„მოქვის სახარება“- ქართული ხელნაწერი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

0
399
29 Views

„ცნობილია‚ რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა‚ რასაც ის ძეგლები და ხელნაწერები მოწმობს‚ საუკუნეებს რომ გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია. სწორედ ასეთი ხელნაწერია „მოქვის სახარება“‚ რომელიც მეცამეტე საუკუნით თარიღდება და რომლის ანალოგი მსოფლიოში თითქმის არ არის. ეს სახარება უნიკალურია იმით‚ რომ შესრულებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ფურცლოვან ოქროზე‚ მაგრამ ახლა ის სავალალო მდგომარეობაშია. იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა‚ რომ მისი გადაფურცვლაც კი ვერ ხერხდება.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ‚ თამარ გეგიამ გვიამბო ამ უნიკალური ხელნაწერის ისტორია და გვესაუბრა იმ გეგმების შესახებ‚ თუ როგორ აპირებენ „მოქვის სახარების“ რესტავრაცია-კონსერვაციას.

– ქალბატონო თამარ‚ „მოქვის სახარება“ არის უძველესი ხელნაწერი‚ რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არის და რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. როგორ შეიძლება მოხდეს ამ ხელნაწერის რესტავრაცია-კონსერვაცია ისე‚ რომ შენარჩუნებული იყოს მისი პირვანდელი სახე?

– „მოქვის სახარება“ უძველესია და დათარიღებულია 1300 წლით. ის გადაწერილია მოქვის მონასტერში‚ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ხელნაწერის მნიშვნელობა ერთიორად იზრდება სხვადასხვა მნიშვნელობის გამო. ჯერ ის‚ რომ გადაწერილია აფხაზეთის ტერიტორიაზე და‚ მეორე – სახარება უხვად არის ილუსტრირებული. ის, პრაქტიკულად, უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც‚ რომ მინიატურები შესრულებულია ფურცლოვან ოქროზე. ეტრატზე დაკრულია მთლიანი ფირფიტები და შემდეგ უკვე დატანილია გამოსახულებები. თვითონ სახარების დასურათება არის შესრულებული ფურცლოვან ოქროზე. სწორედ ამან ჩააგდო ხელნაწერი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. როგორც ჩანს‚ იმ დროს‚ როდესაც კეთდებოდა მისი მოხატვა‚ გამოყენებული იყო არცთუ ისე მდგრადი საღებავები და შემაკავშირებელი ნივთიერებები. ეს კავშირი დროთა განმავლობაში შესუსტდა და ფურცლიდან ოქრომ დაიწყო ცვენა. შესაბამისად‚ ფუჭდება მინიატურებიც. იმდენად მძიმეა ხელნაწერის მდგომარეობა‚ რომ, პრაქტიკულად, შეუძლებელია მისი გადაფურცვლა. ჯერ კიდევ 40-იან წლებში, რამდენიმე რესტავრატორმა სცადა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება‚ მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ იძულებულები გავხდით‚ გვეძებნა ალტერნატიული გზები ხელნაწერის გადასარჩენად. სამწუხაროდ‚ ასეთი ტიპის დაზიანებაზე მუშაობის გამოცდილება ჩვენთან არავის აქვს. აღმოჩნდა‚ რომ მსოფლიოს წამყვან ცენტრებსაც კი არ ჰყავთ ისეთი სპეციალისტები‚ ვინც ამგვარ დაზიანებაზე იმუშავებდა. საკმაოდ დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მივაგენით ავსტრიელ სპეციალისტს‚ რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრში კონკრეტულ შემთხვევებზე მუშაობდა. ის არის როგორც ეტრატის‚ ისე მინიატურის სპეციალისტი. ჩვენდა საბედნიეროდ‚ 2010 წლის დასაწყისში იუნესკომ გამოაცხადა კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე. ამ კონკურსის ფარგლებში ჩვენ მოვამზადეთ პროექტი‚ რომელიც ეხება კონკრეტულად „მოქვის სახარებას“‚ მის დიაგნოსტიკას‚ ციფრული ასლების მომზადებას და შემდეგ უკვე გამოცემას. თვითონ პრობლემა საკმაოდ რთულია‚ რადგან ამ ეტაპზე არც ერთმა რესტავრატორმა არ იცის‚ თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სახარების რესტავრაცია და შემდეგ უკვე კონსერვაცია. ამიტომ, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ‚ გაიმართოს ჩვენი და უცხოელი სპეციალისტების შეხვედრა‚ სადაც დადგინდება‚ როგორ უნდა მოხდეს მასზე მუშაობა. ხელნაწერს‚ ასევე‚ მოშორებული აქვს ყდა‚ მისი აკინძვაც დაშლილია. საბედნიეროდ‚ ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა და იმედი მაქვს‚ სათავო ოფისიც პოზიტიურად გადაწყვეტს ამ საკითხს. მას შემდეგ‚ რაც გვეცოდინება‚ რა ტიპის დაზიანებასთან გვაქვს საქმე‚ იწყება ყველაზე რთული‚ ძვირად ღირებული და ხანგრძლივი პროცესი – კონსერვაცია. რადგან ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული‚ დავაარსეთ ცალკე ფონდი‚ სადაც გახსნილია ანგარიში. დაგვეხმარა ასევე „მაგთი“‚ „ბილაინი“ და „ჯეოსელი“‚ სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია‚ განახორციელოს ზარი და მცირე წვლილი შეიტანოს „მოქვის სახარების“ გადარჩენაში. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების დახმარება. ეს არის ჩვენი‚ ყველას ერთად გასაკეთებელი საქმე. ჩვენ‚ ასევე‚ გვინდა ხელნაწერის ციფრული ასლების მომზადება‚ რათა ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დახმარებით‚ სულ რამდენიმე დღის წინ შევიძინეთ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული დიგიტილაციის აპარატი‚ რომლის მონტაჟიც სწორედ ახლა მიმდინარეობს და მისი მეშვეობით შევძლებთ „მოქვის სახარების“ გადაღებას.

– ავსტრიელი რესტავრატორი აქ ჩამოვა‚ თუ ხელნაწერის უცხოეთში გატანა მოხდება იმისთვის‚ რომ რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდეს სახარებას?

– ესეც საკმაოდ რთულად გადასაჭრელი საკითხია. ჯერ ადგილზე მოხდება სახარებაზე ანალიზების აღება და შემდეგ დადგინდება‚ როგორ უნდა გადარჩეს. დაიწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პროცესი. მართალია‚ ძეგლები შედის კულტურის სამინისტროს შემადგენლობაში‚ მაგრამ ზედამხედველობას გვიწევს განათლების სამინისტრო. დაგვჭირდება საგარეო სამინისტროს ჩართვაც. ყველა ამ უწყებასთან მოლაპარაკების საფუძველზე გაირკვევა‚ როგორ დავეხმაროთ ხელნაწერს. მოხდება რესტავრატორის ადგილზე ჩამოყვანა საჭირო აღჭურვილობით თუ მისი გატანა – უცხოეთში‚ რომელიმე სამეცნიერო ცენტრში.

– ქალბატონო თამარ‚ მსოფლიოში კიდევ არსებობს ამგვარი ტიპის ხელნაწერი?

– ამ პერიოდის ხელნაწერები მსოფლიოში მრავლადაა‚ მათ შორის საქართველოშიც‚ მაგრამ ასეთი ტექნიკით შესრულებული ხელნაწერი სხვაგან არსად არის დაცული. როგორც ჩანს‚ ეს ტექნიკა იმ პერიოდის ერთგვარი ექსპერიმენტი იყო‚ რაც ძეგლის უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

– როგორია ამ სახარების ისტორია‚ როგორ მოაღწია ჩვენამდე?

– თვითონ ხელნაწერის ისტორიები იშვიათად არის შემორჩენილი‚ სულ ერთეული შემთხვევებია‚ როდესაც ვიცით‚ რა გზა განვლო ხელნაწერმა და როგორ მოაღწია მან გადაწერის ადგილიდან ხელნაწერის ეროვნულ ცენტრამდე. „მოქვის სახარება“ ის ბედნიერი შემთხვევაა‚ რომლის შესახებაც გარკვეული ისტორიული ცნობები გვაქვს. სახარება 1300 წელს დაიწერა მოქვის ტაძარში‚ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხელნაწერი ჩნდება მარტვილში და თვითონ ტაძარშიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს‚ როგორც სახარება. შემდეგ‚ უკვე 1921 წელს‚ როდესაც ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული საგანძური საფრანგეთში გაიტანეს გადასარჩენად‚ იქ აღმოჩნდა „მოქვის სახარებაც“. სამწუხაროდ‚ ალბათ‚ იქ დაცვის პირობები სახარბიელო არ იყო და გატანილმა ხელნაწერებმა სინესტის გამო სერიოზული დაზიანება მიიღო. შემდეგ 1945 წელს საგანძური მთლიანად დაბრუნდა საქართველოში და ინახებოდა მუზეუმის საცავში. 1958 წელს‚ კი როდესაც ჩამოყალიბდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, „მოქვის სახარებამ“ გადმოინაცვლა მის საცავებში და აგერ უკვე 52 წელია‚ აქ ინახება.

– თუ არის ცნობილი სახარების გადამწერის ან კალიგრაფისტის ვინაობა?

– მე აღვნიშნე‚ რომ ხელნაწერების შესახებ ისტორიები იშვიათად გვაქვს. მით უფრო იშვიათია ისეთი შემთხვევები‚ როდესაც გადამწერი თავის ვინაობას უთითებს‚ როგორც ჩანს‚ ზედმეტი თავმდაბლობის გამო. თუმცა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები – ერთნი ფიქრობენ‚ რომ ხელნაწერის მომხატველი უნდა ყოფილიყო ბიზანტიელი. მეორენი კი ამბობენ‚ რომ სახარების მომხატველი ქართველია‚ უბრალოდ‚ განათლება მიღებული უნდა ჰქონოდა ბიზანტიაში. ეს სავსებით შესაძლებელია‚ რადგან ვსაუბრობთ იმ პერიოდზე‚ როდესაც საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ბიზანტიასთან.

– არსებობს „მოქვის სახარება“‚ „გელათის სახარება“‚ „ალავერდის სახარება“ და ასე შემდეგ. ეს სახელები რის მიხედვით დაარქვეს ამ ხელნაწერებს?

– არის ხელნაწერი‚ რომელსაც სახელი აქვს იმ კონკრეტული ადგილის მიხედვით‚ სადაც ის იყო გადაწერილი. უფრო ხშირია ისეთი შემთხვევა‚ როდესაც ხელნაწერს სახელი მიენიჭა იმის მიხედვით, თუ სად იყო ის დაცული. მაგალითად‚ „ალავერდის სახარებას“ ეს სახელი ეწოდა იმიტომ‚ რომ ინახებოდა ალავერდის მონასტერში. ცოტა მოგვიანებით კი გვხვდება შემთხვევები‚ როდესაც კონკრეტული პირის სახელი ეწოდა ხელნაწერს. მაგალითად‚ ჩვენთან ინახება „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები‚ რომელსაც სახელი მინიჭებული აქვს გადამწერის მიხედვით: ბეგთაბეგისეული‚ გიორგისეული‚ თავაქარაშვილისეული. აქვე უკვე პერსონალებიც ჩნდება.“

წყარო: old.tbiliselebi.ge

სხვა ახალი ამბები:

Cesko