დეპუტატ გუბაზ სანიკიძის თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს შეიკავებს.
სანიკიძე ამბობს, რომ არ სურს საკითხზე საუბარი, რადგან ვიდეოჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული.
ამასთან, სანიკიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს ეცდება, რომ ოპოზიციაში გაუგებრობები და ანტაგონიზმი შექმნას.
„ჩემი დამოკიდებულება მაქვს ფარულ ჩანაწერებთან, რომელიც უკანონოდ არის მოპოვებული. ამიტომ თავს შევიკავებ ამის კომენტირებისგან. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს ეცდება, რომ ოპოზიციაში გაუგებრობები და ანტაგონიზმი შექმნას. ეს ჩვეულებრივი ხერხია.
არ გავაკეთებდი გუშინდელ ჩანაწერზე არანაირ კომენტარს და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კანონიერი და უკანონო უნდა გავყოთ.
რა თქმა უნდა, ეს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ამომრჩეველზე გავლენას ახდენს. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, ძალიან მარტივი რამ არის გასაკეთებელი. ოპოზიციამ უნდა შექმნას დიდი მოძრაობა. ბევრი გამოცდილება გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარეთაც. ამ გაერთიანებაში შევლენ პოლიტიკური ორგანიზაციები, პოლიტიკური ჯგუფები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კერძო პირები, რიგითი მოქალაქეები და მთავარი ამოცანა უნდა იყოს ხელისუფლების გაშვება არჩევნებით.
ოპოზიციაში განხეთქილებაზე როცა არის საუბარი ოპოზიცია ერთიანი როდის იყო? არც ყოფილა არასდროს. თემატურ ერთობას აფიქსირებდა ოპოზიცია და თემატური ერთობა არ არის მდგრადი და არ არის საინტერესო ჩვენი ამომრჩევლისთვის.
ვიმეორებ ქართველი ამომრჩევლის შეკვეთა არ არის მრავალფეროვნება. ძლიერი ერთობის შეკვეთაა. ოპოზიციამ რადიკალური ნაბიჯი უნდა გადადგას. ოპოზიციამ შეუძლებელი უნდა შეძლოს. პარტიები უნდა დაშალონ და შეიქმნას ერთი დიდი მოძრაობა. ოპოზიციური პარტიები ჩაიკეტნენ, ხალხთან კონტაქტი ნაკლებია და რაც მთავარია ოპოზიციაში ახალი ადამიანების შემოსვლა არ ხდება“, – აღნიშნა სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედმა“ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების წინააღმდეგი იყო.