“ისე მცემეს, ჩემი ცხვირი ძლივს ვიპოვე- 20 კაცი ცხვირში მირტყამდა…”- ალეკო ელისაშვილი

March 14, 21:49
0
1054

პარლამენტის დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ყველაზე დიდი ოცნება, სამხედრო კარიერა იყო, მაგრამ არ გამოუვიდა, ჯერ ჟურნალისტიკაში აღმოჩნდა, შემდეგ კი პოლიტიკაში. რამდენიმე დღის წინ კი სამხედრო ფორმა ჩაიცვა და უკრაინაში გაემგზავრა. ,,სარკე” გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც სულ სხვა ალეკო ელისაშვილს დაინახავთ ის ადამიანები, რომლებიც მის გადაწყვეტილებას, უკრაინელების გვერდით ეომა, ცინიზმით შეხვდნენ.

-ბავშვობაში რა გატაცებაც მქონდა, დღემდე მივტირი – ეს იყო სამხედრო კარიერა, – ყვება ,,სარკესთან” ალეკო ელისაშვილი, –  მზვერავობა მინდოდა. საკუთარ თავს სასტიკ ექსპერიმენტებს ვუტარებდი. მაგალითად, ცხელ წყალში ხელს ვყოფდი, რომ გამეძლო. ბაბუაჩემის მამა იყო უშიშროების მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი. 14 წლის ვიყავი, ომში რომ გავიპარე, უფრო სწორად, რკინიგზის სადგურამდე მივედი, მაგრამ იქიდან ვეღარ წავედი. დედაჩემმა საბერტყით მცემა.

სამხედრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ისტორიის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები, პოლიტოლოგიის სპეციალობაზე. ისტორიას კარგად ვსწავლობდი. შეგიძლიათ ჰკითხოთ ჩემს ისტორიის პედაგოგს, ზაქრო ქუცნაშვილის დედას… თბილისში, პავლოვის ქუჩის დასაწყისში გავიზარდე. ჩემი უბნელები იყვნენ ,,კულინარიელები”. როცა ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით. ვისთან ერთადაც ფეხბურთს ვთამაშობდი, უმეტესობა ცოცხალი არ არის, ვინც ცოცხალია, ან ციხეში ზის, ან უბედური ნარკომანია, ან გაქცეულია. არადა მათგან ზოგი მაგარი მხატვარი გამოვიდოდა, ზოგს ექიმობა უნდოდა… პროტესტი მქონდა კრიმინალისადმი. ხომ იყო ,,წითელი” და ,,შავი” გაგება, მე ,,წითელს” ვაწვებოდი, სამხედრო ფორმით დავდიოდი.

,,კულინარიელები” ჯერ დამცინოდნენ, მაგრამ მერე მოსწონდათ. იყო ორი კატეგორია, ერთნი კრიმინალები გახდნენ, მეორე კი პანკები და როკის მიმდევრები იყვნენ. ჩხუბიც ხშირად ხდებოდა და ცხვირიც ამიტომ მაქვს ასეთი.

– ჩხუბში გაგიტეხეს ცხვირი?

– ერთხელ ისე მცემეს, ჩემი ცხვირი ძლივს ვიპოვე. 20 კაცი ცხვირში მირტყამდა. ეს ჩემი ძმაკაცის შეყვარებულის გამო მოხდა.

– ვინ იყო იმ პერიოდში ადამიანი, რომელიც თქვენთვის ავტორიტეტს წარმოადგენდა?

– გია ყარყარაშვილი. მაგარი მეომარი იყო. აფხაზეთში ვეფხვივით იბრძოლა. დღემდე იმის სიმბოლოა, რომ ქართველში მეომრული და ვეფხვური შემართება არ მომკვდარა.

– სპორტს ეჭირა რაიმე ადგილი თქვენს ცხოვრებაში?

– ტანმოვარჯიშე ვიყავი, სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრების წევრი. ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გავხდი და სამჯერ მესამე ადგილზე გავედი.

“სარკე”

Cesko