“გურამმა თმები მდინარესთან შეიღება, მე წვერი ტყეში შევიჭერი და ჯიბეში ვინახავდი” – საუკუნის გაქცევის სკანდალური დეტალები

0
2132
33 Views

“უნდა გენახათ პატარა ბიჭივით როგორ დახტოდა 200-კილოიანი კაცი”

“შს მინისტრის მოადგილემ კახა ბაკურაძემ კაცური სიტყვა შეასრულა და ციხეში პურმარილი დაგვახვედრა”

გისოსებს მიღმა მყოფები თავისუფლებაზე მუდმივად ოცნებობენ, თუმცა ყველამ იცის, რომ ადვილი არ არის თავის დაღწევა რამდენჯერმე ჩარაზული რკინის კარიდან… შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ციხეებიდან პატიმრები გაქცევას სხვადასხვა გზით მაინც ახერხებდნენ.

ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო ორთაჭალაში იყო, იქ შესვლამდე რამდენიმე რკინის კარი უნდა გაგევლო, შემოწმების შემდეგ ეზოში ხვდებოდი, სადაც პატიმრების კორპუსი იდგა, იქ პატიმრები მკურნალობდნენ. მათთვის საგანგებოდ იყო შემოღობილი პატარა ეზო, სადაც ეკლესიაც იდგა, ლოცულობდნენ და დღისით ეზოში სეირნობის უფლებაც ჰქონდათ. დაწესებულების მთელ პერიმეტრზე, ბეტონის სქელ კედლებზე, ზევიდან ეკლიანი მავთული იყო შემოვლებული და ყველა კუთხეში, კოშკურებზე იარაღმომარჯვებული გუშაგები მუდმივად მორიგეობდნენ, მათ მთელი პერიმეტრი უნდა ეკონტროლებინათ, თუმცა ამ ბარიერების მიუხედავად, ე.წ რეზბალნიციდან 2000 წლის 2 ოქტომბერს, სკანდალური გაქცევა მოხდა.

ციხიდან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, სამუდამოპატიმრობა მისჯილი ვახტანგ (ლოთი) ქობალია და მათი თანამოაზრეები, სულ 12 ადამიანი გაიქცა.

დაწესებულებაში განგაში დილის 12 საათზე ატყდა, როცა აღმოაჩინეს, რომ 12 ადამიანი დაწესებულებაში აღარ იყო და იქ გათხრილი გვირაბიც იპოვეს. ყველას უკვირდა, გურამ აბსანძის აღნაგობის ადამიანმა იმ გვირაბიდან გასვლა როგორ მოახერხა, მაგრამ ფაქტი რეალური იყო. მთელი ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები შეუდგნენ გაქცეულების ძებნას.გზები ყველა მიმართულებით გადაიკეტა. მალე ხმა დაირხა, რომ მათ რაჭაში ეძებდნენ. მაშინ მეც მივლინებით გავეშურე რაჭაში, მეტი ინფორმაცია რომ მომეპოვებინა. პირველად ვიყავი ამ კუთხეში, ტრანსპორტში ყველა ამ გაქცევაზე საუბრობდა. ამბროლაურში ჩასულმა პირველად პოლიციას მივაკითხე, იმ იმედით, რომ მეტ ინფორმაციას შევიტყობდი, პოლიციის უფროსის კაბინეტში გენერალი გია შერვაშიძე დამხვდა, რომელიც შს სამინისტროდან სპეციალურად მივლინებული იყო, თავის კოლეგებთან ერთად. არ ესიამოვნა ჟურნალისტის დანახვა და ამბროლაურის პოლიციის უფროსს ჩემთან საუბრის საშუალება არ მისცა. პოლიციის შენობიდან ხელმოცარული გამოვედი, უკვე ღამდებოდა, რაჭის მოსახლეობა შეშინებული იყო, აბსოლუტურად ყველა ოჯახს ჩხრეკდნენ. ყველგან ნიღბიანი სპეცრაზმელები იყვნენ ჩასაფრებულები, ამიტომ ჟურნალისტთან ურთიერთობას ხალხი გაურბოდა.

არც სასტუმრო იყო მაშინ ამბროლაურში, ვხედავდი ქუჩაში ვრჩებოდი, ნაცნობთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ერთ ოჯახში მივედი და გამიმართლა, აღმოჩნდა, რომ გაქცეული პატიმრები სწორედ იმ სახლში რამდენიმე საათით მისულიყვნენ, ოჯახის დიასახლისს მათთვის დასვრილი ტანსაცმელიც კი გაერეცხა, თავიანთი თავგადასავლის მოყოლაც მოესწროთ და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაადგილებაც.

გაქცეულების გადაადგილების ყველა ნაბიჯი შევიტყვე და ისიც, როგორ გაუმასპინძლდა შევარდნაძის დაცვის წევრის მამა პატიმრებს. გზადაგზა მართლა დაუჯერებელ ამბებს ვკრეფდი, როგორ შეიღება გურამ აბსანძემ თმები, როგორ შეიკრიჭა ლოთი ქობალიამ თავისი გრძელი წვერები, რომელიც მერე დაკავებისას მას ჯიბეში უპოვეს. მაშინ გაქცეულებს არც პოლიციის შეშინებიათ და აბროლაურის ცენტრში დავლიანიძეების სახლში ღამე გაათენეს, იქ საიდანაც 500 მეტრის მოშორებით იყო რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო პოლიცია, ამბროლაურის პოლიცია, სამხარეო პროკურატურა, გამგეობა და ყველა სახელმწიფო ობიექტი, მერე კი უკვე ფუტიეთის ტყეში გადაინაცვლეს და იქ რამდენიმე დღე იყვნენ დაბანაკებულები.

50000 ლარი დაწესდა ჯილდოდ, მაშინ ითქვა, რომ რაჭველმა გლეხმა “ჩაუშვა” ისინი. 12 ოქტომბერს რაჭაში კოკისპირულად წვიმდა. სამართალდამცავები სპეცოპერაციის შემდეგ ამბობდნენ, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს ფუტიეთის ტყეში შეიძლება ყოფილიყვნენ გაქცეულები და მიაგნეს კიდე.

“ინფორმაცია გვქონდა რომ გაქცეულები ფუტიეთში იყვნენ. 4 პოლიციელი ერთი მიმართულებით წავედით. კოკისპირულად წვიმდა. საოცარი ნისლი იყო. უცებ ნისლმა გადაიწია და კვამლი გამოჩნდა, მერე ისევ ყველაფერი ნისლმა დაფარა. ორიენტაციით იმ ადგილისკენ წავედით, საიდანაც კვამლი ამოდიოდა და იმ ადგილს მივადექით. გამაფრთხილებელად გავისროლეთ და მოვუწოდეთ დაგვმორჩილებოდნენ. ამ დროს ერთი უცებ ხევში გადახტა, ხევისკენაც გამაფრთხილებელად გავისროლეთ. ხელმძღვანელობისგან დავალებული გვქონდა, მსხვერპლის გარეშე ჩაგვეტარებინა ოპერაცია. ჩაღრმავებული ადგილი იყო და ტელეფონიც არ იჭერდა, რომ სხვებისთვის შეგვეტყობინებინა. წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთ, ხელები აწიეთ და დაგვნებდით, მივმართეთ მათ. გურამი ვარ აბსანძე და ნუ გვესვრით, თქვა მან და ხელებაწეული წამოვიდა ჩვენსკენ, მან და ლოთი ქობალიამ სხვებსაც მიმართეს, არ გაიქცეთ. დავნებდეთო. აბსანძეს ლოთი მოყვა, მერე ეჯიბია, გაქცევა ფირცხალავამ სცადა, მაგრამ ისიც მალე დავიჭირეთ.

გურამ აბსანძეს თმები წითლად ჰქონდა შეღებილი, ულვაშები კი შავად, ლოთი ქობალიას პატიმრობაში მოშვებული 5-6 წლის წვერები და თმა გაეკრიჭა და ვერ იცნობდი. ერთმა პოლიციელმა მას კითხა შენ ვინ ხარო, მე ლოთი ვარო. მორიგ კითხვაზე, ხომ არ მატყუებ, სად არის შენი წვერებიო. ლოთიმ ასე უპასუხა, აგერ ჯიბეში მიდევსო, ლოთიმ ხელი ჯიბისკენ წაიღო, მაგრამ არ ჩავაყობინე ჯიბეში ხელი, შემეშინდა ხელყუმბარა არ ჰქონოდა ჯიბეშიო.

მერე მანქანაში რომ ჩავჯექით, ლოთი ხუმრობის ხასიათზე იყო და ჯიბიდან თავისი წვერ-ულვაში ამოიღო და მითხრა, ნათქვამი მქონდა “სვაბოდაზე” რომ გამოვიდოდი წვერები უნდა გამეპარსა. გაქცევა სპორტული ჟინის გამო ჩავიდინეო”, – ასე იხსენებდა მაშინ ჩემთან ინტერვიუს დროს პოლიციელი ჭაბუკა ჩაჩხიანი გაქცეულების დაკავების დეტალებს. გაქცეულები სოფელ ფუტიეთიდან ვილისით ჩაიყვანეს სოფელ სხვავაში, მაშინ “ნივის” მძღოლი იხსენებდა, “მანქანაში დარჩათ მათ გატეხილი კალმისტარი, ცხვირსახოცი და რამდენიმე კოლოფი ასანთი. ლოთი კარგ ხასიათზე წავიდა, მეც ასე მომმართა, ღმერთმა დაგლოცოს, ლოთი ვარ ქობალიაო. სოფელ სხვავაში ისინი სხვა მანქანაში გადაიყვანეს”. მაშინ იმასაც ამბობდნენ, გაქცეული ფირცხალავა ფეხშიშველი იყო და პოლიციამ მას ფეხსაცმელი და წინდები უყიდაო. მაინც პასუხგაუცემელი იყო მთავარი კითხვა, ვინ გასცა ისინი, ვინმემ დაწესებული ჯილდოს ხათრით, ხომ არ მიაწოდა პოლიციას ინფორმაცია. იმჟამინდელმა შს მინისტრმა კახა თარგამაძემ მაშინ ისიც განაცხადა, რომ ერთ პირს არ მისცემდნენ ამ თანხას, რადგან რამდენიმე ინფორმაცია არსებობდა. საერთოდ მიიღო თუ არა ვინმემ ეს თანხა, ეს ჩვენთვის უცნობია.

18 წლის შემდეგ ლოთი ქობალია ამბობს, რომ მათ ადგილსამყოფელზე ინფორმაცია ბევრ ადამიანს ჰქონდა. ყოფილ სამუდამო პატიმრობა მისჯილს ვთხოვეთ დეტალები გაეხსენებინა.

– ბატონო ვახტანგ, როგორ გაიხსენებთ ციხიდან გაქცევისთვის მზადებას, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

– სიმართლე გითხრათ, დაკავების დღიდან სულ ვფიქრობდი გაქცევაზე. უკანონო ხელისუფლების და არამზადების ხელში ციხეში ჯდომა არ მინდოდა, არ მინდოდა საკანში დავეხვრიტეთ. ასეთი მომენტიც იყო, როცა სასამართლოდან ციხეში გადავყავდით, ექსკორტზე თავდასხმა და ჩემი გატაცება უნდა მომხდარიყო, ეს ჩვენს ხალხს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ვერ მოხერხდა. რომელი პატიმარი არ ფიქრობს თავისუფლებაზე, მითუმეტეს არაკანონიერად როცა ხარ დაკავებული.

– მაშინ იმასაც ამბობდნენ, დაწესებულებაში გვირაბი დაკონსერვებული იყო და გაუადვილდათ გამოსვლაო, მართალია?

– არა, გვირაბი იქ არ ყოფილა, ჩვენ გავთხარეთ, 2 თვე და 27 დღე ითხრებოდა ეს გვირაბი. მე და გურამს დიდად არ გვითხრია, მაგრამ თხრიდნენ ბიჭები. ტერიტორია კარგად იყო შესწავლილი. გაგვიმართლა, რომ ციხის ადმინისტრაციაში კარგი ავტორიტეტით ვსარგებლობდით, ყველა თანაგვიგრძნობდა, არავის უნდოდა ჩვენი პატიმრობაში ყოფნა. ჩვენს მიმართ ყურადღება გამკაცრებული არ იყო. გვენდობოდნენ და არ გვაკონტროლებდნენ.

  • რითი თხრიდით გვირაბს და რამდენად გასაიდუმლოებული იყო თავად პატიმრებში?
  • – გამოიძებნა ამის საშუალება, ზოგი თეფშით, ზოგი ნატეხით, რაღაც ნივთებით ითხრებოდა. ვინც თხრიდა მხოლოდ იმათმა იცოდნენ, სხვებთან კავშირი აკრძალული იყო, ძალიან გასაიდუმლოებული გვქონდა. სამი თვის თავზე უკვე მიზანს ვუახლოვდებოდით. მართალი გითხრათ, იქიდან გაქცეულები სამეგრელოში უნდა წავსულიყავით, იქ უნდა შეგვეკრიბა ისევ ჩვენი ბიჭები და უნდა შევბრძოლებოდი შევარდნაძის რეჟიმს, ეს იყო ჩვენი რეალური მიზანი.

– გაქცევის იდეა ვისი იყო და ტერიტორია კარგად გქონდათ შესწავლილი?

– თავისუფლების იდეა, ყველას გვქონდა. როგორც მახსოვს, გაქცევა გურამის იდეა იყო. გვირაბი სად გამოდიოდა, ეს შესწავლილი გვქონდა, თავიდან ბოლომდე თვალით იყო გაზომილი ყველაფერი. დაწესებულების საზღვარს გარეთ კი იდგა კოშკურა, მაგრამ ისეთ ადგილას გამოვედით, სადაც თხრილი იყო და იქ ჩავძვერით.

– გუშაგს არ დაუნახიხართ?

– ვერ დაგვინახავდნენ. ისე კი მესმოდა ხმა კოშკურიდან, ერთმა მეორე კოშკურას გადასძახა, იქ რა ხდებაო, რა ვიცი, ალბათ ძროხები იქნებიანო, უთხრა მეორემ, ჩვენ ჩრდილში ვიყავით, ისინი შუქზე და ვერ დაგვინახეს, სამშვიდობოს ასე გამოვედით, დაიგეგმა და ეს შევძელით, ყველა წვრილმანი უკვე აღარ მახსოვს.

– მაშინ ისიც ითქვა, გარეთ მანქანა უნდა დაგხვედროდათ, თუმცა აღარ დაგხვდათ და ამან თქვენი გეგმები არია, მართალია?

– გარეთ გველოდებოდა მანქანები, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ციხიდან გაქცევა დაგვაგვიანდა, დროში ვერ ჩავეტიეთ. ღამით 2-3 საათზე უნდა გავსულიყავით იქიდან, მანქანაში ჩავსხდებოდით, სამეგრელოში უნდა აღმოვჩენილიყავით, მაგრამ გასვლა დაგვაგვიანდა, დილის 8 საათი ხდებოდა, რომ გამოვედით, ამასობაში ის მანქანებიც წასული დაგვხვდა და გეგმები შეიცვალა.

– ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ გურამ აბსანძე როგორ გაეტეოდა იმ გვირაბშიო…

– გაეტია ძალიან კარგად, კარგი ორგანიზატორი და კარგი ადამიანია გურამი. უნდა გენახათ პატარა ბიჭივით როგორ დახტოდა ეს 200 კილოიანი კაცი, ისე დახტოდა 60 კილო გეგონებოდა. მშვენივრად გაძვრა. რიგრიგობით გავედით, 12 ადამიანი, ბოლოს წინა მე ვიყავი, მგონი, ეჯიბია მომყვებოდა ბოლოს. გამოვედით გარეთ და მანქანები წასული რომ დაგვხვდა, ეს ცუდი იყო. ჯერ კარგი გათენებული არ იყო, როგორე უნდა გაგვეღწია თავი იქიდან. გავედი ქუჩაში და მიკროავტობუსი გავაჩერე, მინდოდა მოვლაპარაკებულიყავი და წავეყვანეთ. ჩემი თავისთვის არც კი შემიხედავს ნორმალურად, თურმე ნახოხიალევი სულ დასვრილი ვიყავი, ავედი მიკროავტობუსში და მძღოლს რომ დაველაპარაკე, მან შემომხედა და ეტყობა “ბომჟი” ვეგონე, წვერებიც მოშვებული მქონდა, დასვრილი ვიყავი და მანქანიდან ჩამომაგდო, რას გავხარო, რომ მანქანის შუქზე რომ დავიხედე ვნახე როგორი დასვრილი ვიყავი. კიდევ კარგი სხვებმა რაღაც “მარშუტკა” გააჩერეს და წავედით ყველანი ერთად.

  • მაშინ ითქვა, რომ ერთი გაქცეული ორთაჭალაშივე დაგშორდათ, მართალია?
  • – კი, ის შავი სამყაროს წარმომადგენელი იყო, მანაც მიიღო გათხრაში მონაწილეობა და გამოვიდა, მაგრამ თავის გზაზე წავიდა. 11 დავრჩით, ეს ჩვენი ხალხი არ მოგვშორებია, ერთად ვიყავით. მათ დიდი სასჯელები არ ჰქონდათ, მაგრამ თავისუფლება ყველას უნდოდა. ამასობაში 9 საათი დაიწყო, ვიცოდით 9 საათზე შემოვლა დაიწყებოდა და მაშინვე ატყდებოდა განგაში, რადგან გამოსვლა დაგვაგვიანდა, ვერ ვასწრებდით უსაფრთხოდ სამეგრელოში ჩასვლას, გზებს გადაკეტავდნენ და ამიტომ საჩხერისკენ გადავუხვიეთ, გვინდოდა იქიდან სამეგრელოს მთებში, მარტვილში გადავსულიყავით და იქიდან ზუგდიდში და მერე ხელახლა უნდა დაგვეწყო ბრძოლა სამართლიანობისთვის. ვიცოდით შევარდნაძე ჩვენი ლიკვიდაციის ბრძანებას გასცემდა და ამიტომ გადავუხვიეთ საჩხერეში.

– ბატონმა გურამმა თმები სად შეიღება? – გურამს ვინ არ იცნობდა, მის ჭაღარას რომ ნახავდნენ, ეგრევე იცნობდნენ, ამიტომ გადაწყვიტა ასე. იმერეთში, გზაზე ერთ მდინარესთან გავჩერდით, გურამს თურმე წამოღებული ჰქონდა საღებავი, წყლით თმები დაისველა და ასე შეიღება თმები, იმიტომ რომ ბევრს თავგზა აბნეოდა. არ არის მართალი რომ წითლად შეიღება, თმები და ულვაში შავად შეიღება. მეც ტყეში მოვიჭერი წვერები, საპარსი არ მქონდა, მაკრატელი ვიშოვე და იმით შევიჭერი ჩემი გრძელი წვერები და ჯიბეში შევინახე, როცა ამიყვანეს მართლა ჯიბეში მედო. თმაც წელამდე მქონდა გაზრდილი,

– შევარდნაძის დაცვის წევრის სახლში შემთხვევით მართლა აღმოჩნდით? – კი, ესეც მართალია. საჩხერეში ვის ოჯახშიც შემთხვევით აღმოვჩნდით, ძალიან გულახდილი და კარგი კაცი იყო. პურ-მარილი გაშალა. პომიდვრის მწნილით და ხელით დამცხვარი პურით გაგვიმასპინძლდა, ძალიან მოშიებულები ვიყავით, ფეხით ამდენი ნასიარულევი და კარგად გეახელით, თითქოს გოჭის ხორცს მივირთმევდით. გურამი რომ შევიდა ურიერთობაში იმ კაცს უთხრა, შენ იცი მე ვინ ვარ, გურამი ვარ აბსანძეო, იმან მაშინვე თქვა, ჩემი ბიჭი სამთავრობო დაცვაში მუშაობს, მალე შეიძლება მოვიდეს და გაგიყვანთო. ოჯახი მართლა მოიქცა კაცურად, მაგრამ ალბათ მან მერე უთხრა თავის შვილს იქ რომ ვიყავით და ვფიქრობ შვილმა მისცა პოლიციას გეზი, რომ ჩვენ იქიდან რაჭისკენ წავედით. ასე ვფიქრობ, ამიტომ სწორედ იმ მიმართულებით დაიწყეს ჩვენი ძებნა და ამიტომაც ვერ გავედით სამშვიდობოს. საჩხერეში ჩვენი გადახვევა შეცდომა იყო, პირდაპირ რომ წავსულიყავით, მოვასწრებდით სამეგრელოში ჩასვლას და ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა, თურმე რეალურად ჩვენი ძებნა 12 საათამდე არ დაწყებულა. მანამდე არ გავხსენებივართ.

– იცოდით რაჭაში გადასასვლელები, თუ მეგზური გყავდათ?

– კავკასიონის მაღალ ძაბვას მივყვებოდით, იმ გზით გვინდოდა მარტვილში გადმოსვლა. ძალიან ვფრთხილობდით, შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო ჩვენი გადაადგილება ნაწილ-ნაწილ მივდიოდით, ძალიან ბევრი ვიარეთ, ტყე, ტყე. ძალიან დაღლილები ვიყავით, გადაადგილება გვიჭირდა, კილომეტრები ვიარეთ, ზოგიერთს ფეხსაცმელმა მოუჭირა და ქუსლში წყალი ჩაუდგა და ძლივს მიმოდიოდნენ, ზოგს დაუსივდა ფეხები, ორი თოკი გვქონდა, ერთი საბუქსირო იყო, ვისაც ძალიან უჭირდა იმას მოვიბამდით ამ თოკით ბუქსირზე, ერთი წინ მიდიოდა და უკან მყოფს მიათრევდა, ასე ერთმანეთს მივათრევდით.

გზაში პანტა მსხლის და წამლის ჭამით მოვკვდით, სხვა არაფერი გვქონდა. მერე ამბროლაურში ერთ სახლში მივედით, ჩვენი თანამოაზრის, მისი ოჯახი გაგვიმასპინძლდა, მაგრამ იქ დარჩენა არ შეიძლებოდა, ვიცოდით, რომ იქ ძებნას დაგვიწყებდნენ და ადგილი შევიცვალეთ. ჩვენი აზრით, გზას ვუბნევდით უშიშროებას და სამართალდამცავებს. ჩვენ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა გვქონდა, ვინც ხელს გვიმართავდა, ყველა ამას გვეუბნებოდა. ფუტიეთში მართლა კარგი პატივი გვცეს, მადლობა მინდა იმ ხალხს გადავუხადო ამდენი წლის მერე თქვენი დახმარებით. მართლა გვერდში გვედგნენ და საჭმლითაც გვამარაგებდნენ. თავიდან ყველი რომ მოგვიტანეს, მარილიანი იყო, საკმარისი პური არ გვქონდა და მარილიან ყველს ვეღარ ვჭამდით, დავიწუწუნეთ, მერე მოჰქონდათ უმარილო ყველი. ხალხი მართლა მხარში გვედგა, იცოდნენ ვინც ვიყავით, მაგრამ გვეხმარებოდნენ.

– ცნობილია, რომ ამბროლაურის ცენტრში, დავლიანიძეების სახლში 3 ღამე გაათიეთ, იქვეა პოლიცია და პროკურატურა, არ შეგეშინდათ დაკავების?

– იმ ოჯახში მართლა გავათენეთ ღამე, მაგრამ როგორც მახსოვს, ერთი ღამით ვიყავით. საოცრად კარგი მასპინძელი გვყავდა. გაქათქათებულ, თეთრეულში ჩაგვაწვინეს ეს წვირიანი, ტალახიანი, ნახოხიალევი ხალხი, ვეუბნებოდით არ გვინდაო, მაგრამ არ დაიშალეს. მეორე დილით რომ ავდექი და ამ თეთრ ზეწარს დავხედე, ზედ ეხატა ლოთი ქობალია. იქიდან მანქანით ფუტიეთში წავედით და დანარჩენი დღეები იქ, ტყეში ვიყავით.

– ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს იქ იყავით და ელოდით პოლიციის მისვლას, ამდენი დღე იქიდან რატომ არ წახვედით? მითუმეტეს ამბობთ, რომ ბევრმა ადამიანმა იცოდა თქვენი ადგილსამყოფელი და უსაფრთხოდ ვერ იქნებოდით, რას ელოდებოდით და ის ადგილი რატომ შეირჩა?

– უსაფრთხო ადგილი იყო, იქიდან უფრო ახლო იყო სამეგრელოს მთები და იქ ადვილად შეიძლებოდა გადასვლა, ამინდები კი იყო, მაგრამ გადასვლისთვის მომენტს ველოდებოდით. ვხედავდით ჩვენს თავზე ვერტმფრენები წამდაუწუმ როგორ დადიოდა და ამიტომ ვერ წავედით.

– ღამეს სად ათევდით?

– ბუნებრივი სორო ვიპოვეთ და იქ ვიყავით, სიღრმეში იყო, საკმაოდ ჩაღრმავებული ადგილი იყო და იქ სპეციალურად თუ არ მიხვიდოდი, ძებნა გაგიჭირდებოდა. ზემოდან ტოტები და ფიჩხები გადავაფარეთ, შევნიღბეთ შესამჩნევი რომ არ იყო. მთაში მოთიბული ჰქონდათ თივა, ის ჩამოვიტანეთ, დავაფინეთ სოროში და იმაზე ვიწექით.

– თქვენი აყვანის დღე გაიხსენეთ…

– წინა დღეებშიც ვხედავდით როგორ გვითვალთვალებდნენ. იმ ტერიტორიებზეც დადიოდნენ. ბუჩქებში ვიყავი ჩასაფრებული და თვალს ვადევნებდი, ჩემს წინ სადღაც 2 მეტრში ჩაიარა ძალოვანმა გოჩა სისაურმა, ვიცანი, შემეცოდა ის საცოდავი, თორემ შემეძლო მძევლად ამეყვანა, მაგრამ არ გავრისკე, ეს რომ გამეკეთებინა, ალბათ სისხლი დაიღვრებოდა. ჩვენ შეიარაღება არ გვქონდა, მათ კი ყველაფერი ჰქონდათ. შევარდნაძეს თბილისიდან ჰყავდა ეს ხალხი გამოშვებული და ალბათ ჩვენი ლიკვიდაციაც უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეტყობა იმ ტყე-ღრეში თბილისელებს დაეზარათ შესვლა და ადგილობრივები გამოუშვეს ჩვენს საძებნელად, ადგილობრივებმა აღმოგვაჩინეს, მერე ჩაგვაბარეს იმათ. ვინც აგვიყვანა, იმათმაც მაგარი პატივი გვცეს, კარგი ბიჭები იყვნენ.

– მაშინ პოლიციელები ამბობდნენ ცეცხლის კვამლმა მიგვიყვანა იმ ადგილამდეო. ასე იყო?

– არა მგონია, იქ ცეცხლის კვალი შეემჩნიათ ისე გვიან. თენდებოდა, შეცდომა ალბათ ისიც იყო, რომ ამხელა კაცი გურამ აბსანძე დავაყენეთ იმ ღამით მორიგედ. ჩვენ დავაშავეთ, ჩამალული რომ ყოფილიყო სადმე, შეიძლება ისე გაევლოთ, რომ არ გამოჩენილიყო. ხმაურზე მაშინვე გავედი და დავინახე რაც ხდებოდა, ჩავბარდით, წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. არც ერთი წუთი არ მინანია ციხიდან გაქცევა. სამუდამოპატიმრობა მისჯილი ვიყავი, დახვრეტაც მქონდა მისჯილი, მაგრამ იმედი არასოდეს დამიკარგავს, თავისუფლების იმედი არ იკარგება. მაშინ გაქცევისთვის 7 წელი დამიმატეს, სხვებსაც დაუმატეს სასჯელები.

საინტერესო ის იყო, რომ რაჭაში მივლინებული იყო თარგამაძის მაშინდელი მოადგილე გენერალი კახა ბაკურაძე. რომ დამიჭირეს და მანქანით გადავყავდით, მას ვუთხარი, კაცურად, რაჭიდან ისე არ გამიყვანო, ხვანჭკარა რომ არ დამალევინო-მეთქი. მივიდეთ პოლიციის განყოფილებაში და გპირდები მოგიტანთ იქ ხვანჭკარასო, მაგრამ ეტყობა ამის უფლება არ მისცეს. ერთ ტელეფონზე შევარდნაძე იჯდა, მეორეზე კახა თარგამაძე ყველა წვრილმანს ისინი აკონტროლებდნენ. მერე თბილისში, შს სამინისტროში ჩამოგვიყვანეს. სამინისტროს შენობაში ბოლო სართულზე იყო ციხე, იქ რომ შევედით კახა ბაკურაძემ დაგვახვედრა კარგი პურმარილი თავისი ლორით, ვიჩინით, ყველით, კარგი სუფრა დაგვახვედრა.

კაცურად მოიქცა, კაცური ჟესტი იყო. მახსოვს ჩახაია იყო წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი, დავიწყე იქაურობის დათვალიერება და გავეხუმრე, ახლა აქ ვეძებ და ვათვალიერებ, აქედან როგორ შეიძლება გაქცევა- მეთქი, ძალიან შეეშინდათ, ისევ არ გაიქცნენო.

– კიდევ რაიმე საინტერესო დეტალი ხომ არ გახსენდებათ? – მახსოვს გურამი და გოჩა სისაური წაკინკლავდნენ, როცა აგვიყვანეს და დაინახეს გურამი შეღებილი თმით, სისაურმა ცუდი სიტყვები აკადრა, ქალი ხომ არ ხარ თმები რომ შეგიღებავსო, ეს გურამმა არ აპატია და მაგრად წაკინკლავდნენ. ძალიან ცუდად გამოუვიდა სისაურს. ამ დროს მე და გურამი ხელბორკილებით ერთმანეთზე გადაბმული ვყავდით, ამ ინციდენტის შემდეგ მე და გურამი მოგვაშორეს ერთმანეთს და მე და ეჯიბია გადაგვაბეს ერთად. ასეთია გაქცევის დეტალები.

პ.ს. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საფუძველზე 2004 წელს ეროვნული გვარდიის სარდალმა, პოლკოვნიკმა ვახტანგ (ლოთი) ქობალიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მას 1996 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა უზენაესმა სასამართლომ, მოგვიანებით ეს სასჯელი 20 წლიანი პატიმრობით შეეცვალა. წლების განმავლობაში იხდიდა სასჯელს ციხეში, შემდეგ გაქცევისთვის 7 წელი დაემატა. ამჟამად იგი თავის სოფელში, სამეგრელოში ცხოვრობს.

“კვირის პალიტრა”

Cesko