მარტში რუსი და ბელარუსი ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა 63 მლნ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან საერთაშორისო მოგზაურობის დინამიკას ეხება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მარტში რუსეთის მოქალაქე მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავლებმა მნიშვნელოვანი ზრდა (133%) აჩვენა წინა თვესთან შედარებით და 34.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ბელარუსების შემთხვევაში ზრდა კიდევ უფრო მაღალი აღმოჩნდა (551%), ხოლო შემოსავლებმა 29.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მარტში ტურიზმიდან შემოსავლების ჯამური ოდენობა კი 174.5 მლნ დოლარი იყო.
“ჯამში ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებულმა შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული მთლიანი შემოსავლების 37% შეადგინა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების სწრაფი შემოდინება რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან დაიწყო.
მარტში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 45 100-ს მიაღწია, რაც საქართველოში შემოსულთა 18%-ს შეადგენდა. ამას გარდა, წინა თვესთან შედარებით, 68.8%-ით გაიზარდა შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა. ბელარუსის მოქალაქეების რაოდენობა კი მნიშვნელოვნად, 281.1%-ით, გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, მიაღწია 20 000-ს და საქართველოში შემოსვლების საერთო რაოდენობის 8% შეადგინა.
რაც შეეხება შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობას, ეს მაჩვენებელი 2022 წლის თებერვალთან შედარებით 53.5%-ით გაიზარდა და 16 900-ს მიაღწია”.