,,მამას კარადაში ჩამომხრჩვალი შვილი უნახავს” – რას ყვება მამა შალვა

0
542
25 Views

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

თბილისში, ვაკეში მდებარე მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია, აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქციებს აანონსებს და ,,სარკესთან” ამბობს, რომ ქვეყანაში აზარტული თამაშებით გაუბედურებული უამრავი ოჯახი და სუიციდის მსხვერპლია.

მამა შალვა კეკელია: სანამ მღვდელი გავხდებოდი, მუდამ მქონდა პროტესტი აზარტული თამაშების და ნარკომანიის წინააღმდეგ. ჩემმა მეგობარმა ერთხელ ბინის ქირისთვის და სწავლისთვის მშობლების მიერ გამოგზავნილი ფული წააგო.დაწერა წერილი, მაპატიეთო და თავი ჩამოიხრჩო.24 წლის იყო.

ქალი მოვიდა შვილთან ერთად ჩემთან. შვილმა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურში მუშაობს, 30 000 ლარი წააგო. დედამისმა რომ გაიგო, ინფარქტი დაემართა და ძლივს გადაარჩინეს. ასე რამდენი დედა არ გადარჩენილა, ვინმემ დათვალა?!

ცოტა ხნის წინ ყველაზე გახმაურებული ამბავი იყო ტელეოპერატორის გარდაცვალება, თავი რომ მოიკლა. მამამისი მოვიდა ჩემთან და მითხრა, ჩემი შვილის მეგობარმა ჩამოიხრჩო თავიო. მამას კარადა გამოუღია და იქ ჩამომხრჩვალი შვილი უნახავს. წარმოგიდგენიათ, რამხელა ტრაგედიაა?!

ქალებიც არიან აზარტულ თამაშებში ჩართული, ზოგი ჩემი მეგობარია, ზოგი ჩემი მეგობრის დაა.ყველას უნდა, თავი დაანებოს თამაშს, მაგრამ არ გამოსდით, რადგან ყველგან ამის რეკლამაა.

ცოლ-ქმარი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სამი შვილი ჰყავთ. ცოლი ჩუმად თამაშობდა. ყველაფერი წააგო, ქმარმა გაიგო და ოჯახი დაენგრათ. ზოგი ვერ უძლებს და თავს იკლავს…

ეკლესიამაც უნდა მიიღოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ადამიანს, ვინც აზარტული თამაშების ბიზნესს ფლობს, ყველანაირი ღვთისმსახურება აეკრძალოს – არც წესი უნდა ავუგოთ, ვერც ჯვარი უნდა დაიწერონ და ვერც მოინათლონ.

ერთმა 100 000 დოლარი მოიგო და მომიტანა, შესაწირის გაღება უნდოდა ტაძრის მშენებლობისთვის, მაგრამ არ გამოვართვი. როგორ ავიღებდი, როცა ვიცოდი, რომ შეიძლება იმ ფულის გამო ვიღაცამ თავი მოიკლა.

 ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko