“სააკაშვილი ზეზეულად გარდაცვლილია, ცოცხლად სატირალია” – რას ფიქრობენ სააკაშვილზე ოპოზიციაში

0
1159
46 Views

„თანდათანობით, პირადად სააკაშვილთან სიახლოვე წყევლად აღიქმება, ნელ-ნელა დაშორდებიან სააკაშვილს. მის მომხრეებს რომ შევხედოთ, ეს დაახლოებით იგივეა, რაც სტალინის კულტი, პიროვნების კულტი რომ დაარქვა ხრუშჩოვმა. იმ შემთხვევაში ხრუშჩოვი მართალი იყო. პროცესი დავიწყებას მიეცემა სააკაშვილის მიმართაც, რადგან წარმოუდგენელი მდგომარეობაა, როცა ჭეშმარიტების ნაცვლად სუროგატი შემოაჩეჩეს საზოგადოებას ხელში“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

ციხეში მყოფი სააკაშვილი ცდილობს, ხარისხი არ დააგდოს და ხან საქართველოს გეოპოლიტიკური კატასტროფის შეჩერებაზე ფიქრობს, ხან ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, ხან ე.წ. შავ სიებს ადგენს, ხანაც ერთი მაგარი კლუბის გახსნას ცდილობს სუს-ის შენობაში. ამდენი მცდელობის მიუხედავად, საზოგადოების ინტერესი ექსპრეზიდენტის მიმართ სტაბილურად იკლებს. ის კი არა, მის მომხრეებსაც აფრთხობთ გაურკვეველი მომავალი, რომ სააკაშვილის გარემოცვამ მათ კვლავაც მასობრივი შიმშილობა არ მოსთხოვოს, ან მსგავსი რთული დავალება არ მისცეს პრეზიდენტყოფილის ერთგულების გამოსაცდელად. გაქვთ მოლოდინი, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილი, ბოლოს და ბოლოს, პატიმარივით დაიწყებს ცხოვრებას და ნაძალადევ აქტიობას თავს დაანებებს?

– არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც მას შეაჩერებს. ერთადერთია დრო, დრო ყველაფრის მკურნალია და წელსაც თუ გაგრძელდება სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემები, რაიმე დრამატული განვითარების საშიშროება არ არსებობს. უბრალოდ, ქართველ ხალხს ხანდახან გაგვამხიარულებს ხოლმე.

„ფარმაკოლოგიური წამება“, „პოსტტრავმული სინდრომი“, „ფიზიკური და მენტალური პრობლემები“, „მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდი“, „ინვალიდობა და ინვალიდიზაცია“, „კორსაკოვის სინდრომის რისკი“… ისევ იქნება ეს „სამედიცინო დიაგნოზები“ ძალაში სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად და სიტუაციის დასამძიმებლად?

– როგორც ჩანს, ასეთი შეფასებები კვლავ ძალაში იქნება. თუმცა ამან დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა და აქტუალობა, თავისი არსით იმის დისკრედიტირება ხდება, რაც არის სინამდვილეში წამება. წამებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება. კარგია, რომ ამას არანაირი შედეგი, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც ემოციონალური არ ექნება, გარდა ერთისა, რომ ხმაური იყოს და პოლიტიკური ცხოვრების ვითომდა სიმულირება მოხდეს „ნაცების“ მხრიდან. ეს ძალიან ცუდია მთელი ოპოზიციური ფლანგისთვის. ერთადერთი წამალი ამისთვის არის, რომ თავისთავად ოპოზიცია გადავიდეს სხვა რელსებზე, „ნაცმოძრაობა“ მოაქციონ იზოლაციაში და, იქნებ, ამით რამე გამოსწორდეს. ეს ამოცანა აქვს ქართულ ოპოზიციას მომავალში, როგორმე ბოლომდე გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას“.

როგორ მოაქცევენ „ნაცებს“ იზოლაციაში, როდესაც ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციაში სწორედ „ნაცებმა“ აიღეს?

– თანდათან ამომრჩეველიც განიხიბლება „ნაცების“ მიმართ. სააკაშვილი ზეზეულად გარდაცვლილია, ცოცხლად სატირალია, ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი. ეს მხოლოდ მისი „დამსახურებაა“, არავის ბრალი არ არის. ოპოზიციურ ფლანგს რომ შევხედოთ, ნელ-ნელა ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება გავიხსენოთ მიშასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი „ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი 100 ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის… ამდენად, სააკაშვილი, პირველ რიგში, საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი“. ცხადია, ასეთი განცხადებები მნიშვნელოვანია და ნიშანია იმის, რომ თანდათანობით პირადად სააკაშვილთან სიახლოვე წყევლად აღიქმება, ნელ-ნელა დაშორდებიან სააკაშვილს. ცხადია, მას შერჩება თავისი გუნდი. სააკაშვილის მომხრეებს, მათ დიდ ნაწილს რომ შევხედოთ, ეს დაახლოებით იგივეა, რაც სტალინის კულტი, პიროვნების კულტი რომ დაარქვა ხრუშჩოვმა. იმ შემთხვევაში ხრუშჩოვი მართალი იყო, დაახლოებით ეს პროცესი იყო სააკაშვილის მიმართ და ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა. წარმოუდგენელი მდგომარეობაა, როცა ჭეშმარიტების ნაცვლად სუროგატი შემოაჩეჩეს საზოგადოებას ხელში.

დავიწყებას რომ მიეცემა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, რომ უკვე დავიწყებულს, უსარგებლოს ჩამოწერენ და გაუშვებენ უკრაინაში? მით უმეტეს, ზელენსკი ირწმუნება, რომ აქვს ფარული მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან.

– ეს პოლიტიკურად აღარ იქნება პრობლემა, მაგრამ პრობლემა იქნება საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით. უკრაინაში სააკაშვილი ისედაც აღარ არის აქტუალური. პოლიტიკური ფიგურა აღარ არის უკრაინისთვის, აღარ არის აქტიური იმ მასშტაბით, რომელსაც გავლენა შეუძლია მოახდინოს უკრაინის ბედისწერაზე. უბრალოდ, უკრაინელებმა შეიძლება მოითხოვონ, საქართველოში სააკაშვილის უფლებების დაცვა და არა მისი გადაცემა უკრაინისთვის.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს რესურსი არ აქვს, სიახლე შესთავაზოს მოსახლეობას, მაგრამ ისიც ფაქტია, სიახლის შეთავაზების რესურსი არც ოპოზიციას გააჩნია. ცხადია, მიშას თემა რაღაცით უნდა ჩანაცვლდეს, ამდენად, რა შეიძლება შესთავაზოს მოსახლეობას მმართველმა გუნდმა, რომ საზოგადოებას მის მიმართ ინტერესი არ გაუნელდეს?

– რა თქმა უნდა, ასეთი დრამატული მდგომარეობა არ არის, „ქართულ ოცნებას“ თავისი დღის წესრიგი აქვს. ფაქტობრივად, მმართველმა გუნდმა დააანონსა ახალი სოციალური პოლიტიკა, როგორიც იყო ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს. ირაკლი ღარიბაშვილის დავალებაა, ეს წელი იყოს სრულფასოვანი აღდგენა-განვითარების წელი. პირველ რიგში, ეს მიიღწევა სოციალური პოლიტიკის გატარებით. უნდა გააქტიურდეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“. თუკი დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლის გამოსავალი მოვძებნეთ და ახალი სოციალური პოლიტიკა ჩამოყალიბდა, ეს უმნიშვნელოვანესი საქმე იქნება. აქ უაღრესად მნიშვნელოვანია თვითონ ოპოზიციის გააქტიურება. პროცესი დისკუსიის რეჟიმში უნდა წარიმართოს.

წყარო:For.ge

Cesko