ხმაური და არეულობა გრძელდება გლდანში, სადაც თბილისის საკრებულოს “ნაციონალ” დეპუტატზე თავდასხმა მოხდა. ნაცემია ირაკლი ეძგვერაძე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. ეძგვერაძეზე თავდასხმის დამკვეთად და ორგანიზატორად კახი კალაძის მეგობარს, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებენ. ამ თავდასხმა დღეს წინ უძღოდა ზარნაძე-ეძგვერაძის დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. როგორც ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, მას გლდანში, საკუთარ სადარბაზოსთან 30-ზე მეტი პირი დაესხა თავს, რომლებიც მას და მის 2 მეგობარს ხელკეტებსა და მძიმე მეტალის საგნებს, მათ შორის, სავარჯიშო გირებს ურტყამდნენ.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ambebi.ge საკრებულოს დეპუტატ კოტე ზარნაძეს დაუკავშირდა, რომელიც თავდასხმასთან კავშირს უარყოფს:
“ახლაც საკრებულოში ვიმყოფები და ეს ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, რა სისულელეა, ვინ მივუქსიე, რა 60 კაცი, მე ლაშქარი კი არ მყავს, მე რა ვიცი, ვინ იყვნენ?! მას თუ ვინმესთან პრობლემები აქვს, მე რა შუაში ვარ? ეძგვერაძე დღეს თავად დამესხა თავს საკრებულოს სხდომაზე, არარაობა, იარაღის და წამლის ჩამდები და რაღა არ მეძახა. გადახედონ მის წარსულს, შეისწავლონ, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და გაირკვევა, ვინ შეიძლებოდა გასწორებოდა, მე არაფერ შუაში ვარ…“
“ტვ პირველთან“ კომენტარში ეძგვერაძემ განაცხადა, – “კალაძე არ ვიცი, მაგრამ კოტე ზარნაძე რომ დამკვეთია, 100 %-ით ვიცი”.
“შემოგვივარდნენ ეს არაკაცები, ესენი ამას ხომ ისე ვერ გაბედავენ, პოლიცია და სახელმწიფო რომ არ უმაგრებდეს ზურგს. არ ვიცი საერთოდ რაში წერია ასეთი მოქცევა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ყველანი ერთნაირად, მე განსაკუთრებით გამისწორდნენ. ყველამ ნახეთ საკრებულოში რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, იმის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. ყველას ვიცნობ, ვინც იყვნენ. ყველას ამოვიცნობ, ყველას ამოცნობა შემიძლია.
რა თქმა უნდა, ზარნაძეს უდგანან ესენი 2020 წლის არჩევნებში, კალაძესაც, 2021 წლის არჩევნებშიც უბანში იარაღით რომ მოვარდნენ, ზარნაძის გარემოცვაა, ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში. ოფიციალური პირებიც იყვნენ, მაგალითად, ტატო ხუნდაძე, „ქართული ოცნების“ აქტივისტია…. “. – განაცხადა ეძგვერაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, “ქართული ოცნების“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს “არარაობა“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იდო.
დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ფრაქცია “ქართული ოცნების “ წევრს, კონსტანტინე ზარნაძესა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნინო კვიტაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც თავის მხრივ, კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, გლდანში, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართლდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დააკავეს.
წყარო: ამბები.ge