Politico: აშშ შიშობს, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება მარინ ლე პენმა გაიმარჯვოს

0
1315
75 Views

თეთრი სახლი გაზრდილი შეშფოთებით აკვირდება საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, ვინაიდან შიშობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა მარინ ლე პენმა გაიმარჯვოს. ამის შესახებ გამოცემა Politico აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მტკიცებით, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ლე პენის გამარჯვებამ რუსეთის წინააღმდეგ შექმნილ დასავლურ კოალიციაში შესაძლოა დესტაბილიზაცია შეიტანოს და, პოტენციურად გამოიწვიოს ის, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ალიანსიდან გასვლაზე დაიწყებს ფიქრს.

Politico-ს ინფორმაციით, ამერიკული მხარე თვლის, რომ ლე პენის გამარჯვება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე რუსეთის „უმსხვილესი გამარჯვება“ იქნებოდა.

მანამდე მარინ ლე პენმა, რომელსაც გამოცემა რუსეთის აპოლოგეტად და ვლადიმერ პუტინის ფავორიტ კანდიდატად მოიხსენიებს, განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ძალაში დატოვებდა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დემონიზება საჭიროდ არ მიაჩნია.

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 10 აპრილს გაიმართება. არჩევნებში 12 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონაწილეობს.

Cesko