ჯემალ ჭკუასელი – საქართველოს სახალხო არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმი, ვარსკვლავოსანი, ღვაწლმოსილი ლოტბარი, ხელოვანთა ოქროს ფონდის კულტურის რაინდი, თბილისის საპატიო მოქალაქე, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, დიდუბის საპატიო მოქალაქე, ოზურგეთის საპატიო მოქალაქე, შემოქმედის საპატიო მოქალაქე, „ეამაყება თბილისს“… ანზორ ერქომაიშვილს, თემურ ქევხიშვილს ზეციურ საქართველოში ახლა ისიც შეუერთდა. მისი სახელი მსოფლიოში სახელგანთქმულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ერისიონს“ უკავშირდება.
ყველა წარმატებული გზა, დიდიც და პატარაც, ხომ, ბავშვობით იწყება. ამ ბავშვობაზე კი, განსაკუთრებით დაბადებაზე, თავად საკმაოდ თბილად და ლამაზად ჰყვება: „1935 წლის 18 მაისს სოფელ წითელმთაში (შემოქმედის თემი) ღამის სიმყუდროვე თოფის გრიალმა დაარღვია. „ბიჭია, ბიჭია!“ – დაედევნა გასროლის ექოს მამაკაცის ხავერდოვანი, ძლიერი ხმა. ამ ალიაქოთის მიზეზი კი გახლდით მე, „მამის იმედი, დედის ბედნიერება“, თქვენი მონა-მორჩილი, რომელზეც ცოტა მოგვიანებით მამამ, შერმადინ ჭკუასელმა, გაიხუმრა – ნამეტანი აბდლურად გავისროლე თოფი ჰაერში. სიმართლე თუ გინდა, მაი თოფი აგერ ა, საფეთქელში უნდა მესროლაო.“ .
…ჯემალ ჭკუასელის ბავშვობის წლებმა მშობლიური სოფლის წარუშლელ სილამაზეში, ქართული სიმღერის უსაზღვრო სიყვარულში, მშობლებისა და კუთხე-მეზობლების სიყვარულში ჩაიარა.
იმ დროს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გამორჩეულად კარგი ანსამბლი არსებობდა, რომელსაც ლოტბარი გოგი გუგუშვილი ხელმძღვანელობდა. ანსამბლის სიყვარულით მოხიბლულმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და ჯემალი 1962 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტად ჩაირიცხა. მერე ინსტიტუტში ჩამოყალიბებულმა მოყვარულ მსახიობთა დასმა გაიტაცა. პირველად „მაია წყნეთელში“ ითამაშა. მერე მისმა „ბეჟანამ“ ნამდვილი სენსაცია გამოიწვია თეატრალურ საზოგადოებაში. ურჩევდნენ კიდეც, ამ გზას გაჰყოლოდა, მაგრამ გენი მაინც გენია… ისევ საყვარელ ანსამბლს მიაშურა…
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა. 1999 წელს კი, ბატონ ლევან ღვინჯილიას რჩევით, ანსამბლს ეწოდა „ერისიონი“, რომელიც სულხან-საბას განმარტებით, „ცისიერს, მთის თავს ზეითს“ ნიშნავს. 2010 წელს „ერისიონს“ თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ დამსახურებული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაუხსნეს. თავად ჯემალ ჭკუასელი კი ამბობდა: „გალაღებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც გათენება მიხარია, ვინაიდან ყოველდღე დიდებული სანახაობით ვტკბები“.
საქართველოს სახალხო არტისტი არაერთი ჯილდოსა და სტატუსის მფლობელი გახდა.
„თქვენ არაფერს აკეთებთ „აქანა?“
„…გურიაში, სოფელ შემოქმედის სკოლაში ვსაწავლობდი. მეშვიდე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. აი, მერვეში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. ამის მიზეზი ერთი ლამაზი გოგონა გახლდათ, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა და საკლასო ჟურნალში ჩემი ორიანების მომრავლებაც მაშინ დაიწყო. პირველი მეოთხედის ბოლოს უკვე ყველა საგანში ორიანი მყავდა, ერთადერთი ფრიადი სიმღერაში მეწერა.
მამაჩემი ძალიან მკაცრი იყო. სკოლაში ეს იცოდნენ და ბევრი ყოყმანის შემდეგ მისი მიწვევა გადაწყვიტეს. სამასწავლებლოში მეც მიმიყვანეს. სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჭანუყვაძემ მამას საკლასო ჟურნალი მორიდებით გადაუშალა, თან, შუაში ჩადგა, ბავშვი არ შემოაკვდესო. სიმართლე რომ გითხრათ, ამის მეც შემეშინდა. მამამ ყურადღებით გადაათვალიერა ჩემი „წარმატების“ ამსახველი ორიანების გრაფა და იკითხა. „ბოლოში ხუთიანი რაში უწერია? – სიმღერაში – უპასუხეს ხალისიანად. – აი, სიმღერა მე ვასწავლე და თქვენ არაფერს აკეთებთ, აქანა?..“
„გაიწი იქით…“
„ერთხელ, გასტროლები გვაქვს ანსამბლს. საერთოდ, მკაცრი ვარ და მოცეკვავეებს წესრიგს ვთხოვ, თან, იციან, დაგვიანებას ვერ ვიტან, მით უმეტეს – სცენაზე ცეკვის დროს. კონცერტის მსვლელობისას მე კულისებში, ყოველთვის პარტერიდან მარჯვენა მხარეს ვდგავარ. იმ დღეს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, მეორე მხარეს დავდექი. დაიწყო ფარიკაობა. ვხედავ, ერთი გოგო აკლია სცენაზე. მომაწვა სისხლი კისერში, ვიფიქრე, სად არის ეს მამაძაღლი-მეთქი. ამ დროს ვიღაცამ დამარტყა ხელი მხარზე და უხეშად მითხრა: რას დამდგარხარ აქ, ვერ ხედავ, ხელს მიშლი, ვერ გავდივარ სცენაზე, გაიწი იქითო. მივხვდი, ის დაგვიანებული მოცეკვავე იყო. არ გავიწიე. უცებ არ მომაძახა გადი, შე კრეტინო, მომკლავს ჯემალიო?! აი, მაშინ კი შემოვბრუნდი და რომ მიცნო, კინაღამ მოკვდა. სცენაზე კი გავიდა, მაგრამ მკვდრის ფერი ედო, ძლივს იცეკვა“.
„ფრთხილად! სომხები გვიტევენ“
„ილიას „ქვათა ღაღადზე“ უკეთესად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წლების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეაქციულ სომეხთა ნაწილი „ჩაკრულოსა“ და ასლან ერისთავის მიერ შესრულებულ „მრავალჟამიერს“ (მეორენაირად – ასლანურს) გვეცილებოდა. რატომ ამოირჩიეს სომხებმა მაინცდამაინც „ჩაკრულო“ და „მრავალჟამიერი“?
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ამას იმით ხსნის, რომ ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ კოსმოსში წავიდა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო „ერისიონის“ ეს ცნობილი ჩანაწერი, ხოლო „მრავალჟამიერი“ ყველასთვის მისაღები და საყვარელი სიმღერაა. „ქართულ და სომხურ ხალხურ მელოდიებს შორის არანაირი მსგავსება არ არსებობს. ქართულ სიმღერებში ისეთი სულია, რა გვაქვს ვინმესთან საერთო?“, – კითხულობს ჭკუასელი. ჯემალ ჭკუასელი სხვა შემთხვევასაც იხსენებს: „შეიძლება არ იცოდეთ, რომ მსგავსი პრეცედენტი ადრეც მოხდა. 1989 წელს სან-ფრანცისკოში შეწუხებულმა ქართველებმა ფირფიტა მომიტანეს, ისინი აღშფოთებას ვერ მალავდნენ, დაგვღუპეს სომხებმაო. ფირფიტაში 15-20 სიმღერა იყო შეტანილი, მათ შორის, „ჩაკრულო“, ხოლო სომხებს ფირფიტაზე წაეწერათ: „სომხური სიმღერები“. შევუტიე ქართველებს, მერე თქვენ, ქართული დიასპორა აქ რას აკეთებთ-მეთქი? ვიფიქრე, ეტყობა, ქართული დიასპორა ისე ძლიერი ვერაა, როგორც სომხების, ამიტომ ფირფიტა საქართველოში ჩამოვიტანე. ცეკაში ერთ-ერთ დიდკაცს მივუტანე, ცოცხალი აღარაა და არ მინდა, მისი გვარი დავასახელო. ვუთხარი, ვიღუპებით, ნახეთ, რა არის-მეთქი. გადაირია, ეს რა ვნახე, ნახე, მაგათ რას ვუზამო. სადაც საჭირო იყო, დარეკვასაც შემპირდა, მაგრამ თავი არ შეუწუხებია. შევეხმიანე, რატომღაც არ ისურვა ჩემთან დალაპარაკება. მაინც არ მოვეშვი, შედეგად ის მივიღე, რომ ფირფიტა დამიკარგეს იმ მოტივით, სომხებს არ ვაწყენინოთო. უკვე ეჭვიც შემეპარა იმ კაცის ქართველობაში. დღეს გამოჩნდნენ არაქართველები, რომლებიც იჩემებენ ქართველობას. სახის ფერით, თვალებით, ბუნებით, ხასიათით ქართველი არაა და იჩემებს, ქართველი ვარო. ასეთები საკუთარ ქვეყანასაც აბაზად გაყიდიან.“
ნოე ჟორდანიაც კი მღეროდა ამ ანსამბლში
„…ანსამბლის იდეის ავტორი იყო, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ლადო აღნიაშვილი – პედაგოგი. დიდი ილიას თქმით, ლადო მასწავლებლობით ნაშოვნ ფულს, მხოლოდ ანსამბლის ჩამოყალიბებისთვის ხარჯავდა. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. მას სმენა და მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა ქართული სიმღერის ფასი. დიდი რუდუნებითა და თავდადებით 1885 წელს ჩამოაყალიბა ანსამბლი. სამწუხაროდ, საზოგადოება არც მაშინ აფასებდა ქართულ სიმღერას სათანადოდ. ამიტომ, ვერ ნახა ქართველი ადამიანი, რომელიც ანსამბლს ლოტბარობას გაუწევდა და სიმღერას ასწავლიდა. იმ ხანად ჩამოსული იყო ჩეხი კომპოზიტორი ნავრატილოვი, რომელსაც ქართული ხალხური სიმღერა ძალიან უყვარდა, სწორედ მას შესთავაზა აღნიაშვილმა ანსამბლისთვის ლოტბარობა გაეწია. ნავრატილოვმა (რატილი) იმდენად შეიყვარა საქართველო, რომ აქედან აღარც წასულა… მან ძალიან დიდი პატივი დასდო ქართულ სიმღერასა და კულტურას თავისი შრომით. 1886 წელს გამართეს პირველი კონცერტი დღევანდელ გრიბოედოვის თეატრში. აწ უკვე, ილია მართალმა ძალიან დიდი შეფასება მისცა, სამი წერილი მიუძღვნა თავის გაზეთ „ივერიაში“, სადაც დიდ მადლობას უხდიდა ბატონ რატილის „რომელმაც გაწურთნა იგი ხორო“ – ასე წერდა ზუსტად. 1889 წელს შეუერთდნენ მოცეკვავეები, ესეც რატილის იდეა იყო. გახდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. ანსამბლის წევრები იყვნენ: ზაქარია და ივანე ფალიაშვილები, გია კარგარეთელი, სანდრო კავსაძე, ჩემდა საამაყოდ ანსამბლის წევრებს შორის იყო ჩემი წინაპარი გრიგოლ ჭკუასელიც. ერთი სიტყვით, ყველა, ვინც კი შემდგომ ქართულ სიმღერასა და ქორეოგრაფიას დიდი სამსახური გაუწია. ნოე ჟორდანიაც კი მღეროდა აქ 1886-1888 წლებში. რატილმა რეპერტუარში შემოიტანა უცხოური სიმღერები, რაც აღნიაშვილსა და რატილს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. ამის შემდეგ ისინი ცალ-ცალკე მოღვაწეობდნენ. ამ თემაზე ილია ასეთ ფრაზას წერდა: „აქაც გათიშვა“.
უამრავი კრიზისული წელი გამოიარა ანსამბლმა, საბედნიეროდ, არსებობა არ შეუწყვეტია. ამ გუნდის უპირველესი დამსახურებაა ის, რომ შეიქმნა ანალოგიური ანსამბლები ქვეყნის რეგიონებში. ქართული ფოლკლორი ცხოვრობს რეგიონებით და მრავალფეროვნებით. ის დაფუძნებულია ოჯახურ ტრადიციებზე, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე. ასევე, მათი საშუალებით პირველად ნახა და მოისმინა უცხოელმა მაყურებელმა ქართული სიმღერა და ცეკვა. ეს იყო 1889 წელს…“
წყარო:https://tbiliselebi.ge/