უკრაინა-რუსეთის საზღვართან ბოლო 24 საათში ვითარება რადიკალურად დაიძაბა. მოსკოვის მხრიდან აგრესიული მოქმედებას ნებისმიერ დროს ელოდებიან – აშშ, რომელიც თავის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, ამბობს, რომ თავდასხმები შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს. უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ თავის მოქალაქეებს ევროპის რამდენიმე ქვეყანამაც მოუწოდა. ყველა საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში ოლიმპიადის დასრულებამდე, ანუ 20 თებერვლამდე შეიჭრას.
ვაშინგტონი მოსკოვს კვლავ ესკალაციაში ადანაშულებს და მოუწოდებს კრიზისის გადასაჭრელად დიალოგის გზა აირჩიოს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, არსებულ სიტუაციას გადამწყვეტი მნიშვნელობის უწოდა და კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის უკრაინაში ნებისმიერ დროს შეჭრის შესახებ. ენტონი ბლინკენმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მორიგი სატელეფონო საუბრი გამართა და კრემლი კიდევ ერთხელ გააფრთხილა.
ვაშინგტონის პოზიცია ურყევია, ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთი დასავლეთისგან უმკაცრეს სანქციებს მიიღებს. ამ დროისთვის კი, შავ ზღვაში 30-ზე მეტი რუსული გემი სამხედრო მანევრებს ასრულებს. წვრთნებს მართავს უკრაინაც. სამხედრო მანევრები რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან 30 კილომეტრში იმართება. მასში მონაწილეობენ, როგორც სპეციალური დანიშნულების რაზმები, ისე გვარდიელები.
ამ დაძაბულობის ფონზე ისმის კითხვა, თუკი უკრაინასთან კრემლი ომს დაიწყებს, რა საფრთხე შეიძლება საქართველოს რუსეთის მხრიდან დაემუქროს? ანალიტიკოსთან ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა კრემლმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსია მოახდინოს. ასევე ჩაკეტოს შავი ზღვა, რათა საქართველოს პორტები ნატოს ფლოტისთვის დასახმარებლად არ იყოს გამოყენებული. თუმცა, რამდენად აწყობს ან აქვს იმის შესაძლებლობა პუტინს, რომ ბრძოლის ველი ამხელა მასშტაბით გაშალოს?
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის დირექტორი გიორგი რუხაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინაში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა და რუსეთი ბოლომდე ცდილობს ტემპერატურა აწიოს, მაგრამ მაინც არსებობს შანსი, რომ პუტინი ბოლომდე ბლეფობს. ის ცდილობს, დასავლურ კოალიციაში ბზარები გააჩინოს და კარგად გამოივაჭროს. რაც შეეხბა შავ ზღვას და მის ჩაკეტვას, რუხაძე მბობს, რომ ეს ომი საქართველოსაც შეეხება.
„სოხუმი და ცხინვალი უკვე ცდილობენ, რომ არსებული ვითარება გამოიყენონ. ბიბილოვმა უკვე განაცხადა, რომ ძველი რუკები გადმოვიღოთ, სადაც რაჭა და გუდაური ჩვენსკენ ხვდებაო. ანუ, რუსეთთან პირდაპირ ხაზზე არიან და ესენი სიტუაციის სათავისოდ შემობრუნებას ცდილობენ.
“ასევე, ლუკაშენკოს მიმართ ზეწოლა გაძლიერდა, რომ მან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს. მგონია, ცხინვალი და სოხუმი ამ ვითრებას გრძნობენ. ამიტომ მათ იციან, რომ უკრაინაზე შეტევა საქართველოს შეტევას ნიშნავს. თუ ჩვენ წესიერად არ დავდექით და თავი არ დავიცავით, რუსეთი ზედ მიგვაყოლებს. ამიტომ რისკები არსებობს და ამ რისკების გაანალიზება უნდა შეგვეძლოს.
“რუსეთი შავი ზღვის ყველა ქვეყნებს შეეხება, თუკი მის ჩაკეტვას გადაწყვეტს. მხოლოდ საქართველო არ იქნება ის ქვეყანა, რომელიც დაზიანდება. მათგან არაფერია გამორიცხული, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია მოახდინონ. ამიტომ რისკები დიდია და ამის უგულველყოფა დაუშვებელია.
“თუმცა, მაინც მგონია, რომ პუტინი ბოლომდე თმაშობს. ის ტემპერატურას ხელოვნურად წევს, რადგანაც დასავლეთში განხეთქილება შეიტანოს. მას ევროპის ორად გაყოფა უნდა. თვითოეულთან ცალცალკე იმუშავებს და მათ გადაბირებას შეეცდება. ამით კი უკრაინასთან დაკავშირებით მაქსიმუმს გამოივაჭრებს“,-ამბობს რუხაძე „რეზონანსთან“.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პურიტინი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს მაინც ვერ გაბედავს. ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ პუტინი ამ დონის საბრძოლო მოქმედებებს ვერ შეძლებს. მითუმეტეს ბრძოლის ფრონტი ახლა საქართველოზე გადმოიტანოს, ანაკლია დაიკავოს, პორტები ჩაკეტოს და ა.შ. გამორიცხულია. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას ხელს არაფერში უშლის და ახალი თავის ტკივილი რაში უნდა სჭირდებოდეს გაუგებარია.
„ომის უკრაინიდან სხვა სახელმწიფოებზე გადატანა, მითუმეტეს საქართველოზე, აბსურდის აბსურდია. არ მესმის ეს ხალხი რით იკვებება, როცა ასეთ იდეებს და მოსაზრებებს აფრქვევენ. ფართომასშტაბიან ომს რუსეთი ვერ გაწვდება. ამიტომაა საჭირო საქართველოს აქტიურობაც, რომ მსოფლიოს ყურადღება ჩვენც მივიქციოთ. რას ნიშნავს პორტების ოკუპაცია მოახდინოს და ანაკლია დაიკავოს. მუყაოს ქვეყანა ვართ თუ რა ხდება.
“მთელი უბედურება ის არის, რომ ჩვენი შიშის გამო რუსეთს არიქა არაფერი ვაწყენინოთ, მათაც თავში აქვთ ავარდნილი და ყველანაირად ცდილობენ საქართველო დააშინონ. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ისედაც ფეხქვეშ უგორდება და პუტინმა ეს რატომ უნდა გააკეთოს? „ოცნება“ სიჩუმის რეკორდს ხსნის. ამიტომ პუტინს არანაირი მიზანი არა აქვს, ახალი თავისტკივილი დაიმატოს.
“რუსეთი ისეთი ძლიერი არ არის, რომ ასე ხანგრძლივი საომარი მოქმედებები აწარმოოს. მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ აღსდგება. ამ ფონზე შეუძლებელია საქართველოსკენ გადმოინაცვლოს. იმის მაგივრად საქართველომ ისაუბრობს, რომ მზად არის უკრაინას მხარდაჭერა გამოუცახდოს, ხელისუფლება იმალება. ჩვენი წინაპრები ასე არ იქცეოდნენ და ჩვენ არ გვჭირს ვერ გავიგე“, – ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, პუტინს ახლა ევროპის გახლეჩვა უნდა ამიტომ ომის შანტაჟით მიზნის მიღწევას ცდილობს. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს თურქეთთან ძალიან მკაფიო ალიანსი უნდა ჰქონდეს. სერიოზული თანამშრომლობა უნდა მიდიოდეს და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე თურქეთთან ერთად უნდა ვსაუბრობდეთ.
„როდესაც ერდოღანი უკრაინაში იყო ჩასული, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი პრემიერიც მასთან ერთად ყოფილიყო. რუსეთთმა უნდა ნახოს, რომ თურქეთი და საქართველო ერთად არიან.
“შავი ზღვის უსართხოებიდან გამომდინარე, თურქეთს თავისი ინტერესები აქვს. ამიტომ საქართველო ამ რეგიონალურ მოძრაობაში ჩართული უნდა იყოს, როგორც ნატოს წევრობის მსურველი ქვეყანა. ჩვენ სახელმწიფო ვართ თუ ბოსელი, ბოლოს და ბოლოს გაუგებარია. თანამედროვე სახელმწიფოს არანაირ სტანდარტს აღარ ვერგებით“, – ამბობს ზაქარეიშვილი