“კონსტანტინე იგორ გიორგაძესთან თუ ჩავიდა ჩაის დასალევად, მე ვერ დავალევინებდიო? მაშინვე უნდა მივდგომოდით”

January 17, 23:11
0
783

კონსტანტინე გამსახურდია მამაზე, ცოტნესა და შვილებზე

დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ახალ წელს სამშობლოში შეხვდა. მოგეხსენებათ, ის ამჟამად გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე მუშაობს. ბატონ კონსტანტინეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: 1997-2004 წლებში შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი იყო; 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა, დღეს კი გერმანიიდან ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

 

– ბატონო კონსტანტინე, გერმანიიდან როგორ ჩანს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება?

– არ არის მარტივი საქართველოში არსებული ვითარება. სიტუაციის დალაგებას ყველა ადამიანის მხრიდან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, კომპლექსური აზროვნება, ბევრი ფაქტორის გათვალისწინება სჭირდება და მათ შორის იმ სისუსტეების გათვალისწინებაც, რომელიც შესაძლოა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას, ყველა ჩვენგანს ჰქონდეს. რა თქმა უნდა, არც ისე მარტივია დავძლიოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განვლილი გზის შედეგად გადმოგვეცა.

– თქვენს ოჯახს ძალიან დიდხანს მოუწია ემიგრაციაში ყოფნამ.

– ძალიან მძიმე და რთული გზა გამოვიარეთ. არც ახლა არის მარტივი სიტუაცია ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ცოტნეს ეს ამბავი დაემართა. ჩვენ ვცდილობთ ამ მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდეთ და ცოტნეს რეაბილიტაციის, გამოჯანმრთელების პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. არის რიგი პოზიტიური შედეგები, რაც გვაახლოებს ჩვენს ორ უმთავრეს მიზანთან, დაიწყოს საუბარი, ანუ დიფერენცირებული მეტყველება. გარკვეულ ხმებს გამოსცემს, უკვე მარცვლების გამოთქმასაც მივაღწიეთ. მეტყველების მერე მეორე მიზანი – სრულფასოვნად ფეხზე დადგომა და გავლაა. ძალიან მარტივად ვიტყვი, ცოტნე ახერხებს კიდურებით ამოძრაოს სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ახერხებს ფეხზე დადგომას. ეპილეპტიურმა სტატუსმა შეგვაფერხა ძალიან, რომელიც მოულოდნელად დაიწყო. როგორც გაირკვა, მას ეს ჰქონდა თურქეთში გადაყვანისთანავე. ჯამში, 24 დღეში ექიმებმა თურქეთში ისე ჩაახშvეს, რომ პრაქტიკულად ერთი წელი არ განმეორებულა. შემდეგ უკვე გერმანიაში, ვფიქრობ შმიდერის კლინიკაში სათანადოდ არ გაითვალისწინეს ეს საკითხი. გარკვეული წამლები ენიშნება ასეთ დროს, რომელიც პროცესს აკავებს, სტატუსი რომ არ დადგეს. ვფიქრობ, იქ მედიკამენტების ნაკლები დოზა მისცეს.

– როგორც ცნობილია, მას მეტყველება აღუდგა და წინ მიიწევდით…

– დიახ, როცა დაიწყო მეტყველება, წინადადებები თქვა, მაგრამ ყოველთვის ვერ ამბობდა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მთელი წინადადება თქვა. შემდეგ უკვე ამას მოჰყვა სიტუაციის დამძიმება, მედიკამენტებმა ეს სტატუსი შეაჩერა, მაგრამ შეაჩერა რეაბილიტაციის პროცესიც. მისი აღქმითი შესაძლებლობები ცოტა უკან წავიდა. ასეთ დროს საკმაოდ ძლიერ პრეპარატებს აძლევენ, ინიშნება კეტოგენური დიეტაც და ახლა თავიდან გვიწევს იმის გავლაც, რაც გავლილი იყო. ეპილეფსიურმა სტატუსმა თავისი კვალი დაამჩნია.

– დავუბრუნდეთ ოჯახთან ერთად ემიგრაციაში, შვეიცარიაში ცხოვრების პერიოდს. როგორ გაიხსენებთ ამ დროს?

– ეს არ იყო ადვილი. ჩვენ ვშრომობდით და ამის წყალობით, ვფიქრობ, სოლიდური განათლება მივეცით შვილებს. დღეს ჩემი ერთი ვაჟი, ზვიადი ბერლინშია, დაასრულა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო რაც შეეხება უფროსს, დემეტრეს, ის შვეიცარიაში მუშაობს ხელოვნების, მუსიკის პერფორმანსების სფეროში. თვითონ არის ავტორი, შემოქმედი, მონაწილე. მის დაწერილ ნაწარმოებებს უკრავენ სხვები, ხან თვითონაც ასრულებს. ამავე დროს სტუდენტებს ასწავლის ფორტეპიანოს. შვეიცარიაში ცხოვრობს დემეტრე, არის 32 წლის. ამ ქვეყანაში 12 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ საქართველოში პრაქტიკულად, ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ამის მერე კიდევ 5 წელი ვიყავით შვეიცარიაში, მაგრამ საქართველოშიც ჩამოვდიოდი. პირველად 2004 წელს ჩამოვედი. არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და სხვათა შორის, წარმატებული იყო ჩვენი პარტია “პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება”, მაგრამ საარჩევნო ზღურბლზე არ გადაგვიშვეს. ასეთი იყო პოლიტიკური ნება, ეს დაადასტურეს კიდეც ზურაბ ჟვანიამ და თინათინ ხიდაშელმა. პოლიტიკური ნება იყო არ შევეშვით პარლამენტში და დაგვაკლეს 2 პროცენტი.

– შვილებისთვის გიწევდათ იმის ახსნა, თუ რატომ ვერ ჩამოდიოდით სამშობლოში?

– ჩვენ შვილებს ვზრდიდით ეროვნული სულისკვეთებით. ისინი იზრდებოდნენ როგორც კარგი ქართველები, ანუ საქართველოს პატრიოტები და ამავე დროს მსოფლიოს მოქალაქეები. ანუ ვაჟა-ფშაველასეული პრინციპით, კოსმოპოლიტიზმი – ეს პატრიოტიზმია და პატრიოტიზმი ეს ამავე დროს კოსპოლიტიზმიცაა. ვაჟა-ფშაველას ეს ცნობილი თეზისია და ამაზე გაიზარდნენ. ვასწავლიდით ქართულს, ქართულ ლიტერატურას ვუკითხავდით. წერდნენ ქართულად, გრამატიკაში ვავარჯიშებდით. მახსოვს, “ვეფხისტყაოსნის” დაზეპირებაც დაიწყეს. უფროსმა, დემეტრემ 300 სტროფი იცოდა, ეს თითქმის მეოთხედია “ვეფხისტყაოსნის”. უმცროსმა 100 სტროფის სწავლა შეძლო, ეს იყო 90-იანი წლების მიწურულს, მაშინ პატარები იყვნენ. ბავშვს ძალიან მოქნილი მეხსიერება აქვს და ყველაფერს იწოვს. ორივეს წაკითხული ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდია, გალაკტიონ ტაბიძე, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი და ბევრი სხვა. ვუყურებდით საუკეთესო ქართულ ფილმებს. მაგალითად, ძალიან უყვარდათ: “ბაში-აჩუკი”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “შერეკილებზე” ძალიან ხალისობდნენ.

– ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაზეც გიწევდათ ალბათ მათთან საუბარი. რა კითხვები ჰქონდათ ბიჭებს თქვენთან?

– რასაკვირველია, ვესაუბრებოდით. ცხადია, კითხვები ჰქონდათ და აი, თუნდაც ის, რატომ არ გამოიხატა 87 პროცენტის ნება 6 თვის შემდეგ უფრო კონცენტრირებულად, უფრო ძლიერად და როგორ შეძლო ერთი მუჭა ვიგინდარების გუნდმა ხელისუფლების დამხობა? მაშინ ჩვენ მათ ვპასუხობდით, რომ ეს რუსეთის ტექნიკური სამხედრო სპეცსამსახურების დახმარებით მოხდა. აქ უკვე რთული ასახსნელი იყო ეს, ზოგადად სპეციფიკა უნდა გესმოდეს იმის, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის იყო შექმნილი 80-იან წლების მიწურულს და ზოგადად რუსეთი, როგორც ფენომენი, როგორ მოქმედებს, როგორ ოპერირებს ყოფილი საბჭოეთის სივრცეში, ეს ცალკე თავია ისტორიის და ამას ცალკე ცოდნა სჭირდება. ჩვენ მაშინ გაგვიჭირდებოდა ბავშვებისთვის ამის ახსნა, მაგრამ ვცდილობდით. მახსოვს, უფროსმა ვაჟმა დაწერა მოთხრობა “თეთრი მგელი და ყაჩაღები”, მაშინ დემეტრე 13 წლის იყო და ფაქტობრივად ჩეჩნეთის ამბავი აღწერა. საშინლად სევდიანი მოთხრობა იყო. ეს მან დაწერა 2000-იანი წლების ბოლოს და იმ დროს დაიწყო რუსეთის არმიამ იჩქერიის ლიკვიდაცია. სევდიანი დასასრული აქვს მოთხრობას, თეთრი მგელი მოკლეს რუსმა ყაჩაღებმა, პირდაპირ ასე უწოდებს მათ.

– თქვენი შვილები საქართველოში პირველად როდის ჩამოვიდნენ?

– 2005 წელს ჩამოვიდნენ საქართველოში და მაშინ ორივემ დაუკრა კონსერვატორიის მცირე დარბაზში. პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია დაესწრო მათ კონცერტს და ძალიან კმაყოფილები იყვნენ.

– ახლა რამდენად ხშირად ჩამოდიან საქართველოში?

– უფროსი ხშირად ჩამოდის, მას აქ ბევრი მეგობარი ჰყავს. უმცროსი იშვიათად ახერხებს. დემეტრე ზაფხულში იყო. კონცერტი ჰქონდა და რეგულაციების გამო, სამწუხაროდ, 20 კაცზე მეტი ადამიანის დასწრება არ შეიძლებოდა. იმედია, პანდემიაც დასრულდება და მსოფლიო ნორმალურ ვითარებაში გააგრძელებს არსებობას და ფუნქციონირებას.

– თქვენ იყავით პოლიტიკაში, ახლა დიპლომატი ხართ, რომელ სფეროში გრძნობთ თავს უფრო კარგად?

– ორივე სფეროში კარგად ვგრძნობ თავს. ჩემი პოლიტიკური გამოცდილებები მეხმარება დიპლომატიაში და პირიქით, პოლიტიკაში ყოფნის დროს მეხმარებოდა დიპლომატიური გამოცდილება.

– პარლამენტში მუშაობის დროს ბევრი იმუშავეთ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, თქვენი მამის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად. ამდენი წელი გავიდა და ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.

– ეს იყო დროებითი კომისია, რომელმაც დადო 370-გვერდიანი დასკვნა. ის არის საგზაო რუკა ამ საქმის გამოძიებისთვის და ზუსტი შეფასებები იმ გამოძიების, რაც ტარდებოდა პროკურატურაში. არის ზუსტი აქცენტები გაკეთებული იმაზეც, რა მიმართულებით უნდა იქნას გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს საქმე გამოიძიონ, მაგრამ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ჩვენი მომზადებული დასკვნა თაროზე შემოდო. ამ ხელისუფლებამ 2015 წელს ასე გადააკვალიფიცირა საქმე: განზრახ მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაიწყო კიდეც გამოძიება, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოში მიმდინარე რყევები ცუდად მოქმედებს ამ პროცესებზე. ეს რყევა არ დასრულებულა და ერთ-ერთი ხელისშემშლელია. კენედის საქმის საგამოძიებო კომისია შეიქმნა კენედის მკვლელობიდან სულ რაღაც ერთ თვეში. ჩვენთან კი 28 წელი გავიდა და ახლა რაღაცების გარკვევა ძალიან რთულია. კომისია რომ შევქმენით, მაშინ 17 წელი იყო გასული, ამას კიდევ ამდენი წელი დაემატა. ექსპერტიზაში, რომელიც ჩატარებულია 2007 წლის გაზაფხულზე, რაც წერია, სწორი და ობიექტურია თუ არა, ესეც არ ვიცით. მით უმეტეს, რუსეთია ის ქვეყანა, რომელმაც ჩაატარა ეს ექსპერტიზა და ზვიად გამსახურდია მათთვის არ იყო სულერთი. ექსპერტიზის დასკვნაში უბრალოდ არის აღწერები, ტრაექტორია, არხის მიმართულება, დახრილობა და ა.შ. მაგრამ არ არის მითითებული, მკვლელობა იყო ეს თუ თვითმკვლელობა. რუსეთი არ არის დაინტერესებული, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული და შესაძლოა ამიტომაც ერიდებიან მავანნი, საქმე გამოიძიონ. არ უნდათ რუსეთი გაღიზიანდეს… ის სპეცოპერაცია, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის წინააღმდეგ 1993 წლის შემოდგომაზე, რასაკვირველია მიმდინარეობდა რუსული სპეცსამსახურებისა და მათთან ასოცირებული ქართული სპეცსამსახურის ჩართულობით, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი. ჩვენ იგორ გიორგაძეს მოსკოვში, “რია ნოვოსტის” ოფისში შევხვდით და ვესაუბრეთ. სამი კამერა იწერდა ამას, ერთი მისი და ორი – ჩვენი. საქმეს მისი გამოკითხვა დავურთეთ, რომ ზვიად გამსახურდია იქნა მოკლული, თუმცა უარი განაცხადა ჩვენთვის გადმოეცა ოპერატიული მონაცემები, არადა, ამის გარეშე ძნელია დადგენა, ზუსტად რა და როგორ მოხდა. გიორგაძემ გვიპასუხა: დადგება დრო, ამ ყველაფერს ნათელი მოეფინება. თქვენი კომისიის დასკვნამ შეიძლება საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანოს, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი შუალედური დასკვნაო. ერთგვარი წინასწარმეტყველების მსგავსი განცხადება გააკეთა.

– მას აქვს მასალები და დაგიმალათ?

– ფაქტია, უარი გვითხრა ამ მასალების გადმოცემაზე. უშიშროების სამსახურები ერიდებიან ოპერატიული მასალების გადაცემას, მით უმეტეს, რუსული სპეცსამსახურები. ის რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანია და კანონითაც ექნება აკრძალვა, რომ არ გაამხილოს ის ქსელი თუ ადამიანები, ვინც ჩართული იყვნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და ლიკვიდაციაში. სიტყვა “ლიკვიდაცია”, სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძემაც გამოიყენა თავის ინტერვიუში. ეს ერთგვარი ფროიდისეული წამოცდენაა. მან თქვა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ორ ადამიანს აქვს, ეს არის ბესარიონ გუგუშვილი და რობიზონ მარგველანიო. მახსოვს, მისი ეს ინტერვიუ რომ მოგვიტანეს კომისიაში, ვიცინეთ.

– მისი გამოკითხვა ვერ მოახერხეთ?

– ბატონი ედუარდი სამჯერ მოვიწვიეთ, მაგრამ უარი თქვა. ვთვლი, ჩემი ერთადერთი შეცდომა, რაც დავუშვი ამ საქმეში, ის იყო, რომ როგორც კი მოსკოვიდან ჩამოვედით, პირდაპირ უნდა მივსულიყავით შევარდნაძესთან. მაშინ მან თქვა, კონსტანტინე იგორ გიორგაძესთან თუ ჩავიდა ჩაის დასალევად, მე ვერ დავალევინებდიო? მაშინვე უნდა მივდგომოდით. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაფერზე და არაფერზე დაგველაპარაკებოდა, მე მაინც ვთვლი, რომ საინტერესო ინფორმაციას მივიღებდით მისი ფრაზებიდან. ისიც თქვა, – მამის საქმე როგორ შეიძლება შვილმა გამოიძიოსო?! მე არ ვიძიებდი ამ საქმეს, აერია. ჩვენი ამოცანა იყო გადამოწმება და შეფასება იმ სამუშაოსი, რომელიც ჩატარდა და დამატებით ინფორმაციის მოძიება, რომელიც დაეხმარებოდა გამოძიებას. მე არ ვყოფილვარ საქმის გამომძიებელი. ობიექტურად, დისტანციის დაცვით ვიკვლევდი ამ საქმეს.

– მარგველანი და გუგუშვილი ახსენეთ, მათ გამოკითხვაზე რას იტყვით?

– ცხადია, ისინი მალავენ სიმართლეს. ერთგვარი “მძინარე მოწმეები” არიან. ამბობენ: გვეძინა, ხმა რომ გავიგეთ და დავასკვენით, – ასე მოხდა, აბა, სხვა რა უნდა მომხდარიყოო? ბესარიონი არ თანამშრომლობდა კომისიასთან. განaცხადა, როგორც კანონიერ ხელისუფალს, შეუძლია ამ კომისიის დაპატიმრებაცო. მე ვერანაირ კომენტარებს ვერ გავაკეთებ მის მარგინალურ და აგრესიულ განცხადებებზე, რომელსაც ის პერიოდულად აქვეყნებს. ყურადღებას არ ვაქცევ, რამდენადაც არ მიმაჩნია მისი განცხადებები სერიოზულად.

– ამდენი წლის შემდეგ ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ დროს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლა საქართველოში შეცდომა იყო?

– ეს შეცდომა კი არა, მისი არჩევანი გახლდათ… ჯოხარ დუდაევმა მას მკაფიოდ და ცალსახად უთხრა, ეს ასე მოხდება, მაქვს მოსკოვიდან ინფორმაცია, რუსეთი არ შეეგუება შერიგებასო, მაგრამ ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ ის ჩამოდის არა ომისთვის, არამედ იმისთვის, რომ აფხაზეთში მიღწეულ იქნეს ერთიანობა და ეს ერთიანობაც მისი კეთილი ნების მიუხედავად, ვერ შედგა, რადგან აფხაზეთი ჩასაბარებლად იყო განწირული. უნდოდა ასევე, პოლიტიკური პროცესების მოლაპარაკების რეჟიმში დაბრუნება. ვიღაცებს კი აღარ ეყოთ გამბედაობა, რომ გადაედგათ ეს ნაბიჯი. ისინი თვლიდნენ, ბანდებზე უარის თქმის მერე, ჩვენგან აღარაფერი დარჩებაო.

– მამასთან ურთიერთობის წლებს როგორ გაიხსენებთ?

– ვაპირებ ამაზე წიგნის დაწერას და ვმუშაობ ამ ნაშრომზე. მამა ბოლოს ვნახე 1992 წლის ნოემბერში, ავსტრიაში და ეს პროცესები აუცილებლად უნდა აღვწერო. 1993 წელს მე ის არ მინახავს, რადგან იყო გროზნოში, მე – შვეიცარიაში გახლდით…

 

თეა ხურცილავა

ჟურნალი “გზა”

Cesko