ბაგებში, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან კაჭარვას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს. კერძოდ, როგორც AMBEBI.GE საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები მკვლელობის შემდეგ სომხეთში გადასვლისას, სავარაუდოდ, სწორედ ლევან კაჭარავამ („ტილიკა“)დააფინანსა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლევან კაჭარა რამდენიმე დღეა, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა (მამის ორმოცზე) და ბოლო დროს დაცვის გარეშე არ გადაადგილდებოდა.
“როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, – აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას წყარო.
ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე გუშინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.
რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას საქმეს, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ძმებ კაკულიებს კი არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმები კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს.