უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ძალიან მკვეთრი და პრინციპული, მათ შორის მეგობარი ქვეყნების მიმართ.
-ჩვენ გვაძლევენ 100 ერთეულ თანამედროვე იარაღს, ან 5 ათას ჩაფხუტს – ვაფასებთ ნებისმიერ დახმარებას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს: ეს არ არის საქველმოქმედო შენატანი, რომელიც უკრაინამ უნდა ითხოვოს, ან რომლის შესახებაც უნდა შეახსენოს პარტნიორებს. არც კეთილშობილური ჟესტია, რის გამოც უკრაინა ქედს უნდა იხრიდეს. ეს თქვენი შენატანია ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებაში, რაშიც უკრაინა უკვე 8 წლის განმავლობაში ასრულებს ფარის როლს და 8 წლის განმავლობაში აჩერებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ჯარს, რომელიც დგას ჩვენი საზღვრის გასწვრივ და არა ევროკავშირის.
,,გრადები“ მოფრინავდნენ მარიუოპოლში და არა ევროპის ქალაქებში. ბრძოლების შედეგად განადგურებულია აეროპორტი დონეცკში და არა ფრანკფურტში და ყოველთვის ცხელა ავდეევკაში და არა მონმარტრში. არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ იცის, რა არის სამხედრო დაკრძალვები ყოველ დღე, ყველა რეგიონში და არც ერთმა ევროპელმა ლიდერმა არ იცის, რას ნიშნავს ყოველდღიური შეხვედრები დაღუპულების ოჯახებთან…
ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები, არ შეგვიძლია ყოველდღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. რომელ ეკონომიკაზე შეიძლება იყოს ამის შემდეგ საუბარი. როგორ შეიძლება ცხოვრება სახელმწიფოში, როდესაც ყოველ დღე გეუბნებიან, რომ ხვალ თავს დაგესხმებიან. მაშინ ხდება ეროვნული ვალუტის ჩამოშლა, გააქვთ ფული, ბიზნესი გადის ქვეყნიდან. როგორ ფიქრობთ: შეიძლება ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება? შეიძლება ასეთ სახელმწიფოში სტაბილურობა იყოს? არა!..
ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა. თუმცა ჯერ უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა – გულწრფელად გვითხარით. ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება და არა წლობით დახურული კითხვები. ნუთუ უფლება სიმართლეზე არ შედის ჩვენს გაფართოებულ შესაძლებლობებში?..
მე მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით, არიან ქვეყნები, რომლებიც დგანან უკრაინის გვერდით, დგანან სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის გვერდით.
არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. მაგრამ ეს მათი საქმეა, ეს ამ ქვეყნების კარმაა და ის შეგნებაა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ. თუმცა არ ვიცი, როგორ აუხსნიან ამ ქმედებას დღეს უკრაინაში ორ მოკლულსა და სამ დაჭრილ ჯარისკაცს და რაც მთავარია, როგორ აუხსნიან სამ გოგოს კიევიდან, ერთი 10-საა, მეორე 6-ის და მესამე სულ რაღაც ერთი წლის, დღეს ისინი დილის 6 საათზე მამის გარეშე დარჩნენ, როდესაც უკრაინელი ოფიცერი დაიღუპა, ჭურვის შედეგად, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებით. არ ვიცი რაზე ფიქრობდა ის თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წამებში, ის, ალბათ, არ ფიქრობდა იმაზე, რა სახის დღის წესრიგი გვჭირდება ჩვენ აღმოსავლეთში ომის შესაჩერებლად, მაგრამ მან იცოდა კითხვაზე პასუხი, რომელიც მე დავსვი დასაწყისში, მან კარგად იცის ვინ იტყუება. განისვენოს მშვიდობით მან და ყველამ, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში დაიღუპა, – განაცხადა ზელენსკიმ.
ინტერპრესნიუსი