“აბა, კარგის მეტი რა უნდა მეფიქრა, რა ვიცოდი, რომ ეს „კეთილი“ ბანკირი გაჭირვებულ მოსახლეობას მალე სულ სხვა „ქველმოქმედებით“ – მევახშეობით „გაახარებდა“?!…”

0
1824
31 Views

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილსა და ფოტოს ავრცელებს:

სამართალმა ფული ჭამა
2008 წლის 8 ივლისს, ომამდე ზუსტად 1 თვით ადრე, მოსკოვიდან მოულოდნელად დამირეკეს და მთხოვეს ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან, რომელიც მეორე დღესვე დაიბეჭდა გაზეთ „Москва-Тбилиси»-ში (ფოტოზე ხაზარაძეს უჭირავს). მიუხედავად თბილისში, რბილად რომ ვთქვად, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა ხაზარაძის პიროვნებისადმი, ქართული საბანკო ბიზნესის „ვარსკლავმა“ ჩემზე კრეატიული და უაღრესად კეთილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა – ის მომიყვა უამრავ გრანდიოზულ პროექტზე, რომლის უმეტესობა ქველმოქმედების დაპირებით მთავრდებოდა. აბა, კარგის მეტი რა უნდა მეფიქრა, რა ვიცოდი, რომ ეს „კეთილი“ ბანკირი გაჭირვებულ მოსახლეობას მალე სულ სხვა „ქველმოქმედებით“ – მევახშეობით „გაახარებდა“?! და „თიბისი“-ში ამ კრედიტების „დრაკონული“ პროცენტები ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან რომ არ დაეფარა, დღეს ნახევარი თბილისი უსახლკარო მათხოვრების ბედს გაიზიარებდა?
მაგრამ იოლად ნაშოვმა დიდმა ფულმა, როცა ადამიანს ავანტიურისტული იდეები აწუხებს, განდიდების მანია იცის – საშუალო დონის კომკავშირელი ლიდერის მეტამორფოზა, რომელმაც, როგორც ამბობენ, მიტინგის დაშლის დროს მერაბ კოსტავას სილა აჭამა, ჩემთვის აუხსნელ გამოცანად რჩება. ხაზარაძეს დღემდე შეეძლო წყნარად გაეგრძელებინა თავისი სარფიანი საქმიანობა – მერე რა, რომ ამორალური, სამაგიეროდ – კანონიერი, ბოლოს და ბოლოს, „თიბისი“-ში კრედიტების აღებას არავინ აძალებს. მაგრამ მამუკას ჯერ ხელოვნების მფარველი მეცენატის, და მერე პოლიტიკური მოღვაწის ამბიცია გაუჩნდა, მან ლიტერატურული პრემია „საბა“ და პარტია „ლელო“ დააფუძნა. ხაზარაძემ რუსეთში მცხოვრები ქართველი ახალგამომცხვარი მილიონერების მაგალითს მიბაძა, რომლებისთვისაც ქველმოქმედება და პოლიტიკა საუკეთესო “შირმაა” მათი არაგამჭირვალე ბიზნესისთვის.
ხაზარაძის მთელი ბიზნესი ხომ საიდუმლოებით არის მოცული, როგორც უცნაური საკრალური სახეები „თიბისი ბანკის“ ფასადზე, ერთ მათგანს თვითონ რომ ჰგავს! მაგალითად, ქართველმა ხალხმა დღემდე არ იცის – როგორ აღმოჩნდა საქართველოს წიაღისეული სიმდიდრე – მინერალური წყლები „ბორჯომი“, „ლიკანი“ და სხვ., რომლებიც შევარდნაძის „მეორედ მოსვლის“ დროს „გეპეის“ მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყოფილმა კომკავშირის მდივანმა, როგორც ამბობენ, ჩალის ფასად ჩაიგდო ხელთ, ვიღაც რუსი ბიზნესმენის მფლობელობაში. ისე, ბევრი რამ აკავშირებს ხაზარაძეს რუსეთთან, მაგალითად, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისისთვის მან სიმბოლურ ფასად შეიძინა შენობა, რომელიც არქიტექტურულ ძეგლს, შედევრს წარმოადგენს – რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის ბრძანებით რუსი ოფიცრებისთვის 1896 წელს რუსი არქიტექტორის როგოისკისა და ინჟინრების დენისენკოსა და სავიჩ-რიჩგორსკის მიერ აშენებულ „კავკასიის საოფიცრო ეკონომიკური საზოგადოების“ შენობა. დღეს ამ შენობაში მარჯანიშვილის ქუჩაზე, რომელშიც საბჭოთა დროს უნივერმაღი იყო, მუზეუმის ნაცვლად რაღაც კაფეებია გახსნილი, რითაც ის აღმაშენებელზე თურქული საკვები ობიექტების ქსელს შეუერთდა…
მერე იყო კომბინაცია ჭუტა წერეთელთან და საუკუნის მახინაცია პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად, და თუ პირველ შემთხვევაში მისმა „TBC-ბანკმა“ 15 მილიონი დაკარგა თუ „გაათეთრა“ (ან არ დაკარგა, ქართველ საზოგადოებას ამას ბოლომდე მაინც არ ეუბნებიან!), ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის „მშენებლობის“ შემთხვევაში გადასახადების გადამხდელებმა, ანუ თვითეულმა ჩვენთაგანმა, 100 თუ მეტი მილიონი დოლარი დავკარგეთ. ანუ, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ ანაკლიის ჭაობში ჩაიძირა და ეს ყველაფერი ხაზარაძეს თანამზრახველებითურთ შერჩა „ხანდაზმულობის ვადის“ გასვლის გამო (?!). მთელი თბილისი დარწმუნებულია, რომ სამართალმა ფული ჭამა, ქართველი ხალხი ზუსტად ამნაირი თაღლითების გამო (არ აქვს მნიშვნელობა – ხელისიფლებაში თუ ოპოზიციაში) გაძვირებულ ქართულ პურსაც უკვე ვეღარ ჭამს! ხაზარაძე არც ციხეში ჩასვეს და არც ფული დააბრუნებინეს, პირიქით – ყველა ყადაღა-შეზღუდვა მოუხსნეს, თუმცა… ბრალდებულად ცნეს დანაშაულში, რომელიც 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს! შეურაცხყოფილმა და აღშფოთებულმა მოსახლეობამ ფეისბუქი პოსტებით „ააჭრელა“ – აქაოდა, პურის მაგივრად, სამართალმა ფული ჭამაო და ჩვენთვის უკვე სულერთია, მოსამართლეებმა ხაზარაძის დოლარები ჭამეს, თუ დეგნანის დაგნარის შიშით „პოლიტიკურად უპრიანი“ განაჩენი გამოიტანეს!
აწი ვინ დაგვიბრუნებს ხალხის ფულს?! თუ სასამართლომ იცოდა, რომ ამ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი მაინც არ დადგებოდა, რატომ ჭიმავდა წლობით პროცესს?! იმიტომ ხომ არა, რომ ეს საქმეები კარგა გვარიანად დაძველებულიყო და ჩამოწერილიყო?! ეჭვიც არ მეპარება – ხაზარაძე სტრასბურგამდე მივა და ამ ფიქტიურ-პირობით განჩინებასაც გააუქმებინებს, სადაც თაღლითობის ფაქტია დაფიქსირებული! შეიძლება სახელმწიფოს აქეთ შეედავოს და კომპენსაცია მოსთხოვოს „საქმიანი რეპუტაციისა და მორალური ზიანის“ გამო, მომავალი პრემიერის რეპუტაცია ხომ უნაკლო უნდა იყოს! დიახ-დიახ, სააკაშვილის განთავისუფლების და საქართველოდან წასვლის შემთხვევაში ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობას აპირებს და ეს იმედი, ბანკირის და «ლელოს“ ზოგიერთი ლიდერის (მაგალითად – უსუფაშვილის) რუსეთთან კავშირებისა გათვალისწინებით, სავსებით რელევანტურია! აი, შორსმჭვრეტელმა სამართალმა ფული რატომ ჭამა! სამართალს ფული რომ არ ეჭამა, ხაზარაძე დიდი ხანია რუსთავის კოლონიის ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის სოლისტი და სოლო-გიტარისტი უნდა ყოფილიყო (რაც მართალია – მართალია, გიტარაზე კარგად უკრავს და სასიამოვნნოდ მღერის), და ამ თვითშემოქმედებაში ანაკლიის ავანტიურისტული პროექტის ავტორი – მომღერლების და პიანისტკების ბოიფრენდი სააკაშვილიც მიიღებდა მონსწილეობას!
ხაზარაძემ სამართალს ფული ჯერ კიდევ მაშინ აჭამა, როცა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებს 5 ათასი ლარი წაართვა. ახლა კი, ხაზარაძის სამართალზე მეორე გამარჯვებას სხვა კომკავშირელი ლიდერის – კიევის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის, თუ კურსის კომკავშირის მდივნის, მიხეილ სააკაშვილის გამართლებას ველოდოთ! ხაზარაძის გაჭიანურებული პროცესი იყო საზოგადოებრივი აზრის მომზადება სააკაშვილის გამამართლებელი განაჩენისთვის, თუ შეწყალებისთვის – სამართალი ფულს ისევ შეჭამს და მიშას დანაშაულებები დაძველებულად გამოცხადდება, როგორ მამუკასი გამოცხადდა! საქართველოს ხელისუფლება, თანაც – უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირას, მეტს ვეღარ გაბედავს აშშ-ს განრისხებას, კმარა! კელი პირველი (იან კელი) ისედაც გაბრაზებულია, რომ „საქართველომ უკრაინას სათანადო მხარდაჭერა არ აღუთქვა“, მით უმეტეს, რომ მის „დემოკრატიის შუქურა“ მეგობარს, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს, ციხეში აყურყუტებს! და ნებისმიერ ქართველ მოსამართლეს, რომელიც არ შეასრულებს კელი მეორის (კელი დეგნანის) ბრძანებას, მაღალანაზღაურებად მანტიას ჩახდიან და, უმუშევრად დარჩენილი, ის გაძვირებულ ქართულ პურსაც ვერ იყიდის!
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2022 წლის 15 იანვარი
საქართველო, თბილისი

Cesko