“ტვ პირველის” ახალი ამბების რედაქტორი, ნოდარ მელაძე:
“ციანიდის საქმის ოქროს მოწმე, გამხდარა ნიკა ბასილაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
განცხადებაში წერენ ტელევიზიამ სიუჟეტი სოციალურ ქსელში დაასპონსორაო, რითაც ცდილობს მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომიო. სრული ბოდვა!!!
ერთი სქრინი დადონ რომ ჩვენ დავასპონსორეთ!!!! დანარჩენი ყველაფერიც ასეთივე სიმართლეა!!!”
შეგახსენებთ, ბასილაშვილის ადვოკატების განცხადება დღეს გავრცელდა:
“ქორწინების პერიოდში ნეკა დოროყაშვილი სისტემატურად აკეთებდა ფარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით. ამ ეტაპისთვის, სასამართლოს ეს ჩანაწერები არ გამოუკვლევია და ის დალუქულ მდგომარეობაშია.
ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, თავისუფლად ვრცელდება მედიაში. ტელეკომპანია „პირველისთვის“ დაბრკოლება და უხერხულობა არ შეუქმნია იმ ფაქტს, რომ ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის შესახებ, რითაც, პირველ რიგში, ილახება ლუკას ბასილაშვილის კანონიერი ინტერესები. „პირველს“ ამ დრომდე არ გაუთიშია ეს რეპორტაჟი ოფიციალური Facebook გვერდიდან, მეტიც, ტელევიზიამ სიუჟეტი სოციალურ ქსელში დაასპონსორა, რითაც ცდილობს მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.
ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პირველ ეტაპზე, დადგინდეს ხომ არ დაზიანდა, ინფორმაციის გავრცელებით, არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის აღმზრდელებსა და მის უახლოეს გარემოცვას მიეწოდოს საჭირო ინსტრუქცია. თავად არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება.
აქვე, ჩვენ მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება“