,,კობახიძე ამით რუსეთს ეუბნება, მე თუ პრობლემები შემექმნა, მოდი ტანკებით!” – გია ხუხაშვილი

August 7, 10:36
0
858

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

–ბატონო გია, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და „ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა, ლამის მთელ ერს ქსენოფობობა დააბრალეს. ფაქტიურად, ნაცისტებს გაუტოლეს ქვეყნის მთელი მოსახლეობა. ამის საპასუხოდ, რუსეულ მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაციები, რომ საქრთველოში რუსებს ჩაგრავენ და დევნიან. რა იყო ეს, ჩვენი ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედება, რომ რუსეთს კოზირები მისცენ ქვეყნის წინააღმდეგ?

– ეს არის უდიდესი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ირაკლი კობახიძე და მისი ძმები აკეთებენ. რაც მათ ილაპარაკეს, ეს არის პირდაპირ სერგო ორჯონიკიძის ტექსტი. კრემლსაც კი არ უკადრია ასეთი რამ. შესაძლოა, კრემლს არ ეყო ფანტაზია, რომ ქსენოფობიად მოეხსენიებინა ის ფაქტი, რუსი მიგრანტების, ამ არანორმალური პროცესის მიმართ რა კითხვებსაც სვამს ქართული საზოგადოება.

კობახიძის ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო, წარმოუდგენელი გამონათქვამები რუსეთს უქმნის საბაბს, საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირი აგრესია განახორციელოს საქართველოში. იდეებს აწვდის რუსეთს, რა მიზეზით შეიძლება საქართველოში ტანკებით შემოვიდეს. თუმცა, კობახიძე და მისნაირები რომ ჰყავს რუსეთს საქართველოს ხელისუფლებაში, ტანკები რაში სჭირდება. კობახიძე ამით რუსეთს ეუბნება, მე თუ პრობლემები შემექმნა, ჩემს ხელისუფლებას თუ პრობლემები შეექმნება, მოდი ტანკებით, რადგან ჩემი და ჩემი ხელისუფლების გარდა, ყველა ქსენოფობები არიან და მე შენ გჭირდებიო. ფაქტიურად, ამას ეუბნება რუსეთს. ეს არის გზავნილი რუსეთის ხელისუფლებისადმი, მისი მსახურებაა. ეს არის კლასიკური კოლაბორაციონიზმი. ორჯონიკიძეც კი არ შეამკობდა საკუთარ ხალხს ამგვარი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით.

ხალხი მთლიანობაში უკმაყოფილოა რუსების საქართველოში თავხედობით, ერთი და ორი ადამიანი არ გამოხატავს ამის გამო პროტესტს. რუსების თავხედობაც არ არის აქ მთავარი. ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება პრობლემები ამ უკონტროლო მიგრაციით. როდესაც მიგრაციას ვამბობ, მე არ ვგულისხმობ ტურისტებს. ტურისტებზე, რომლებიც ერთი და ორი კვირით ჩამოდიან საქართველოში და უკან მიდიან, არ მაქვს ლაპარაკი. აქ რომ ფუძნდებიან, იმათზე ვამბობ. თან კაცმა არ იცის, აქ რეალურად რას აკეთებდნენ.

შემოსულთა ნაწილი, ისევ რუსეთზე აგრძელებს მუშაობას და საქართველოში ჩამოსულია იმ მიზნით, რომ სანქციების გვერდის ავლით სხვა და სხვა სქემები დაალაგოს, ფინანსური ნაკადები მართოს, ქართული ბანკები გამოიყენოს ტრანზიტულ ბანკებად.

მეორე ნაწილი, შესაძლოა, რუსეთში არსებულ ვითარებას გამოექცა, ჯარში არ უნდა ზოგს წასვლა ან სხვა მიზეზი ჰქონდა გამოსაქცევად. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მათაც „ავერბოვკებენ“ „ეფესბეს“ აგენტები და აშინებენ, თუ ჩვენზე არ იმუშავებთ, რომ დაბრუნდებით რუსეთში, პრობლემები შეგექმნებათო. ასე, რომ ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი,რა შუაშია აქ ქსენოფობია?

მიდის გლობალური ომი და ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ დასავლეთში. დასავლეთსა და რუსეთს შორის მიდის ძალიან მძიმე ეკონომიკური ომი. ამ დროს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ რუსეთს ვეხმარებით სანქციების გვერდის ავლაში. ამის პლაცდარმად გავხადეთ საქართველო. თურმე, ამით ქართული ეკონომიკა აყვავდება და ამით ვამაყობთ. მაშინ რა გამოდის, ჩვენ რუსეთის მხარეს ვიბრძვით?

ეკონომიკაში მიდის ძირითადი ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის და თუ ჩვენი ინტეგრაცია ხდება რუსეთის ეკონომიკაში, გამოდის, რუსეთის მხარეს ვართ ამ ომში. მეტიც, უკვე მხარე კი არ ვართ, ინტეგრირებულნი ვართ ამ ეკონომიკურ სისტემაში, უკვე ვიბრძვით რუსეთის ინტერესებისთვის დასავლეთის წინააღმდეგ.

Cesko