გამოცემა For.ge აქვეყნებს სტატიას, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
პოლიტიკურ ჩიხში შესული „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსავლის ძიებაშია. ქუჩის აქციების და სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებით გაწბილებული იმედების და არშემდგარი რევოლუციის შემდეგ, პარტიაში რეორგანიზაცია დაიწყო, თუმცა ძველი სახეების სრულიად ახალ თანამდებობებზე დანიშვნამ გაკვირვება თავად პარტიის მხარდამჭერებს შორის გამოიწვია. ენმ-ში რეორგანიზაციის მიუხედავად დაპირისპირება არ ცხრება. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორი ნიკა გვარამია პარტიის რადიკალურ ფრთას ე.წ. მიშისტებს თავს ესხმის და აცხადებს, რომ სწორედ ამ კატეგორიის მხარდამჭერები აზიანებენ სააკაშვილს.
„არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვილს „მიშას ინტერესებით“ ხსნიან. ფაქტობრივად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას. ჯერ ერთი, მიშას სახელით საუბარი, თვითმარქვიობაა და მეორე, არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი. წერს“, – ნიკა გვარამია Facebook-ზე.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ პარტიულ განახლებაზე მუშაობა გრძელდება. სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია, ხოლო გენერალურ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი დასახელდნენ.
პარტიაში ახალი სამდივნო ყალიბდება, რომელიც 12 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. თუ ვინ იქნებიან ახალი სამდივნოს წევრები, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
ცვლილებებთან დაკავშირებით პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი სამდივნო მორგებული იქნება იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
„ჩვენ წინა კვირაში დავიწყეთ „ლიდერშიფში“ მცირე სტრუქტურული რეორგანიზაცია და ახლა არის შემდეგი ეტაპი, როდესაც ცენტრალურ ოფისში ყალიბდება სამდივნო, რომელიც მორგებული იქნება იმ გამოწვევებზე, იმ პრობლემებსა და ამოცანებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას პირველ რიგში. ჩვენმა პარტიამ უნდა იმუშაოს, რომ სწორი პასუხები გასცეს საზოგადოებას, თუ რა ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს, რა მიმართულებით იქნება ჩვენი მუშაობა პრიორიტეტული. ამის პრეზენტაციას ჩვენ მოვახდენთ მომავალ კვირაში“, – თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოვლენები მას შემდეგ ვითარდება, რაც ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ჩამოვიდა. ქართველიშვილი ფიქრობს, რომ ალასანიამ პარტიის მენეჯმენტში გარკვევა სცადა და ამიტომაც სათავეში მისთვის ყველაზე სანდო ფიგურა და სავარაუდოდ, რუსებისთვისაც მისაღები კანდიდატურა კობა ნაყოფია დასახელა.
„კობა ნაყოფია პარტიაში ხელოვნურად შექმნილ პოსტზე დანიშნეს, ეს თანამდებობა აქამდე ენმ-ში არავის ეკავა. ეს კი მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – რუსეთის სპეცსამსახურების გავლენიანმა აგენტმა თემურ ალასანიამ პარტიაში თავისთვის ყველაზე სანდო ფიგურა დატოვა. როგორც ჩანს, ის პარტიაში არავის აღარ ენდობა. მელიას და მისი გუნდის ფლანგის ნელ-ნელა შესუსტება ხდება. „ფე-ეს-ბე“-ს პირმშო ნაყოფია კი „ნაციონალურ მოძრაობას“ გადამრჩენად ჩაუყენეს, რასაც უკვე აზრი არ აქვს.
ენმ-ის დე-ფაქტო თავმჯდომარემ სამი დღის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ 20 წლის განმავლობაში მთელი რიგი პარტიასთან დაკავშირებული დეტალები არ ყოფილა ორგანიზბეული და აღიარა, რომ ეს პარტია კი არა ჩვეულებრივი სექტის წევრები არიან. საბოლოო წერტილი კი პარტიას ნიკა გვარამიამ დაუსვა, რომელმაც პირდაპირ პარტიის იმ ბირთვს დაარტყა, რომელზედაც „ენმ“ დგას. გვარამია პარტიის წარუმატებლობასა და კრახს მის რადიკალურ ფრთას, ე.წ. მიშისტებს აბრალებს. ეს კი, რა თქმა უნდა, პარტიაში დაპირისპირებას კიდევ უფრო გამწვავებს“, – ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ პარტიას ამ განცხადებით საკონტროლო გასროლა გაუკეთა. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი გვარამიას მხრიდან დასავლეთის მხარდაჭერის შენარჩუნებაა.
„გვარამიას ამ განცხადებამ პარტიაში ფაქტობრივად ბომბი ააფეთქა. ამის მიზეზი კი პარტიის საბოლოოდ ჩიხში შესვლა გახდა. იმ ფანატიკოსებზე დაყრდნობით პოლიტიკური პარტიის ხვალინდელი დღის პერსპექტივას დასავლეთში ვეღარ ხედავენ. ყევლა კარგად მიხვდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას „ნაციონალების“ რადიკალიზმი აღარ სიამოვნებთ. ამიტომ ეს არის არსაით მიმავალი გზა, სადაც სექტანტურ ფანატიზმზე აგებული პარტია ვერ გადარჩება. „ნაციონალური მოძრაობის“ პროდასავლურად მიჩნეული პარტიის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი ისაა რომ როგორმე ამ ფანატიკოსების გავლენისგან გათავისუფლდნენ. პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება უნდა დაიწყონ. საქმე უნდა გააკეთონ, რადგან ქვეყანაში რიგით მეორე პარტიაა, რომელსაც, გვინდა თუ არა, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესებზე გამოთქმულმა ბევრმა სისულელემ ელექტორატის დაკარგვა გამოიწვია. ამიტომ გვარამიას სურვილი აქვს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა არ დაკარგოს და იძულებულია ასეთი განცახდება გააკეთოს“, – ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ეფექტი უკვე დასრულდა. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ ამომრჩევლის რაოდენობა ადგილობრივი არჩევნებისთვის გაზარდა. თუმცა აქაც საკითხავი ის არის უფრო აქტიური ვისი ამომრჩეველი იყო. მისი აზრით, პარტიაში ძველი სახეების გადაადგილებით რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
„სხვა შედეგი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას არ მოუტანია. მან ვერ შეძლო ქუჩის პროტესტის აგორება. სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობით და რადიკალური განცხადებებით ყველაფერი გააკეთა რისი გაკეთებაც შეეძლო. მას მეტი არაფერი შეუძლია. ეს მისი მაქსიმუმი იყო. ამ ყველაფერმა კი არანაირი მუხტი საზოგადოებაში არ შექმნა, შედეგი არ მოიტანა. ახლა სამ თვეში კიდევ რა შეიძლება ოპოზიციამ გააკეთოს, რომ ეს მუხტი აწიოს? სააკაშვილის მოწოდებებს და პარტიაში ძველი სახეების გადაადგილებას აღარანაირი პოლიტიკური გათვლა არ აქვს. იგივე წრეზე და იგივე შეცდომების გამეორება სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს“, – ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ხელისუფლება ბოლო დროს ტაქტიკურად მათზე ბევრად ჭკიანურად იქცვა და საკმაოდ სწორი გათვლები აქვს. ამის მაგალითად კი ძაბირაძეს ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთლის საქმე მოჰყავს. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ეს ტრიო არ დაეკავებინა, სწორია, რადგანაც აუტკივარი თავის ატკიება არ უნდოდა. მართალია, ამას ქვეყნის შიგნით დიდი პროტესტი არ მოჰყვებოდა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლებამ პრობლემები დამატებით აღარ შეიქმნა.
„რაც შეეხება გვარამიას განცხადებას პარტიის და მხადამჭერების რადიკალური ფრთის შესახებ, ერთის მხრივ რომ შევხედოთ, ის სიმართლეს ამბობს, მაგრამ მეორე მხრივ ეს რადიკალიზმი ვისგან მოდის? მათ ხომ თავად პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კვებავთ? „ნაციონალებს“ მხარდამჭერები სწორედ ამ რადიკალურად განწყობილი ლიდერის განცხადებების მეშვეობით ჰყავს. ბელადომანია, რომელიც პარტიას სჭირს, ვერ შეიცვლება. როგორც ჩანს, პარტიის შიგნით გამოსავალს ეძებენ, მაგრამ თავად პარტიის ლიდერს რას უპირებენ გაუგებარია“, – ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
წყარო:https://for.ge/