ლეგენდარული სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა

0
431
25 Views

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარული სოპრანო, ქალბატონ მედეა ამირანაშვილი. თბილისის კონსერვატორიის სახელით, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, საოპერო, სახელოვნებო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს.“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობილი ქართველი მომღერალი (ლირიკული სოპრანო), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მედეა ამირანაშვილი 1930 წლის  10 ოქტომბერს დაიბადა.

მან 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ს. ინაშვილის კლასი). იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“), რის შემდეგ ამ თეატრის წამყვანი სოლისტია და ასრულებს სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“), მზია (თაქთაქიშვილის „მინდია“), ლელა (ლაღიძის „ლელა“), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი„), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“ და „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური“ და „ტრავიატა“), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი“) და სხვა. ამირანაშვილისთვის დამახასიათებელია ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, შინაგანი ექსპრესია და შემოქმედებითი დისციპლინა.

ქალბატონი მედეა ოპერისა და ბალეტის თეატრის სრულუფლებიანი წევრი გასული საუკუნის 50-იან წლებში გახდა და თავს დღესაც მის ნაწილად მიიჩნევს… კონსერვატორიის პროფესორი ვოკალის გაკვეთილებს ახლაც ატარებს და საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს. განვლილ ცხოვრებაზე სასაუბროდ ქალბატონ მედეას შინ ვეწვიეთ, ისიც, გულისხმიერებითა და სითბოთი, ეცადა, ჩვენთვის ბევრი რამ მოეთხრო სახლის ფონზე, რომლის კედლები სავსეა დიდებული მამა-შვილი ამირანაშვილების ცნობილი როლების ამსახველი ფოტოებით, ოთახები კი – უნიკალური ნივთებით, სუვენირებით და

ანტიკვარული ავეჯით.

– ბევრს დიდხანს ეგონა, კინოფილმ “ჭრიჭინაში”, ცნობილ სიმღერას (“მშვენიერმა მაისმა”) ლეილა აბაშიძე ასრულებდა. არადა, მას მე ვმღეროდი. რა პარტია არ შემისრულებია და რომელ სცენაზე არ გამოვსულვარ, მაგრამ ყველგან მაინც ამ სიმღერით მხვდებოდნენ, რადგანაც კინო ოპერასთან შედარებით მასობრივი ხელოვნებაა…

ლეილა აბაშიძე მეხუმრებოდა, მოდი, ფილმის ტიტრებში ნუ მივაწერთ, რომ შენ მღერიო… ერთხელ მატარებლით ერთად მივდიოდით და ხაშურში გავჩერდით, ხალხი “ჭრიჭინა, ჭრიჭინას” ძახილით შემოგვეხვია, ჰოდა, ლეილას ვუთხარი, მოდი, ახლა შენ იმღერე და პირს მე გავაღებ-მეთქი… მაგრამ მატარებელი დაიძრა და ლეილამ სიმღერა ვერ მოასწრო..……

– ახლა იმ ოთახში ვიმყოფებით, რომელსაც თქვენი მშობლების ცხოვრება ახსოვს… ცნობილია, რომ დედ-მამაც ოპერის მომღერლები იყვნენ და ქართული ოპერის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით…

– მამაჩემი, პეტრე ამირანაშვილი ოცნებობდა, სცენაზე ჩვენი წარდგენისას ასე გამოეცხადებინათ – საქართველოს სახალხო არტისტები, პეტრე და მედეა ამირანაშვილები… მამა რომ გარდაიცვალა, ეს წოდება ერთ თვეში მივიღე. ჯილდო ედუარდ შევარდნაძემ პირადად მომილოცა. ჩვენთან სახლში დარეკა: – “მედიკო, გილოცავ, შენ მიიღე სახალხო არტისტის წოდება!” ტირილი ამიტყდა. – რატომ ტირიო? – მკითხა. მამა ამას ასე ნატრობდა და ვერ მოესწრო-მეთქი. მანუგეშა, – “რას იზამ, ასეთია ცხოვრებაო!”

გარდა იმისა, რომ მამაჩემი ქართული ოპერის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, ფართო მაყურებელი მას იცნობს უკვდავი ფილმიდან “ქეთო და კოტე”, სადაც თავადი ლევანის როლს განასახიერებს. როდესაც რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ამ ფილმისთვის პერსონაჟს ეძებდა, სრულიად სხვა არტისტი ჰყავდა შერჩეული, მაგრამ მამა რომ გასინჯა, როლზე ულაპარაკოდ დაამტკიცა: კიდეც იმღერებ და კიდეც ითამაშებო…

მამა საოცარი მომღერალი და არტისტი იყო. არაჩეულებრივ გარეგნობასთან ერთად, ასეთივე ხმა ჰქონდა. მის მურმანს, კიაზოს, რიგოლეტოს გრანდიოზული წარმატება ხვდა ყველგან. ბევრს მოგზაურობდა გასტროლებით და ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა. გამორჩეულად უყვარდა ტურნეები საქართველოს მასშტაბით. ბავშვობა იმერეთში ჰქონდა გატარებული და იმ წლებს სიყვარულით იხსენებდა ხოლმე, – ერთხელ ვაშლის მოსაპარავად ბავშვები ხეზე ასულან, პატრონის დანახვაზე ყველა გაქცეულა, მამა კი ხეზე დარჩენილა. ვაშლის პატრონს უთქვამს, თუ იმღერებ, გაგიშვებო. პეტრესაც უმღერია და პირდაპირ ხეზე მჯდომი, ვაშლით სავსე კალათით დაუსაჩუქრებია.

დედა, ნადეჟდა ცომაია მეცო-სოპრანო გახლდათ. იმიტომ არა, რომ დედა იყო, მაპატიოს ყველამ (ახლანდელმაც და ძველმაც), მაგრამ მსგავსი მეცო-სოპრანო არ მომისმენია… მშობლებს ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი მიუძღვით.

ბავშვობაში წკრიალა ხმა მქონდა, მერე გარდამავალ ასაკში შემეცვალა. დედამ მითხრა, – მედიკო, იქნებ სიმღერაზე აღარ იფიქრო და უცხო ენებზე შეხვიდეო. არა, დედა, – ვუთხარი, მოვა დრო და ჩემით იამაყებ-მეთქი!..

დედა მოღვაწეობდა როგორც ჩვენს ოპერაში, ასევე პეტერბურგშიც – ორივეგან მეცო-სოპრანოს მთელი რეპერტუარი მიჰყავდა. როგორც გითხარით, ყველა აღნიშნავდა, რომ ულამაზესი ხმა ჰქონდა და საერთაშორისო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მსოფლიო კარიერაზე მეტად ოჯახზე ფიქრობდა, რასაც ყოველთვის ვუფასებდი…

ჩემ მიმართ სიმკაცრეს იჩენდა, როცა რაიმე არ მოსწონდა, დაუნდობლად მაკრიტიკებდა. მამა კი მანებივრებდა…

– ბავშვობა თბილისში გაქვთ გატარებული?

– დიახ, სოლოლაკში ვცხოვრობდით, ტაბიძეზე (მაშინდელი განოვსკის ქუჩა) და იქვე, ენგელსის ქუჩაზე (ახლანდელი ასათიანის) 43-ე სკოლაში დავდიოდი. ცუდი მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ კლასში დიდად არ ვბრწყინავდი… მოსწავლეობისას ასტრონომიამ მიმიზიდა, ძალიან შემიყვარდა ეს საგანი და მერე ცხოვრების მანძილზეც გაგრძელდა ეს ინტერესი, ხშირად დავდიოდი აბასთუმანში და ვარსკვლავებს ვაკვირდებოდი. აკადემიკოს ევგენი ხარაძესთანაც არერთხელ მისაუბრია. მოსკოვში, 1984 წელს, მფრინავი თეფშიც კი ვნახე… იური გაგარინსაც შევხვდი, – სიმპათიური, მხიარული ახალგაზრდა იყო…

– პირველ შემოქმედებით წარმატებას როდის მიაღწიეთ?

– ეს სტუდენტურ სცენას უკავშირდება. ვიმღერე რახმანინოვის “ალეკოში” ზემფირას პარტია, ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინში” – ტატიანა და უეცრად ყურადღების ცენტრში მოვექეცი. თუმცა გამორჩეულად მოსწონდათ ჩემი ნამღერი მარეხის პარტია ოპერიდან “აბესალომ და ეთერი”. ეს სპექტაკლი მხოლოდ იმით არ იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ პატარა როლმა დიდი წარმატება მომიტანა, მთავარი ის იყო, ამ პარტიის შესრულება უკვე თეატრის დადგმაში, ჩემი მშობლების გვერდით შემომთავაზეს. დედა ნათელა იყო, მურმანის პარტიას მამა ასრულებდა. აბესალომი დავით ანდღულაძე გახლდათ. სიხარულისგან დავხტოდი, – პირველი გამოსვლა სცენაზე და ასეთი ტიტანების გვერდით…

შემდეგ უკვე მშობლებთან ერთად “პიკის ქალშიც” ვიმღერე, რასაც სხვა სპექტაკლები მოჰყვა. თუმცა კარიერის მანძილზე მამასთან უფრო მიწევდა სცენაზე დგომა.

უამრავი ქვეყნის საოპერო თეატრებში მქონია გამოსვლები. “ქართველი დივა ხსნის სეზონს პარიზში” – ასე ეწერა სარეკლამო ბანერზე. სპეციალისტების დადებითი რეცენზიებითაც განებივრებული გახლდით…

“ყველგან კარგია, მაგრამ, სახლში უკეთესი”, – ეს ფრაზა ხშირად მითქვამს, ყველაზე წარმატებული გასტროლიდან დაბრუნების შემდეგაც კი. არასდროს მიფიქრია ჩემი ქვეყნის მიტოვება. არადა, თითქმის ყველა ქვეყნის საოპერო სცენაზე მიმღერია – კანადიდან დაწყებული, ავსტრალიითა და ახალი ზელანდიით დამთავრებული, ცხადია, ევროპის ჩათვლით. პარიზში სეზონიც კი გავხსენი, მაგრამ არანაირ შემოთავაზებას არასდროს დავთანხმებივარ.

– ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?

– კი, საკმაოდ. წარმატებული ვიყავი, თან, გარეგნულად, ეტყობა, რაღაც იზიდავდათ ჩემში… ქუჩაში რომ გავიდოდი, ხალხი უკან მომყვებოდა…

– სცენას როდის ჩამოშორდით?

– თბილისის ოპერა ჩემთვის დედათეატრია, ქუთაისის ოპერა – შვილობილი. ორივე მიყვარს. სიმღერაზე უარი 61 წლის ასაკში ვთქვი, ახლა ახალგაზრდებმა იმღერონ-მეთქი…

– როგორ გაიხსენებთ თქვენს ყოფილ მეუღლეს?

– ჩემი მეუღლე მოქანდაკე ოთარ ფარულავა იყო, რომელთან ერთადაც 10 წელი ვიცხოვრე. არ იყო ცუდი პიროვნება, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავცილდით. მან შემდეგ სხვა ოჯახი შექმნა, მისი შვილია მსახიობი ია ფარაულავა. იასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, “მედიკო დედიკოს” მეძახის. ვწუხვარ, რომ იას ცოტა ხნის წინ ძმა გარდაეცვალა, ისიც კარგი გულის ბიჭი იყო…

– ქალიშვილზე, მარინა ფარულავაზე რას გვეტყვით?

– ჩემს სახლში მარინას სახით კიდევ ერთი ოპერის მომღერალია, მას აქაც და უცხოეთშიც წარმატება ჰქონდა. მარინა პირველი პროფესიით პიანისტი გახლავთ, მას ორი არაჩვეულებრივი შვილი – მედეა და პეტრე ჰყავს. პეტრეს საკმაოდ კარგი ხმა აქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, კარგი იქნება, თუ თბილისის თეატრში არ შეწყდება ჩვენი ოჯახის ხმა. მედუკა გერმანელზეა გათხოვილი და კანადაში ცხოვრობენ.

– სამზარეულოში ფუსფუსი თუ გამოგდიოდათ?

– არც ისე, თუმცა რაღაცებს სულ ვაკეთებდი, მაგალითად, 90-იან წლებში ცხოვრება რომ ჭირდა, პურსაც კი ვაცხობდი და სახლში ჩემს გამომცხვარ პურს ოჯახის წევრები მიირთმევდნენ… ცხოველები მიყვარს ძალიან, მაგალითად, კატა “ბიბი” ჩემზე გიჟდებოდა, რომ არ მოვფერებოდი, კრუტუნს დაიწყებდა, მოალერსება უნდოდა… ახლა ეზოში რაც კატებია, ყველას მე ვაჭმევ და ისინიც სულ უკან დამდევენ… ბევრი რამ გიამბეთ, თუმცა ბევრიც დამრჩა მოსათხრობი, ფაქტი ის არის, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება გავლიე, იყო წარმატება, გულისტკენაც, სიხარულიც… მთავარია, ადამიანმა ფარ-ხმალი არასდროს დაყარო და იყო მადლიერი!

წყარო: shin.ge

სხვა ახალი ამბები:

ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალების ქალიშვილები – ჰგვანან თუ არა დედებს

(ვიდეო) “გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, სამშაბათს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა… გეტყვით, რატომ ვარ ახლა ეთერში” – დავით თარხან-მოურავი

“სიკვდილი არ არსებობს! მეცნიერების საშიში აღმოჩენა”

საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგანგებო განცხადება: “დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 3 დღით შეიზღუდება”

(ვიდეო) “გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, სამშაბათს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა… გეტყვით, რატომ ვარ ახლა ეთერში” – დავით თარხან-მოურავი

Cesko