ცნობილ რეჟისორს ლევან ანჯაფარიძეს ცოტა ხნის წინ მეუღლე გარდაეცვალა… მიუხედავად მის თავს დამტყდარი უდიდესი ტრაგედიისა, ამბობს რომ ჰქონდა შესაძლებლობა 22 წელი ულამაზესად ეცხოვრა და გაეგო რას ნიშნავს სრული ბედნიერება.
„პანდემიის პირობებში ძალიან ბევრმა დაკარგა ძვირფასი ადამიანი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში კოვიდი არაფერ შუაში იყო, ჩემი მეუღლე გულით გარდაიცვალა. არანარი ვირუსი არ შეგვხვედრია, აცრილებიც ვიყავით, ყოველდღე კლიპის პრემიერას ველოდებოდით, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ლელა ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, ეტყობა გადაიღალა და გამთენიას ხელში ჩამაკვდა. 60 წლის კაცი მარტო დავრჩი. ლელა ჩემი მეორე მეუღლე იყო, მე უფალმა 22 წელი მისი სახით სრული ბედნიერება მაჩუქა! რომ გამეგო რა არის ბედნიერება, ქალის და კაცის დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ქალი – აი, ეს ყველაფერი დამანახა უფალმა და მერე წაიყვანა, ყველაფერი უფლის ნებაა. 22 წელი ულამაზესი ცხოვრებით ვიცხოვრე.
თითქოს გული რაღაცას უგრძნობდა და მისი ბოლო სამი დღე სრულიად უჩვეულო იყო. ამას პირველად თქვენ გიყვებით: სადაც ეკლესიას დაინახავდა, ყოველთვის შედიოდა. მარხვას იცავდა და ძალიან სუფთა გულის გოგო იყო. დიღომში კინოსტუდიაში ვიყავით და მოგეხსენებათ, კინოსტუდიის ეზოში წმინდა ლაზარეს ეკლესიაა. ეკლესიაში არავინ იყო, წმინდა ლაზარეს ხატთან ერთადერთი კანდელი ენთო. ლელას სანთლები სულ დაჰქონდა, იმ დღესაც ძალიან ბევრი ჰქონდა წამოღებული, ყველა სანთელი აანთო და მთელი ეკლესია გააბრდღვიალა. თავად ლამის ამბიონზე იდგა და ხელებაწეული დაახლოებით ერთი საათი ხმამაღლა ლოცულობდა. მოგეხსენებათ, რეჟისორი ვარ და ყველაფერს, როგორც კინოს ისე გიყვებით. ეს ყველაფერი რაღაც მინიშნება იყო.
ვორონცოვზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გვაქვს და მეორე დღეს რომ ჩავიარეთ, იქაც ერთადერთი კანდელი ენთო. ირგვლივ არავინ იყო და ლელამ ისევ გააჩახჩახა სანთლებით მთელი ეკლესია. ისეთი გრძნობით ლოცულობდა, მეგონა ჰაერში იწეოდა. მესამე დღეს ბარბარობა იყო და რასაკვირველია მთელი დღე ეკლესიაში ვიყავით. წმინდა ბარარეს სახელობის ეკლესიაში ძალიან ბევრი ხალხი იყო და ლელამ იქ მთელი დღე ლოცვაში გაატარა. ძალიან დაღლილები ვიყავით, სახლში მინდოდა წამოსვლა, მაგრამ მთხოვა თავისუფლების მოედანზე გამიყვანეო. შენ რომ პატრიარქმა ჯვარი გაჩუქა, გაწყვეტილი ჯაჭვი ოქრომჭედელთან მივიტანე და აუცილებლად უნდა წამოვიღო, თორემ დაიკარგებაო. წამოვიღეთ ის ჯვარი, თავის ხელით გამიკეთა და დილის ოთხის ნახევარზე ჩემს ხელში აღესრულა”, – განაცხადა ლევან ანჯაფარიძემ
წყარო: ambebi.ge