17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაცია გამოქვეყნდა და როგორც იქნა „მოვისვენეთ“, არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, არ მოგვიწევს რუსეთისთვის ომის გამოცხადება… ხომ ასე ამბობდნენ, ომში უნდათ ჩვენი ჩართვაო? მისცეს მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი და ესროლა პირველი ბომბი უკვე კრემლს, თუ არა ჯერ?
გამოქვეყნდა ევროკომისიის რეკომენდაცია 17 ივნისს და ამოისუნთქა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილმა, რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე კლავიატურა არ დაუსვენებიათ, სულ უკრაინასა და დასავლეთს ლანძღავდნენ – ახლა აზიარებენ ნახევრადჩაცმულ ფოტოებს აუზებიდან, აქვეყნებენ პეპლების, ვარდების, ცხენების ფოტოებს… რა კარგი რამეა ცხოვრება ამ კანდიდატის სტატუსის გარეშე, თურმე…
მართალია, 23–24 მაისს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ როგორც „ოცნება“ ამბობს, დიდი ალბათობით, ევროკომისიის რეკომენდაცია არ შეიცვლება და საქართველოს, უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, მისცემენ არა კანდიდატის სტატუსს, არამედ, ევროპული პერსპექტივის სტატუსს… თუმცა, ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას – მან ევროკომისიის რეკომენდაციაზე და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის სტატუსზე საუბრისას, თქვა:
„თუ ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსზე გადასვლის პერსპექტივა კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული. ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია… წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია.“
პირველ რიგში, მკითხველი იკითხავს, რას ნიშნავს ევროპული პერსპექტივის სტატუსი? – არავინ იცის, არავინ განმარტავს – საქმე ისაა, რომ ბოლო 30 წელია, ჩვენ ისედაც გვეგონა, რომ ევროპული პერსპექტივა გვქონდა. როცა კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანისკენ მოგვიწოდეს საქართველოს და მოლდოვას, მაშინაც ასე თქვეს, რომ ჩვენ გვჭირდებოდა, ევროპული პერსპექტივა და მაშინ ისე ჩანდა, რომ ევროპული პერსპექტივა ეს კანდიდატის სტატუსი გახლდათ, თუმცა…
სხვები იკითხავენ, რას ნიშნავს ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია? – ალბათ, როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციაზე თქვა, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”…
მოკლედ, ასეა, თუ ისე, ჩვენ კანდიდატის სტატუსი ვერა და გვაქვს კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არავინ მიაქცია ყურადღება ჰარცელის სიტყვებს – „თუ ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდაო…“ – ეგეც სახვეწარი გვქონია და ეგეც კი წკიპზეა, ეგეც კი განსახილველია, იქამდე მივიყვანეთ ქვეყანა…
სხვათა შორის, 2019 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ავსტრიულ გამოცემასთან განაცხადა: „ჩვენ ევროპული პერსპექტივა გვჭირდება“ და კი მოგვცეს ევროპული პერსპექტივა.