ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში 2022 წლის პოლიტიკური კალენდრის შესახებ საუბრობს და გვიმხელს, ვისთვის იქნება ეს წელი წარმატების მომტანი. ამასთან, როგორც ცაგარელი აღნიშნავს, მომდევნო სამი წელი ქვეყნისთვის ცვლილებებისა და გარდაქმნების პერიოდი იქნება.
– ბატონო მიხეილ, როგორი პოლიტიკურ წელი ექნება საქართველოს 2022 წელს?
– 2022 წელს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარება იქნება, თუმცა არა ისეთი, როგორიც იყო წინა ორი წლის განმავლობაში. ამ წელს პოლიტიკურ კონფლიქტებს ნაკლები სიმძაფრე იქნება. ჩვენ წინ გვაქვს სერიოზული ცვლილებებისა და გარდაქმნების წელი. უახლოესი სამი წელი ყველა დონეზე არნახულად დიდი გარდაქმნების პერიოდი იქნება.
– 2021 წელს საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ გამოიწვია. რა მომავალს უწინასწარმეტყველებთ მის პოლიტიკურ კარიერას?
– სააკაშვილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, გაზაფხულზე, შესაძლოა, გააქტიურდეს უკრაინული, რუსული და ამერიკული მხარე. არ არის გამორიცხული, ამ საკითხზე საქართველოსთანაც მოხდეს გარიგება.
სააკაშვილს საქართველოში ვინ გააჩერებს? ის სჭირდება ამერიკასაც და რუსეთსაც. მის შესაძლებლობებს ორივე მხარე კარგად იყენებს. სააკაშვილს აქვს და ექნება ამრევი ადამიანის ფუნქცია, მან ხან უკრაინაში უნდა აურიოს, ხან რუსეთში, ის ამით იღებს ბონუსებს.
– 2021 წლის პოლიტიკური კალენდარი იმითაც იყო გამორჩეული, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა. ხომ არ ელოდებით, კიდევ ერთხელ პოლიტიკაში მის შემობრუნებას?
– მე არ ველოდები ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებას. მისი პოლიტიკაში ყოფნა არ შეიძლება, მას აქვს უარყოფითი ენერგიების ძალა. თუ გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაინგრეს და ცუდად დაამთავროს ცხოვრება, მაშინ მიეცით პოლიტიკაში მოღვაწეობის საშუალება. თუ არ გინდათ, მაშინ თავი დაანებეთ. მისი სიცოცხლისთვის პოლიტიკაში ყოფნა ძალიან სახიფათოა. მან აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა პოლიტიკას გაეცალა.
– რომელი პოლიტიკოსებისთვის იქნება წარმატებული 2022 წელი?
– ყველაზე წარმატებული წელი ექნებათ თევზების ზოდიაქოსა და ვერძების ნიშნებში დაბადებულ პოლიტიკოსებს. ამის გარდა, წარმატებული წელი ექნებათ კუროს, მორიელის, ქალწულის, ტყუპებისა და კირჩხიბის ნიშნებს. დანარჩენებისთვის საშუალოდ წარმატების მომტანი წელი იქნება.
– კორონავირუსზეც გკითხავთ, როდის დასრულდება პანდემია?
– ვეფხვი უკვე სეროზულად მოტეხვას პანდემიას. შემდეგ წელს მოდის კატის წელი, ეს ორი წელი მთლიანად მოსპობს პანდემიას. ნახავთ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. 2022 წელს პანდემია მოტყდება, 2023-ში დამთავრდება და 2024 წელს სულ სხვა სამყაროში ვიცხოვრებთ.