ხათუნა ნოელი ზაფხულის მზებუდობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად, ამას ასტროლოგი დეტალურად განმარტავს.
„ადამიანმა თვეები თავის ჭკუაზე დაჰყო ე.წ. სეზონებად ანუ წელიწადის დროებად. თუმცა ბუნებას საკუთარი კანონები აქვს, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, შემოდგომა 1-ელ სექტემბერს კი არ იწყება, არამედ 23 სექტემბერს, შემოდგომის ბუნიაობაზე; ზამთრის დასაწყისი წელიწადის ყველაზე მოკლე დღეს, 21 დეკემბერს, ანუ მზებუდობას ემთხვევა, გაზაფხულის კი – 21 მარტს, როდესაც დღეც და ღამეც თანაბარი ხანგრძლივობისაა…
ჰოდა, სადაცაა ნამდვილი ზაფხულიც მოვა. 21 ივნისს წელიწადში ყველაზე გრძელი დღე რომ დადგება, აი, მაშინ. უფრო ზუსტად კი თბილისის დროით 05:03-ზე.
ამ მომენტისათვის კარგი იქნება თუკი არ გეძინებათ, გეღვიძებათ და სურვილს ჩაიფიქრებთ.
უკეთესი იქნება, თუკი გუნებაში კონკრეტულ გეგმასაც დასახავთ ამ სურვილის შესასრულებლად. რა ნაბიჯები გექნებათ გადასადგმელი, ანუ სამოქმედო პროგრამა რომ გაწეროთ ტვინში. 23 სექტემბერს, შემოდგომის მზებუდობაზე, თუ ოცნება უკვე ახდენილი არ გექნებათ, შეგეძლებათ გადახედოთ, გააანალიზოთ, რას აკეთებდით არასწორად და საჭირო კორექტივები შეიტანოთ თქვენს გეგმებში.
ძალიან კარგია სწორედ ამ დღეს, დილით ადრე ცვრიან ბალახში სიარული. ასევე წყლის პროცედურები.. ითვლება, რომ ამ დღეს წყალს ( მით უმეტეს, ბუნებრივს) ჯადოსნური ძალა გააჩნია, ენერგიას და ჯანს მატებს ადამიანს. ვინც სამკურნალო მცენარეებში ერკვევა, ისინი სწორედ ბუნიაობაზე აგროვებენ ხოლმე საჭირო ბალახებს და ძირხვენეულობას. ამ დღეს რეკომენდებულია ფერადი, მხიარული სამოსის ჩაცმა. აგრეთვე სჯობს ვიმარხულოთ და ცილოვანი საკვების მიღებისაგან თავი შევიკავოთ.
ზაფხულის მზებუდობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ხალხებში სხვადასხვა წეს-ჩვეულებები არსებობდა-
ერთ-ერთი ტრადიციით, ღამის სეირნობიდან დაბრუნებულ ქალიშვილებს შვიდი სახეობის ყვავილი უნდა მოეკრიფათ და ბალიშის ქვეშ ამოედოთ, რათა საბედო დასიზმრებოდათ.
თუმცა ვინაიდან ეს მაინც მზისათვის მიძღვნილი დღე-სასწაულია, ტრადიციულად, ამ დღეს ძველი ხალხები უსათუოდ ანთებდნენ კოცონს, რომელსაც გარს უვლიდნენ რიტუალური სიმღერების შესრულებით, შემდეგ კი კოცონს თავზე ახტებოდნენ. ესეთი იყო განწმენდის ცერემონია, რომლის მეშვეობით „ცუდი“ ენერგია იწვებოდა… დღეს შესაძლოა ცეცხლის დანთების გამო ჯარიმა აიკიდოთ, ამიტომ უბრალოდ მოგიზგიზე კოცონი ჩაანაცვლეთ მოციმციმე სანთლით, გულწრფელი ლოცვით ან მედიტაციით. შეგიძლიათ დამუხტოთ მზის ან ცეცხლის ენერგიით თქვენი მინერალები და ამულეტებიც.
პ.ს. სხვათაშორის, საინტერესოა ალბათ ისიც, რომ 21 ივნისი იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღედ არის მიჩნეული, 23 სექტემბერი კი – ღვთისმშობლის.“ – წერს ასტროლოგი.