პესკოვი: პუტინისთვის აშშ-ს მიერ სანქციების დაწესება ურთიერთობის გაწყვეტას გაუტოლდება

0
546
295 Views

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას გამოეხმაურა.

“სანქციების დაწესება სახელმწიფოს, რუსეთის მეთაურის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკიდურესი ზომაა, რომელიც ურთიერთობების გაწყვეტას გაუტოლდება”, – თქვა პესკოვმა რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ისთვის მიცემულ კომენტარში.

“რის გასაკეთებლადაა რუსეთი მზად? რუსეთი მზადაა და მუდამ გააკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”, – უპასუხა კრემლის სპიკერმა შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი მზად, საპასუხო ქმედებებისთვის, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენისთვის სანქციების დასაწესებლად.

აქამდე, ამერიკელმა სენატორებმა წარადგინეს სანქციების კანონპროექტი, რომლებიც შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის ან კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში რუსეთს დაუწესდეს.

შემოთავაზებულ სანქციებს შორისაა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ასევე რუსეთის პრემიერმინისტრისთვის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისთვის და სამხედრო მეთაურებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა და აქტივების გაყინვა.

კანონპროექტის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტმა 30 დღის ვადაში უნდა დაუწესოს სანქციები მინიმუმ სამ მსხვილ რუსულ ბანკს. ასევე პროექტი სთავაზობს აშშ-ს შემოიღოს სანქციები რუსეთის საგარეო ვალის და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის წინააღმდეგ.

გარდა ამისა კანონპროექტის მიხედვით, ნახევარი წლის ვადაში სახაზინო დეპარტამენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და სადაზვერვო სამსახურებმა უნდა მოამზადონ დეტალური ანგარიში ვლადიმირ პუტინის, მისი ნათესავების და მასთან დაახლოებული ბიზნესმენების ქონების შესახებ, რათა მათ სანქციები დაუწესდეთ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას.

 

 

Cesko