, რომ სთხოვს, მეც მისაშველე რამეო, ისიც იმის იმედით, მაინც ვერ ჩამოვაო, დაპირ­ებას აძლევს.­ დაიმედებული კაცი ჯოჯოხეთს გადის გზაში, მით უფრო, თუ მექსიკიდან მოდის, ჩამოდის და ქუჩაში რჩება. ვის იმედზეც ჩამოვიდა, შეიძლება კიდეც უნდოდეს დახმარება, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოახერხოს, ვერ მოიცალოს. არის ისეთი შემთხვევებიც, რომ ახალჩამოსულს დახვდებიან და დააბინავებენ, მაგრამ სამსახურს ვეღარ შოულობენ.­ ბოლო დროს სამსახურის შოვნა ძალიან გართულდა, იმიტომ ძალიან ბევრი ხალხი მოაწყდა. ამერიკა სავსეა რუსებით, უკრაინელებით, ბელორუსებით… ჩემი ნაცნობის ნათესავმა საქართველოში ბინა გაყიდა და იმ ფულით წამოვიდა, ცოლ-შვილი კი ქირით გადაიყვანა. სხვებთან ერთად მეც ვეცადე, მაგრამ სამსახური ვერ ვუშოვეთ. საქმე კიდევ უფრო რთულია, როდესაც ენა არ იცი. სამი თვის განმავლობაში ხან ვინ აძლევდა საჭმლის ფულს, ხან ვინ, ღამის გასათევიც ჰქონდა, მაგრამ მისი ცოლ-შვილი საქართველოში ბინის ქირას ვეღარ იხდიდა. თითქმის ყველა ჩვენგანის ვალი დაედო. ინერვიულა და ინფარქტი დაემართა. არის შემთხვევა, რომ ბინაც გაქვს, სამსახურიც, მაგრამ ისე ისტრესები, ნევროზი გემართება” – განუცხადა “კვირის პალიტრას” რატი საბახტარაშვილმა.

“კვირის პალიტრა”

Cesko