რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელად სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური, არმიის გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რუსული ჯარის სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის „სუსტი“ კოორდინაცია იყო, ამიტომ დვორნიკოვს ამ მიმართულების გამოსწორება დაევალა.
„დვორნიკოვს აქვს სირიაში რუსული ჯარების მიერ განხორციელებული ოპერაციების მეთაურობის დიდი გამოცდილება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ საერთო მეთაურობა და მართვა გაუმჯობესდება“, – აცხადებს BBC-ის წყარო.
მისივე თქმით, შესაძლოა, რუსული მხარისთვის მოლაპარაკებები სამხედრო ოპერაციებზე უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდეს, რათა მოსკოვმა 9 მაისამდე რაიმე წარმატებას მიაღწიოს.
ალექსანდრე დვორნიკოვი სირიაში რუსული შეიარაღებული ძალების დაჯგუფებას 2015-2016 წლებში მეთაურობდა.