რუსი დედები კრეისერ „მოსკვასთან” ერთად ჩაძირულ შვილებს ეძებენ

April 18, 22:03
0
270

რუსი დედები კრეისერ „მოსკვასთან” ერთად ჩაძირულ შვილებს ეძებენ – კრემლი დუმს, დუმს სამხედრო ფლოტიც, მაგრამ ვეღარ აჩუმებენ მშობლებს.

„ჩემი შვილი მარკ ტარასოვი უგზო-უკვლოდ დაიკარგა კრეისერ “მოსკვაზე” – ეს ერთ-ერთი მშობლის პოსტია რუსულ სოციალურ ქსელში. ასეთი დედა ასობითაა, რადგან რუსეთის ჩაძირული სიამაყიდან გადარჩენა, სხვადასხვა მონაცემებით, მხოლოდ რამდენიმე ათეულმა შეძლო. 500-კაციანი შემადგენლობიდან უმრავლესობა ახლა შავი ზღვის ფსკერზეა.

დღეს პირველად გავრცელდა კრეისერის კადრები, რომელიც იწვის, ხოლო მის გადარჩენას რამდენიმე ხომალდი ერთდროულად ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. გადარჩენილი მეზღვაურები მშობლებს უყვებიან, რომ დაჭრილების უმეტესობას მოწყვეტილი აქვს კიდურები. გამოცემა “ინსაიდერის” ცნობით, ასეთი სევასტოპოლის ჰოსპიტალში, დაახლოებით, 200 სამხედროა.

კრეისერ „მოსკვას” ჩაძირვაზე რუსეთში ხმამაღლა საუბარი აკრძალულია, თუმცა ფლაგმანის განადგურება იმდენად შოკისმომგვრელი ფაქტი იყო რუსეთისთვის, რომ კითხვას “ეს როგორ მოხდა?” უკვე კრემლის მთავარი პროპაგანდისტებიც სვამენ.

რუსული ბატონობის სიმბოლო აღარ არსებობს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს, თუმცა ეკიპაჟის ხსოვნის ხსენებაც არ შეიძლება. ოფიციალურ მოსკოვი კვლავ მყარად დგას საკუთარ ოფიციალურ ვერსიაზე, რომ ხანძარს კრეისერზე მსხვერპლი არ მოჰყოლია და ვიდრე ის ჩაიძირებოდა, მისი ეკიპაჟის სრული ევაკუაცია მოხერხდა. ამის სადემონსტრაციოდ გასაჯაროვდა სევასტოპოლში გადაღებული კადრებიც, სადაც ეკიპაჟის წევრების მოწყობა ჩანს. აქ, დაახლოებით, 100 კაცია, რამაც ინფორმაციის დამალვის შესახებ ახალი ეჭვები გააჩინა. კრეისერ “მოსკვას” ეკიპაჟი, რეალურად, 500-დან 700-მდე მეზღვაურისგან შედგებოდა.

მტკიცების მიუხედავად, რომ ყველა ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს, საპირისპირო ინფორმაცია მაინც ვრცელდება. ამას ის ადამიანები აკეთებენ, ვისაც ცენზურაზე მეტად საკუთარი ოჯახის წევრების დანაკარგი აღელვებთ. ეკიპაჟის ყოფილი წევრის, ივან ვახრუშევის ფოტოს, რუსულ სოციალურ ქსელ “კონტაქტში” მისი ცოლი, ვარია ვახრუშევა აქვეყნებს და წერს, რომ მისი ქმარი დაიღუპა.

კიდევ ერთი დაკარგული მეზღვაური მარკ ტარასოვია, რომელზეც მისი დედა, იულია ტარასოვა წერს, რომ ვერ უკავშირდება. ის პასუხებს ოფიციალური პირებისგან ელოდება.

ბრიტანული “მირორი” წერს ანალოგიური ისტორიის შესახებ, იალტაში მცხოვრები დმიტრი შკრებეცის შესახებ, რომელიც შვილს ეძებს. იგივე გამოცემა ანონიმურად ავრცელებს ერთ-ერთი მეზღვაურის დედის ინტერვიუსაც.

ის, რაც რუსეთის მიღმა იწერება და ითქმება მძიმე სურათთან ერთად მძიმე დანაკარგებს აღწერს. საუბარია მინიმუმ 40 გარდაცვლილზე და 100-ზე მეტ დაშავებულ სამხედროზე. გარდა ამისა თავად რუსი რესპონდენტების მონაყოლი ამყარებს ვერსიას, რომ კრეისერი “მოსკვა” არა ბორტზე გაჩენილი ხანძრის, არამედ უკრაინელების სარაკეტო იერიშის შედეგად ჩაიძირა. ამის აღიარება რუსეთში არ სურთ, რისი მიზეზიც კარგად ესმით, მაგალითად, ბრიტანელ ექსპერტებს და სამხედროებს.

რუსული ფლოტის 750 მილიონ დოლარად შეფასებული სიამაყე, 186 მეტრის სიგრძის კრეისერი, სრულად აღჭურვილი როგორც შეტევითი იარაღით, მათ შორის “ვულკანის ტიპის” რაკეტებით და გამშვები სისტემებით, ასევე შორი და ახლო მოქმედების თავდაცვითი სისტემებით. მათ შორის “S 300-ებით”. აღჭურვის მიუხედავად ხომალდი ახლა შავი ზღვის ფსკერზეა.

უკრაინის ოფიციალური წყაროების მიხედვით კრეისერ “მოსკოვს” 13 აპრილს “ნეპტუნის” ტიპის ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა, რომელიც ხმელეთიდან გაუშვეს. რეალური მიზეზების და მსხვერპლის არაღიარების მიუხედავად, ფაქტია, რომ პირველივე დღიდან რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ქცეული “რუსული სამხედრო ხომალდი” დანიშნულების ადგილამდე მივიდა.

Cesko