“დარწმუნებული ვარ, ბრილიანტებს აღმოვაჩენთ” – რა ხდება წალენჯიხაში?

May 20, 17:27
0
337

მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში უფასო IT სკოლა იხსნება. როგორც „ლელოს“ ლიდერმა „რედაქტ2“-თან ინტერვიუში განაცხადა, სკოლა 23 მაისს გაიხსნება და უფასო IT სკოლაში სწავლის მიზნით, რეგისტრაცია უკვე 200-მეტმა ახალგაზრდამ გაიარა.

„დარეგისტრირდნენ არა მარტო წალენჯიხელი ახალგაზრდები, არამედ ახალგაზრდები სენაკიდან, ჩხოროწყუდან და სხვა მომიჯნავე ქალაქებიდან თუ რაიონებიდან.

ეს იქნება ჩემ მიერ დაფინანსებული უფასო IT სკოლა, სადაც რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდებისგან შევქმნით სერტიფიცირებულ დეველოპერებს, რომელთა დიდი დეფიციტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მსოფლიოში. იდეაც ეს არის. პანდემიამ მთლიანად შეცვალა ყველაფერი – არაა საჭირო ოფისში სიარული. მითუმეტეს IT ინდუსტრია ონლაინ მუშაობს. ამდენად, რამდენიმე თვეში ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ექნებათ შანსი, მოიძიონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. დარწმუნებული ვარ, ამ 200 ახალგაზრდაში ბრილიანტებს აღმოვაჩენთ.

ვფიქრობ, ყველაზე დიდი საქმე, რასაც გავაკეთებ, ესაა ხელი შევუწყო ამ ახალგაზრდებს წარმატების ფორმულის მოძიებაში, სწავლის დაფინანსებასა და მხარადჭერაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ლიდერის თქმითვე, მუშაობს ამერიკულ აკადემიასთან, რათა წალენჯიხაში გაიხსნას საზაფხულო სკოლა, სადაც ინგლისურის და სხვა უცხო ენების ინტენსიური სწავლება მოხდება.

Cesko