რამდენიმე დღის წინ პოპულარული ქართული სტრიმინგ პლატფორმები გაითიშა და ქართველ მაყურებელს უფასო კონტენტის მოხმარება შეეზღუდა. ამიერიდან ქართულ ონლაინ სივრცეში ფილმის ყურება მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.
ამ ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საკითხს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც გამოეხმაურა.
“ფილმების უფასოდ (ნაქურდალ-მეკობრულის) ყურება ვისაც უყვარს იმათ გასაგონად დავწერ – ფილმების შექმნაში უამრავი ადამიანია ჩართული: რეჟისორები, პროდიუსერები, გამნათებლები, მძღოლები, მემონტაჟეები, მსახიობები და კიდევ უამრავი ადამიანი.
თითო ფილმზე უამრავი დრო და თანხა იხარჯება. ფილმების გადაღებაში ჩართულ ადამიანებსაც ჰყავთ ოჯახები და უნდათ კარგი ხელფასები. ამ ადამიანების ნაშრომს რომ მოიპარავენ და ნაქურდალ საიტებზე უშვებენ – მთელი ეს არმია ხალხის რჩება შემოსავლის გარეშე.
თქვენ ბიძია უფასოდ ნაქურდალის ყურება გინდათ და სულ არ გადარდებთ ფილმების წარმოებაში ჩართულ ხალხს შემოსავალი ექნება თუ არა ხომ? პირდაპირ თქვით, რომ ფეხებზე გკიდიათ ეს ხალხი. უფასო არაფერი არაა დედამიწაზე, არაფერი. ქურდობა ტეხავს. სხვისი შრომა დასაფასებელია. მარტივი ჭეშმარიტებებია ეს”, – წერს ალეკო ელისაშვილი ფეისბუქში.