“რუსებო, წადით…” – რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოსვლის თავგადასავალს ჰყვება

0
395
22 Views

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რუსეთი სანქციებით და ცენზურით უკვე განწირულია. გაქცევის გარდა სხვა არჩევანი აღარ მქონდა“, რომლის ავტორი – გაზეთის კორესპონდენტი მოსკოვში ნატალია ვასილიევა საქართველოში ჩამოსვლის თავგადასავალს ჰყვება.

„როცა თბილისში ბანკომატთან ფულის მისაღებად დავდექი, რიგში ათამდე ჩემსავით „გზააბნეული“ რუსი იდგა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა შეგვატყო, რომ რუსები ვიყავით, შეჩერდა, დაუსტვინა და დაგვიყვირა: „რუსულო სამხედრო ხომალდო, წადი… რუსებო, წადით…“. რა თქმა უნდა, ჩვენ იმწამსვე ვიცანით ციტატა, რომელიც პირველად უკრაინელი მესაზღვრეების მიერ გაჟღერდა ომის დასაწყისში და მას შემდეგ ეს ფრაზა გამაერთიანებელი მოწოდება გახდა მოსკოვის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, უკვე თითქმის ორი კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი უკრაინელი რუსული ბომბებისა და რაკეტების აფეთქებებს ცენტრალური ევროპის ქვეყნებში გაექცა… პარალელურად რუსეთიდანაც ათასობით ადამიანი გარბის, რომლებსაც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ქვეშ ცხოვრება არ სურთ. ისინი გაურბიან ახალ გარდაუვალ „რკინის ფარდას“.

ერევანი – სომხეთში, ბუხარა – უზბეკეთში თუ სტამბოლი – თურქეთში? ჩვენთვის ასეთ შემთხევევებში დანიშნულების პუნქტს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მართალია, ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები მაინცდამაინც დიდი მოწონებით არ შეხვდა ჩვენს ჩასვლას, მაგრამ ბევრი რუსი, ჩემი ჩათვლით, გრძნობდა, რომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ: იმ საერთაშორისო სანქციების ნიაღვარით, რომლებიც რუსეთს დაუწესდა, ქვეყანას სიღარიბე და გარიყვა ელოდება – ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევა, როგორსაც დღეს ჩრდილოეთი კორეა წარმოადგენს. ახალი დრაკონული კანონის თანახმად, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო, ყოველ მოქალაქეს, რომელიც უკრაინის შესახებ კრემლის ოფიციალურ თვალსაზრისს არ ეთანხმება, შეიძლება 15 წლით პატიმრობა მიესაჯოს. ასეთმა სიტუაციამ ქვეყნიდან ჟურნალისტთა მასობრივი გაქცევა გამოიწვია. გარდა ამისა, იმ მითქმა-მოთქმამ, რომ შეიძლება ჯარში გაწვევა იძულებითი გახდესო, ქვეყნიდან წასვლა კიდევ უფრო აქტუალური გახადა ახალგაზრდა მამაკაცებისათვის.

უკრაინასთან კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის ყველა ავიაბილეთი გაყიდული იყო. შემდეგ კი, რადგანაც დასავლეთმა რუსეთისათვის თავისი საჰაერო სივრცე ჩაკეტა, რუსეთის მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ ევროპული საზღვრები ფეხით გადაეკვეთათ

მე ბედმა გამიღიმა და თბილისში სტამბოლის გავლით ჩავფრინდი, სადაც ერთი ღამის გათენება მომიწია. იქვე შევხვდი ჩემს ორ ნაცნობს, რომლებიც ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციის მოსკოვურ ოფისში მუშაობდნენ, კულტურის სფეროში. ორგანიზაციამ რუსეთში ფუნქციობა შეაჩერა, რადგან რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა მისთვის მიუღებელი გახდა. ორივე ჩემი ნაცნობი 30 წლამდე ასაკის არიან, დასავლური განათლების მქონენი. მათ ძლივს მოახერხეს, რომ მესაზღვრეებს „ხელიდან დაძვრომოდნენ“ საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, რათა შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ოპოზიციური განწყობა არ შეემჩნიათ. მათ ტელეფონებში ყველანაირი ჩათები წაშალეს, რომ ეჭვი არ გამოეწვიათ, ერთ-ერთმა კი მეტი დამაჯერებლობისათვის, რომ იგი თითქოსდა მთავრობის ერთგული იყო, ტელეფონში „რაშა თუდეის“ (სახელისუფლო ტელეარხის) პროგრამები ჩაწერა. „დღეს, რასაც ოდნავ კრიტიკულად იტყვი, სახელმწიფოს ღალატად შეფასდება“, – თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.

დღეს ის რუსეთი აღარ არის, რომელიც ვიცოდით და რომელშიც ვცხოვრობდით, ახლა ვლადიმერ პუტინის რუსეთში დიზაინერებისთვის, მხატვრებისთვის, პროგრამისტებისათვის და მათთვის, ვისაც  გლობალური მსოფლმხედველობა აქვს, ადგილი აღარ არის. სტამბოლისა და თბილისის ქუჩებში მოსიარულე რუსები მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, თუ სად იცხოვრონ, როგორ შეეგუონ ადგილობრივ უცხო გარემოს.

რუსეთიდან განათლებული ადამიანების დღევანდელი გამოქცევა შეიძლება რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომების იმ მასობრივ ემიგრაციას შევადაროთ, რომლებიც სამოქალაქო ომის წლებში და მის შემდეგ ბოლშევიკების რეპრესიებს საზღვარგარეთ გაექცნენ, თითქმის ერთი საუკუნის წინათ.

ისინი იმ დროს „თეთრი რუსეთის“ სახელით იყვნენ ცნობილი, ბოლშევიკური „წითელი რუსეთის“ საწინააღმდეგოდ. „თეთრები“, რომლებიც მწერალ ვლადიმერ ნაბოკოვით, კომპოზიტორ იგორ სტრავინსკით და სხვა ცნობილი ადამიანებით იყვნენ წარმოდგენილნი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩასახლდნენ და რუსული კულტურის მემკვიდრეობას იცავდნენ. როცა ჩვენ სტამბოლის კაფეში ვისხედით, მოულოდნელად შემოვიდა მაღალი მამაკაცი – იგი კირილ სერებრენნიკოვი აღმოჩნდა, ყველაზე მოთხოვნადი რუსი რეჟისორი თეატრსა და კინოში.

სტამბოლში და თბილისში მყოფი ახალი რუსული ემიგრაციის წარმომადგენლების უმეტესობის ასაკი 30-40 წელს შეადგენს, ისინი თავიანთი საქმის ოსტატები არიან, თანამედროვე ტექნოლოგიების პროფესიონალები.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თქვა, ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთიდან 30 ათასამდე მოქალაქე შევიდა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ღიაა  კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანებისათვის.

ამ კვირაში თბილისის სასტუმროები თითქმის მთლიანად შევსებული და დაჯავშნულია. ადგილობრივ კაფეებში და მაღაზიებში, ადგილობრივ ქართველებთან შედარებით უფრო მეტი რუსი ტრიალებს.  როცა მე კვირა დილით სასტუმროს კაფე-რესტორანში საუზმისთვის ჩავედი, დავინახე ბევრი ახალგაზრდა რუსი, თავიანთი ოჯახებითა და ძაღლებით. ყველას დაბნეული და სევდიანი სახე ჰქონდათ. ზემოთა სართულიდან ქალის ხმამაღალი ყვირილი ისმოდა, რომელიც ვლადიმერ პუტინს წყევლიდა ცხოვრების დანგრევისათვის.

გუშინწინ ცნობილი გახდა, რომ Visa და MasterCard-მა რუსეთისთვის ოპერაციები შეაჩერეს, ანუ ვისაც რუსეთში აღებული ბარათები ჰქონდა, მათი ფუნქცია საზღვარგარეთ გაუქმდა. ეს საკმაოდ საგრძნობი დარტყმაა მათთვის, ვინც რუსეთიდან წავიდა. ამასთან, რადგანაც ქვეყნის მოსახლეობის 72% უცხოეთში არ დადის, მათ ეს შეზღუდვა არ შეეხებათ. ძირითადად სწორედ ეს რაოდენობა უჭერს მხარს  ვლადიმერ პუტინის რეჟიმს. გამოდის, რომ ის ადამიანები დაისაჯნენ, ვინც კრემლის რეპრესიებს საზღვარგარეთ გაექცნენ.

იმ დროს, როცა თბილისში ბანკომატთან რიგში ვიდექით და სადაც გავიგონეთ – „რუსებო, წადით …“, ჩვენ ვცდილობდით ჩვენი ანგარიშებიდან დოლარები მოგვეხსნა, მაგრამ ამაოდ. საბანკო ბარათები ერთ წამში უბრალო და უსარგებლო პლასტმასის ნაჭრებად გადაიქცნენ. ანუ წარმატებული პროფესიონალები ღარიბები გავხდით.

ჩემი თანამემამულეები იმასაც ამბობდნენ, რომ საქართველოს რამდენიმე ბანკმა ანგარიშის გასახსნელად ახალი რუსი კლიენტებისათვის განსაკუთრებული ფორმა შემოიღო: მასში პირობებია მოცემული, რომლებსაც, თუ ანგარიშის გახსნა გსურს, უნდა დაეთანხმო – რუსეთის აგრესია უკრაინაში, რუსეთის ოკუპაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ა.შ. ვიმედოვნებ, ეს დროებითი მოვლენაა.

Cesko