რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არაადეკვატური საქციელი აიხსნება იმით, რომ ის, სავარაუდოდ, მძიმედ არის დაავადებული. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN Daily Mail-ზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, დასავლური დაზვერვის თანახმად, მას აწუხებს ტვინის აშლილობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დემენცია ან პარკინსონის დაავადება.
ამის შესახებ Daily Mail წერს კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე, ასევე, სადაზვერვო ალიანსის Five Eyes-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომელშიც შედის ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.
გაზეთის ცნობით, პუტინის გიჟური გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ შეიძლება აიხსნას დიქტატორის ფიზიოლოგიური ანომალიებით.
გამოცემა წერს, რომ პუტინი კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული სტეროიდების ზემოქმედებით იტანჯება. დასავლური დაზვერვა მიიჩნევს, რომ მისი არაპროგნოზირებადი ქცევა, გარეგნობა და აბსურდული სოციალური დისტანცია ვიზიტორებთან, სწორედ ამ მკურნალობის შედეგია.
„პუტინს შეიძლება ჰქონდეს კიბო, პარკინსონის დაავადება ან დემენცია. ამ დაავადებების სიმპტომები, ასევე, შეიძლება გამოვლინდეს რუსეთის ფედერაციის ლიდერის გარეგნობაში: შეშუპებული სახე და კისერი შეიძლება იყოს სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების გვერდითი ეფექტი“, – ვკითხულობთ სტატიაში.