„დედას მეტი შვილი არ ჰყავს, განადგურებულები არიან მშობლები, ბღავიან…“ – ყველა დეტალი ესპანეთში ხანძარს შეწირული ქართველი ძმების შესახებ

0
743
53 Views

სამტრედიელი ძმების, გიორგი და საბა მატარაძეების ბარსელონაში ტრაგიკულად დაღუპვის ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. ბიჭები ესპანეთში 2 თვის წინ ჩავიდნენ და იქ ბიზნესის დაწყებას გეგმავდნენ, მაგრამ საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

როგორც მათი ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ბიჭებს საოცარი ძმობა ჰქონდათ. ისინი ესპანეთში დიდი გეგმებით წავიდნენ. ბარსელონაში მოტოსერვისის გახსნას აპირებდნენ. როგორც ამბობენ, ბიზნესის დასაწყებად ძმებს საქართველოდან თანხაც ჰქონდათ წაღებული. თუმცა ადგილზე ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ ტურისტული ვიზით შესულებს, ლეგალური სტატუსი არ გააჩნდათ და ამიტომ ბიზნესის რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. ძმებმა ამ პრობლემის მოგვარების გზებიც მოძებნეს, ფართობიც იქირავეს და ბიზნესიც უნდა დაეწყოთ, მაგრამ მათ ნაქირავებ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა უდანაშაულო ბიჭების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ძმები ბარსელონაში, სანტა კოლომაში ცხოვრობდნენ. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ტრაგედია 4 მაისს, გამთენიას, სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დატრიალდა. მაშველებმა პირველი და მეორე სართულის სადარბაზოში ხანძრის ორი კერა აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, ხანძარს კორპუსში მცხოვრები 3 ადამიანი, მათ შორის, ძმები მატარაძეები ემსხვერპლნენ, მეოთხე დაშავებული კი მძიმე მდგომარეობაშია. სავარაუდოდ, ბიჭები კვამლისგან გაიგუდნენ. როგორც ესპანური პრესა იუწყება, ეს კორპუსი, კონფლიქტური სამეზობლოთი გამოირჩეოდა, მეზობლებს შორის, თურმე, ხშირად იყო ჩხუბი და დაპირისპირება. ამბობენ, სახლის პირველ სართულზე მცხოვრებ კრიმინალური სტატუსის მქონე მამაკაცს არა ერთი მომჩივანი ჰყავდა. ეს მამაკაცი ოჯახთან ერთად ბინაში უნებართვოდ იყო შეჭრილი, რომელსაც, საბოლოოდ, სასამართლოს გზით დაატოვებინეს საცხოვრებელი სახლი.

სავარაუდოდ, განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით, შუაღამისას, როცა შენობაში მყოფებს ეძინათ, ხანძარი გააჩინა. კვამლის შედეგად გარდაცვლილები არიან ძმები მატარაძეები და მეორე სართულზე მცხოვრები ესპანელი ქალი, რომელიც, ასევე, გაიგუდა. დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„რამდენიმე წელია, რაც თბილისში მოტოსალონი გახსნეს და იქ შრომობდნენ, მაგრამ, როგორც ვიცი, მანდ მათ ბიზნესსაქმიანობას გასაქანი არ მიეცა. ზოგი ფულს არ აძლევდა, ხან ვიღაც ჩაერია და ამის გამო, სულ უწევდათ ნერვიულობა, ამიტომ გადაწყვიტეს, უცხო ქვეყანაში წასულიყვნენ და იქ აეწყოთ ბიზნესი, იქ განევითარებინათ თავიანთი საქმიანობა. აქედან რაღაცები წაიღეს, თავიანთი ნივთები, სრულად ორი თვე არც არის, რაც წავიდნენ საქართველოდან.

ერთი ბიჭია ვოვა, რომელმაც წაიყვანა ისინი. ის ბიჭი რამდენიმე წელია, წასულია ესპანეთში და უთხრა, რომ დაეხმარებოდა საქმის აწყობაში. თურმე, თავიდან იმ ბიჭთან იყვნენ ბინაში და ის დაეხმარა შემდეგ, რომ ეს ბინა ექირავებინათ. ერთი თვე 4 მაისს გავიდა, რაც იმ ბინაში ცხოვრობდნენ. საკმაოდ კარგ ოჯახში აღზრდილი ბიჭები არიან. ოჯახს ეკონომიკურად არ უჭირდა. სამტრედიაში დარბაზი აქვთ და ეს იყო მათი შემოსავლის წყარო. მაგრამ გიორგი პატარაობიდანვე სულ შრომობდა. ავტოფარეხი ჰქონდა და თავიდან იქ აკეთებდა მოპედებს, მოტოებს, მანქანის რაღაცებს. სულ ამ საქმეში იყო, ხელობა თავისით ისწავლა. თავისი მოპედი ჰყავდა და თავიდან იმას შლიდა და აწყობდა. საბამ კარგად იცოდა კომპიუტერი, ვინდოუსის გადაყენებაზეც მუშაობდა და მერე ძმას ეხმარებოდა, ერთად შრომობდნენ. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ.

საშინელ დღეში არიან მათი მშობლები. დედას მეტი შვილი არ ჰყავს, მართლაც საშინელი მდგომარეობაა. როგორც ვიცით, ბიჭებს ეძინათ, როცა იმ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. საბა საწოლში უპოვიათ და გადაუყვანიათ საავადმყოფოში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გიორგი ადგილზე იყო გარდაცვლილი. როგორც ვიცით, გიორგი ბინის კართან უპოვიათ. როგორც ჩანს, გამოეღვიძა და კარის გაღებას შეეცადა, მაგრამ გონება დაკარგა და წაიქცა.

ბიზნესისთვის ფართობიც ნაქირავები ჰქონიათ და ხვალ უნდა გასულიყვნენ სამუშაოდ. საშინელებაა მათი გარდაცვალების გააზრება. საბას ნათლია – მამუკა, ჩვენი ახლობელია, მან დაგვირეკა და გაგვაგებინა ეს საშინელი ამბავი. ჯერ ნათესავებს შევატყობინეთ, ისინი მოვიდნენ და ამის მერე უთხრეს მშობლებს, ზაზას და ნესტანის. საშინელება ტრიალებს, ბიჭების ბიძა, ნესტანის ძმა გერმანიაშია და ის წავიდა გერმანიიდან ესპანეთში.ალბათ, საელჩოს დახმარებით ჩამოასვენებენ. ძალიან განადგურებულები არიან მშობლები, ბღავიან, ამ დროს სანუგეშო რა უნდა უთხრა ადამიანს?“ – განუცხადა “კვირის პალიტრას” ბიჭების მეგობარმა და მეზობელმა იზაბელა ინასარიძემ.

როგორც გაირკვა, ბიჭებს ადრე ახალგაზრდა მამიდაშვილიც ჰყავთ გარდაცვლილი…

კვირის პალიტრა

Cesko