რადგან ასეთი განცხადება კეთდება, ესეიგი ამის თქმის საფუძველი გვაქვს, – ასე ეხმაურება უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.
მისივე თქმით, სრულიად დასაშვებია, რომ რუსეთს სურს საქართველო საომარი ტექნიკის შესატანად გამოიყენოს.
“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო დაზვერვასთან და რადგან ისინი ასეთ განცხადებას აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ ამის თქმის საფუძველი აქვთ. ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა, მიუხედავად იმისა, რომ მას ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20%. პირიქით ქვეყნებს შორის სავაჭრო გზები გაფართოვდა. სრულიად დასაშვებია, რომ რუსეთს სურს გამოიყენოს საქართველო და მისი ტერიტორია საომარი ტექნიკის შესატანად. ასევე დასაშვებია საქართველოს მხრიდან თანამშრომლობა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის იმ პოზიციას, რომელიც დღეს მას გააჩნია”, – აცხადებს გონჩარენკო “მთავართან”.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ უკრაინის დაზვერვას მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სათანადო მტკიცებულებები არ იქნება, ჩაითვლება, რომ უკრაინამ დეზინფორმაცია გაავრცელა.