“რადგან ჩემ უკანასკნელ პოსტს ამხელა აურზაური და წინააღმდეგობრივი შეფასებები მოჰყვა, გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა…”- დავით ჩუტლაშვილი

June 4, 10:23
0
496

ბლოგერი დავით ჩუტლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

რადგან ჩემ უკანასკნელ პოსტს ამხელა აურზაური და წინააღმდეგობრივი შეფასებები მოჰყვა, გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა: დავჯექი თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის შენობის წინ და დავიწყე აღნუსხვა, თუ რამდენი შეყვარებული წყვილი გაივლიდა ქუჩაში და აი შედეგებიც: 1 საათის მანძილზე ჩემ წინ გაიარა 1567-მა ადამიანმა. აქედან მხოლოდ 28 იყო შეყვარებული წყვილი. წყვილებიდან ღიად სინაზე ერთმანეთის მიმართ გამოხატა მხოლოდ ექვსმა ადამიანმა (ხელიხელჩაკიდებულები მიდიოდნენ) და ექვსივე იყო აშკარად უცხოელი. იმ 28 ქალ-ვაჟიდანაც, რომელსაც აშკარად წყვილი ეთქმოდა, ქართველი მხოლოდ 4 იყო! ექსპერიმენტული ერთი საათის მანძილზე ხელიხელჩაკიდებული ყაზახებიც დავინახე, ერთი ყაზახის და რუსის წყვილიც, სომხებიც, მაგრამ ქართველები არ დამინახავს.

ქართველი კაცი ქუჩაში დადის ან სრულიად მარტო ან სხვა კაცებთან ერთად. ანალოგიურად იქცევიან ქართველი ქალებიც. ეს ფაქტია! ნებისმიერი ასაკის ქალები და კაცები საქართველოში დადიან ან სრულიად მარტო, ან კიდევ იდენტური სქესის მქონე ადამიანებთან ერთად; ქალები ქალებთან ერთად დადიან და კაცები კაცებთან ერთად; გოგოები გოგოებთან ერთად დადიან და ბიჭები ბიჭებთან ერთად.

იმ 4 ქართველი წყვილიდანაც, რომელიც მე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან აღვნუსხე, 2 ჩხუბობდა! ერთი წყვილი ყოველი ხის ქვეშ ჯდებოდა და ერთმანეთს ტვინს უბურღავდა. ძალიან დაძაბული საუბარი ჰქონდათ რაღაცაზე. ერთმანეთზე არ უძალადიათ, მაგრამ ბედნიერების და სიამტკბილობის მათ არაფერი ეტყობოდათ.

ჰოდა, თუ ქართველები მართლა ასეთი თავისუფალი ხალხი ვართ და ასე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ეს სადმე ხომ უნდა გამოჩნდეს?! რაღაც ფორმით და სადღაც ხომ უნდა დაფიქსირდეს, რომ მარტოობა ჩვენი ცხოვრების წესი მართლა არ არის და რომ მე ვცდები, რაღაცას ვიგონებ და ყველაფერი მეჩვენება?

P. S. ამ სტატისტიკაში არ შედის, მაგრამ ექსპერიმენტისთვის გამოყოფილი ერთი საათის შემდეგ ხელიხელჩაკიდებულმა ქართველმა წყვილმა მართლა ჩაიარა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ბიჭს გრძელი თმა ჰქონდა, წარბზე პირსინგი ეკეთა და ყურზე საყურე, ხოლო გოგოს სხეული მთლიანად ტატუებით ჰქონდა დაფარული.

Cesko