,,მე და გიორგიმ ძალიან დრამატული წლები გამოვიარეთ” – მარიამ ნადირაძე

0
466
38 Views

მსახიობების წყვილი, გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე, მთელ დროს თავიანთი გოგონას, სახელად ნიკას, აღზრდას უძღვნიან. მათ ცხოვრებაში პირველი საერთო შვილი 9-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაჩნდა. ამ 9 წელიწადში გიორგიმ და მარიამმა ბევრი ბევრი ეტაპი გამოიარეს. იყო  ზღაპრული დღეები და იყო ისეთი კოშმარული პერიოდიც, როგორიც გიორგის მოულოდნელი ავადმყოფობა და მისი მკურნალობა აღმოჩნდა.

გიორგის გამოჯანმრთელებისა და სიმსივნეზე გამარჯვების შემდეგ პირველი დიდი სიხარული ოჯახში სწორედ ნიკას დაბადება იყო. თავის პირველ დედობის გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ ცვლილებებზე მარიამ ნადირაძე “სარკეს” უამბობს:

– ნიკა არის ძალიან მშვიდი, მაგრამ მხიარული. სულ გვეუბნებოდნენ, ღამეებს გაგათენებინებთ, თქვენი ძილი და მოსვენება არ იქნებაო, მაგრამ ერთი ღამეც არ გაგვითენებია. ამ მხრივ ძალიან მოწესრიგებული ბავშვი აღმოჩნდა. უყვარს სეირნობა და ბავშვებთან კონტაქტი.

ნიკა ძალიან დიდ ენერგიას და სტიმულს მაძლევს ცხოვრებაში. მან ჩემი თავი სულ სხვა კუთხით დამანახა და სულ მიბიძგებს იმისკენ, რომ უკეთესი და უკეთესი ვიყო. ყველანაირად ვცდილობ, ნიკასთან ერთად მეც გავიზარდო და ვიყო კარგი დამკვირვებელი მშობელი.

– გიორგი როგორ შეცვალა პატარა ნიკამ? ამბობენ, რომ მის მოვლა- პატრონობაში ძალიან ჩართული მამაა.

– ჩვენ ერთმანეთს კი არ ვეხმარებით, ერთად ვართ ამ სასიამოვნო პროცესის მონაწილეები. ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ უვლის და ზრუნავს გიორგი თავის შვილებზე. არის ხოლმე მომენტები, როდესაც გიორგი, ელენე (უფროსი გოგო, რომელიც მარიამ როინიშვილთან ჰყავს, ავტ.) და ნიკა მთელ დღეს ერთად ატარებენ. გიორგიზე, როგორც მამაზე, აქამდეც მქონდა წარმოდგენა, მაგრამ ახლა რასაც ვხედავ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

– დაიკოს დაბადებით ძალიან გახარებული იყო ელენე. როგორ გამოხატავს მის სიყვარულს? ზრუნავს პატარაზე?

– ელენე განსაკუთრებული ბავშვია.მასთან ურთიერთობა ჩემთვის კიდევ ერთი ბედნიერებაა. თვითონ ნიკაც ძალიან გამოარჩევს ელენეს, სულ მასთან თამაში უნდა. . საოცარი სანახაობაა, თუ როგორი თვალებით შესციცინებენ ერთმანეთს.

– თქვენი და გიორგის 9-წლიან ურთიერთობას როგორ შეაფასებთ?

– 9 წელია ერთად ვართ და ძალიან საინტერესო პერიოდი გამოვიარეთ. ამ 9 წელში იყო ბევრი სირთულეც და იყო ზღაპრული, ბედნიერი ეტაპებიც. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი იყო, კარგიც და ცუდიც. ყველაფერში გამოვცადეთ ერთმანეთი. ძალიან დრამატული 9 წელი ჩამოვიტოვეთ უკან. ეს ყველაფერი უნდა გაგვევლო, რომ დღემდე მოვსულიყავით.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko