როგორ გაგზავნა ედუარდ შევარდნაძემ ირაკლი წერეთელი ბრიუსელში, ნატო-ს 30 000 ჯარისკაცის ჩამოსაყვანად – რას ყვება სოსო ცინცაძე

0
2766
56 Views

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, ბოლო დროს გააქტიურდა საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსების საკითხი. ოფიციალურ დონეზე, ამ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა, მაინც რამდენად რეალურია, რომ ეს მოხდეს?

– ეს ლაპარაკი შევარდნაძის ხელისუფლების დროს დაიწყო. ჯერ ნატო–ს სამხედრო ბაზების განთავსებაზე იყო ლაპარაკი, მერე ამერიკისა. იმას არავინ დაგიდევდა, რომ თუ ნატო–ს წევრი არ ხარ, ნატო ბაზებს კი არა, ერთ ჯარისკაცს არ დააყენებს შენს ქვეყანაში. ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ. 1993–1995  წლების პარლამენტში ხდება ეს ამბავი. მაშინ შევარდნაძის  მთავარი სახელმწიფო მრჩეველი ვიყავი და პარლამენტის სხდომებზე დასწრება მევალებოდა. ერთ–ერთ სხდომაზე ირაკლი წერეთელი გამოვიდა სიტყვით და შევარდნაძეს ეჩხუბა, ნატო–ს 30 000 ჯარისკაცი მზად ჰყავს, რომ საქართველოში გამოგზავნოს, ჩვენი სუვერენიტეტი დაიცვას და ამ საქმეს შენ უშლი ხელსო. შევარდნაძემ უპასუხა, გაგაგზავნი  ბრიუსელში,  ნატო–ს შტაბ–ბინაში და ვიდრე 30 000 ჯარისკაცს არ ჩამოიყვან, მანამდე შენი ფეხი არ ვნახო თბილისშიო. მართლა გაგზავნა ირაკლი წერეთელი ბრიუსელში მივლინებით შევარდნაძემ. მერე თქვეს, ორი პერანგი და ერთი წყვილი კარგი ფეხსაცმელი იყიდა წერეთელმა ბრიუსელშიო და  სულ ეს იყო. ცხადია, ერთ ჯარისკაცსაც ვერ ჩამოიყვანდა. ამგვარი დილეტანტიზმი მგონია დღეს ამერიკის სამხედრო ბაზებზე ლაპარაკი. ჯერ ერთი, ამერიკამ იაპონიაში დახურა ერთი სამხედრო ბაზა, იტალიაში აპირებს ერთი ბაზის დახურვას, ფილიპინებში დიდი ბაზა მცირე ბაზად გადააკეთა, ნანახი მაქვს ეს ბაზა მანილაში, შიგნით ვინ შემიშვებდა, მაგრამ ეს იყო ერთი დასახლება, პატარა ქალაქი. ეს ტენდენცია  უკვე შეუქცევადია, ამერიკა ამცირებს ევროპასა და აზიაში სამხედრო ბაზებს. ეს იმითიც არის გამოწვეული, რომ ძალიან დიდ ფულს უხდის ამერიკა ყველა ქვეყანას ბაზების განთავსების საფასურად,  2–დან 3 მილიარდ დოლარამდე წელიწადში და ზოგს მეტს უხდის, იაპონიას, ნიდერლენდებს  და პორტუგალიას. 80 ქვეყანაში აქვს სამხედრო ბაზები ამერიკას, ბევრგან  3–4 და მეტიც. კუვეიტში 9 ბაზა აქვს და სამხრეთ კორეაში იცი, რამდენი აქვს? 36 ბაზა! შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ ეგრეა. ეს უზარმაზარი ხარჯია, მარტო ის რამდენიმე მილიარდი არ არის დასათვლელი,  რასაც ამერიკა მიწის თუ სამხედრო ობიექტების იჯარის გადასახადს იხდის. სამხრეთ კორეაში ამერიკის სამხედრო ბაზებია, სადაც სამხედრო ობიექტების გარდა, არის  სკოლები, საბავშვო ბაღები, კინოთეატრები, საკონცეტრო დარბაზები, ამერიკული ფეხბურთის, ბეისბოლის, კრიკეტის, გოლფის სტადიონები და მოედნები, საცურაო აუზები,  სამედიცინო კლინიკები და კიდევ ბევრი სხვა და ეს ყველაფერი სამხედროებს,   მათ მომსახურე პერსონალს  და მათ ოჯახებს უფასოდ ემსახურება, სახელმწიფო იხდის ყველაფრის ფულს. ანალოგიური ბაზაა გერმანიაში, რამშტაინში, კოსოვოში,  მსგავსი  ბაზა–ქალაქი დახურეს იაპონიაში და არსებობს  ევროპის და აზიის რამდნიმე ქვეყანაში. ეს არის სამხედო ქალაქები და მათი შენახვა დიდი ფული ჯდება. ამას ჯერ კიდევ ბარაკ ობამა მიხვდა და მის დროს დაიწყო მუშაობა ბაზების შემცირებასა  და დიდი ბაზების პატარა  ბაზებად გადაკეთებაზე, მერე ეს  ტრამპმა გააგრძელა და ახლა ბაიდენიც ამ გზით მიდის. ეს პროცესი გაგრძელდება, ამერიკის ბიუჯეტსაც კი უკვე აღარ შეუძლია ამდენი ბაზის შენახვა. ამას ისიც დაამატე, ამერიკის საელჩოები ყველა ქვეყანაში სამხედრო დაზვერვის, და საგარეო დაზვერვისა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტურით არის სავსე, საელჩოების თანამშრომელთა 70–80 პროცენტს ეს ხალხი შეადგენს  და ბევრს საელჩოში  50, 100  და მეტი ადამიანი მუშაობს. ესეც დამატებითი ხარჯებია ამერიკის ბიუჯეტისთვის. მეორე ის არის, რომ კონკრეტულ ქვეყანაში სამხედრო ბაზებს იმიტომაც ხსნიდა ამერიკა, რომ  იქიდან სხვა ქვეყანა დაებომბა, თუ ამის საჭიროება იქნებოდა. დღეს ამის აუცილებლობა აღარ არის, რადგან შორი მოქმედების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური და სხვა სახის რაკეტები არსებობს, რომელთა სიშორეც 5 000 კილომეტრი და მეტიც არის. ეს შეიარაღება აქვს ამერიკას და მოიხსნა ამ მიზნით ბაზების არსებობის აუცილებობა  ბევრ ქვეყანაში. თურქეთის სამხედრო ბაზიდან მისწვდება იმ ქვეყნებს, რომელთაც შეიძლება საქართველოდან მისწვდეს. ვინც საქართველოში ამერიკის სამხედო ბაზების განთავსებაზე ლაპარაკობს, მათ ვურჩევ, ეს ფაქტორები გაივალისწინოს. მერე, სამხედრო ბაზის განთავსებას წინ უძღვის  მრავალწლიანი მოლაპარაკება, და არც ამის ნიშნებია. 1 800 კაციან ბაზის გაკათებას აპირებდა ამერიკაო და 1 800 სამხედროს და მათთვის საჭირო შეიარაღებას სულ მცირე, ორი მაგდენი ადამიანი სჭირდება, რომ მოემსხურონ. 5–6 ათასი კაცია საჭირო  და შეიძლება მეტიც და იმ ფონზე, როდესაც ამერიკა ამცირებს და ხურავს სხვა ქვეყნებში სამხედრო ბაზებს, აქ არარეალურია მისი განთავება. კი, იყო ლაპარაკი ვაზიანის სამხედო ბაზის რეკონსტრუქციაზე, ჩვენ და ამერიკელებს უნდა გაგვეკეთებინა ერთობლივად,  ახალი ასაფრენი ბილიკები  უნდა გაეკეთებინათ, ძველები გაფართოებინათ, რადგან სხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებია დღეს და ის ბაზა შეუფერებელია. გასული საუკუნის  60–იანი წლების ბოლოს დასრულდა მისი მშენებლობა. ეს თემაც დაიხურა.  თუ ვინმეს უნდა ამერიკის სამხედო ბაზა საქართველოში, მე მინდა, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა, თუ ბაზა იქნება, რუსეთი ვერასოდეს გაბედავს საქართველოში ერთი ბომბის ჩამოგდებასაც კი. სადაც სამხედრო ბაზა აქვს ამერიკას, ყველა ქვეყანასთან სამხედრო– სამოკავშირეო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და იმ ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას საკუთარ თავზე იღებს. ცხადია, ჩვენთან თუ ოდესმე განთავდა ამერიკის ბაზა, მანამდე ეს ხელშეკრულება გაფორმდება და რუსეთს ჩვენთან ომი მოუწევს ამერიკელი სამხედროების ცხედრებზე გადავლით, ეს კი რუსეთის მარტო ამერიკასთან არა, ნატო–სთან ომს ნიშნავს. დედა ტერეზაც რომ იყოს ამერიკის პრეზიდენტი, ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვას არავის  აპატიებს, რუსეთი იქნება თუ სხვა, ომს გამოუცხადებს. ასევე,  ამას გარდა წელიწადში 2–3 მილიარდი დოლარი ამერიკისგან ბაზის სანაცვლოდ  ამოასუნთქებდა  ჩვენს ქვეყანას. ჩვენი მეზობელი ვერც ერთი  ქვეყანა ვერ გაბედავდა საქართველოს ერთი გოჯი მიწის მიტაცებაზე ფიქრსაც კი, ვერც თურქეთი, ვერც ირანი და სხვებზე ლაპარაკიც არ ღირს. სადაც მშვიდობაა, იქ ეკონომიკაც ვითარდება, სადაც ამერიკული ბაზებია, იქ ამერიკისა და მისი  პარტნიორი ქვეყნების  ინვესტიციებიც მიდის–ბრიტანეთის,  საფრანგეთის,   გერმანიის, კანადის, ისრაელის,  ავსტრალიის… დასავლეთ გერმანია, მერე გაერთიანებული გერმანია,   იაპონია და სამხრეთ კორეა კმარა მაგალითებად. სამხრეთ კორეის ეკონომიკურ სასწულზე როდესაც ლაპარაკობენ, ბევრს ავიწყდება, იქ ამერიკის სამხედრო ბაზები და სიმშვიდე რომ არ  ყოფილიყო, არანაირი სასწაული არ მოხდებოდა, ჩრდილოეთ კორეის სხვა და სხვა დროის ოდიოზური მმართველები სამხრეთ კორეასთან ომს დაიწყებდნენ  და ომს რა მოაქვს, კი იცი. მინდა ამერიკული ბაზები, მინდა მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა, დაცული საქართველო,  მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. ილუზიებით არ უნდა ვიკვებოთ.

სხვა არის ამერიკის სამხედროს ყოფნა საქართველოში ამერიკული ბაზის გარეშე და მომავალში ამას არ გამოვრიცხავ. შესაძლოა, იგივე ვაზიანის სამხედრო ბაზის ერთობლივი რეკონსტრუქციის თემა გაცოცხლდეს, მარნეულის სამხედრო აეროპორტზეც იყო ლაპარაკი, ისეც შედის ამერიკელთა ინტერესებში. შეიძლება 100–200 ამერიკელი  ჯარისკაცი ჩამოვიდეს აქ, დარჩნენ და ერთობლივი სამხედრო პროექტები განახორციელონ ჩვენს სამხედროებთან ერთად, მათ ასწავლონ, ერთობლივი წვრთნები ჩაატარონ და ამ  საბაბით დარჩნენ აქ ამერიკელები.  ეს უფრო რეალისტურია და  ესეც დიდი საქმე იქნება. თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების საგარეო კურსის პირობებში არც ამის განხორციელებაა შესაძლებელი. ან  საგარეო კურსი უნდა შეიცვალოს, ან ხელისუფლება, ეს რომ მოხდეს.

სხვა ახალი ამბები:

თემურ მაისურაძე: “მოქმედი კანონი ათ წელიწადში დაგვანგრევს, გაგვანადგურებს”

 

რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად – რა იწვევს სექსუალურ დისფუნქციას ქალებში

 

ჩეხეთში მოსახლეობამ მთავრობის პროდასავლური პოლიტიკა გააპროტესტა

Cesko