გარდაიცვალა პუბლიცისტი და მწერალი თემურ მირიანაშვილი

0
1507
49 Views

გარდაიცვალა თემურ მირიანაშვილი – თავისი პირდაპირობით და უკომპრომისობით ცნობილი პუბლიცისტი, მწერალი. მძიმეა ბატონ თემურზე წარსულში საუბარი, მასთან ჩემი ნაცნობობისა და მეგობრობის დაწყებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ.
თემურ მირიანაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
თემურ მირიანაშვილი საკმაოდ უნივერსალური ინტერესებისა და შესაძლებლობების მქონე პიროვნება გახლდათ, რომლის პოლიტიკური მსჯელობა, პუბლიცისტიკაში წარმოდგენილი, რკინისებური ლოგიკით, მყარ ფაქტებზე დგომითა და აკადემიურობით გამოირჩეოდა. სწორედ ეს რკინისებური ლოგიკა კარნახობდა მას, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდებოდა საუკეთესო ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან.

რუსეთთან კეთილმეზობლობაზე აგებულ საგარეო პოლიტიკას ურჩევდა თემურ მირიანაშვილი პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომლის ერთ-ერთ მრჩევლადაც იგი მუშაობდა. 1990-იან წლებში თემურ მირიანაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლების დელეგაციის შემადგენლობით, შეხვდა იმჟამინდელ რუსულ პოლიტიკურ ელიტას; დიალოგი ძალიან შედეგიანი გამოდგა.

რუსულ ვექტორზე ყურადღებას ბატონი თემური იმ პერიოდში, თავის მიერვე დაარსებულ გაზეთში “მთაწმინდა”, ამახვილებდა. ამ გაზეთში შესანიშნავი მასალები იბეჭდებოდა მთავარი რედაქტორის, თემურ მირიანაშვილის ავტორობით. პირადად მე, ძალიან ახალგაზრდა კაცი, გაზეთის ყველა ნომერს ვეცნობოდი და მირიანაშვილის პუბლიკაციებმა ჩემზე არა მხოლოდ ხანმოკლე (თუნდაც ნათელი) შთაბეჭდილება, არამედ გარკვეული მსოფლმხედველობრივი გავლენაც მოახდინა.

ძალიან განიცადა ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმის დამკვიდრება. პირველი ინსულტი სწორედ მაშინ, 2004 წელს დაემართა ამ ფონზე. არადა, თვით სააკაშვილს უზუსტესი დიაგნოზი დაუსვა ბატონმა თემურმა, რის წყალობითაც მას საქართველოში დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს.

თემურ მირიანაშვილის მიმართვა მიხეილ სააკაშვილს – თქვენ ხართ ცნობილი გიჟი – იხილეთ ვიდეო:

 

ძალიან უხაროდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დღე, რომელიც თავის დაბადების დღეს, 1-ლ ოქტომბერს, დაემთხვა. მართალია, შემდგომმა ხანამ გვაჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ფორმალური დამარცხება ქვეყანას ვერ ააშენებდა, მაგრამ უამრავმა ადამიანმა შვებით ამოისუნთქა რუსეთთან მიმოსვლისა და ვაჭრობის განახლების შედეგად, რაში ბატონი თემურის თავგანწირული ბრძოლის წილიც არის.
არაერთ პატივცემულ ადამიანს დავურეკე სამწუხარო ცნობით, საერთო ნაცნობის, კოლეგისა თუ მეგობრის დაკარგვის გამო – ყველა მათგანს უაღრესად დაწყვიტა გული ბატონი თემურ მირიანაშვილის გარდაცვალებამ.

გულბაათ რცხილაძე, პოლიტოლოგი

P. S. გამოსვენება კვირას (6 თებერვალი), 14 საათზე, თბილისი, ვაჟა-ფშაველას 62-იდან.

Cesko