გიორგი გაბუნია: ,,ჩემი წასვლის დრო დადგა… ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებიც”

0
1551
70 Views

,,ცოტა ხნის წინ სამუშაო ადგილი და კომპიუტერი გავათავისუფლე მიშასთვის, ,,პოსტ-ფაქტუმის” ახალი წამყვანისთვის. ძველი ფაილების გასუფთავებისას ეთერში გაუსვლელი რამდენიმე გაბულოგი აღმოვაჩინე, რომლებიც გადაცემისთვის მოვამზადე, მაგრამ სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე მაყურებლამდე აღარ მივიტანე”, – დაწერა ,,პოსტ-ფაქტუმის” ყოფილმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ და გამოაქვეყნა გაბულოგიდან ორი ეპიზოდი.

,,გაბულოგი #77 – სექტემბერი, 2021 წელი… რამდენიმე დღეში გავა ზუსტად ორი წელი მას შემდეგ, რაც “მთავარ არხზე” პირველი “პოსტ-ფაქტუმი” წავიყვანე. მანამდე ორწელიწად-ნახევარი მიმყავდა “პოსტ-სკრიპტუმი” “რუსთავი 2”-ზე ანუ, თითქმის, ხუთი წელია, რაც ამ ყველასგან გამორჩეულ გუნდთან ერთად ვმუშაობ. ხუთი წლის შემდეგ ვთვლი და, უფრო მეტად, ვგრძნობ, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. ამდენი წლის შემდეგ ცვლილებაა საჭირო, ისევე, როგორც ყველაფერში – ცალკე ჩემთვის და ცალკე გადაცემისთვის…

ამ ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, პროდიუსერებთან მუშაობა დიდი პატივია არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით, არამედ სუფთა ადამიანური კუთხითაც… ჩემი გამოხტომები ყველაზე მეტად მათთვის იყო მიუღებელი, მაგრამ ყოველთვის მოთმინებით მიღებდნენ – როგორც ოჯახის წევრს…

პუტინი რომ საფლავში ჩავდე, როდესაც  „რუსთავი 2“-ელი თუ სხვა კოლეგები ღიად მგმობდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემს გაკრიტიკებას და ჩემგან გამიჯვნას, როდესაც ზოგიერთი მათგანი დირექტორის კაბინეტში სამსახურიდან ჩემს დაუყოვნებლივ გაგდებას მოითხოვდა, მაშინაც ეს გუნდი ჩემ გვერდით დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომლიდან ყველაზე მიუღებელი ჩემი საქციელი, შესაძლოა, სწორედ მათთვის იყო…
ვიცი, ისინი ახლაც გაიგებენ ჩემს გადაწყვეტილებას წასვლის თაობაზე. მათ ბევრად უფრო მეტი იციან – თქვენთან ყველაფერს არ ვამბობ და ვერც ვიტყვი…”
,,გაბულოგი #76 – აპრილი, 2021 წელი… ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ ეს არის 1978 წლის 14 აპრილს გადაღებული სურათი… ხვდებით, რამხელა გამბედაობა სჭირდებოდა იმ დროს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ასეთი ლოზუნგებით გამოსვლას?..

43 წელი გავიდა მას შემდეგ, სისხლიც ბევრი დაიღვარა, საქართველომ თავისუფლებაც მოიპოვა და უკვე 30 წელია დამოუკიდებელია.
წარმოგიდგენიათ, ჩვენ, ამ ადამიანების შთამომავლებს, რამდენად მეტის გაბედვა უნდა შეგვეძლოს დღეს?..

სად უნდა ვიყოთ დღეს, და სად ვართ… ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაჭედილი მოლაპარაკებებიც – იქ უკვე მართლა რამდენ ენაზე და ვინ რას ლაპარაკობს, ნეტა ვიცოდეთ… აბა, ქართულად მხოლოდ ქართველებს შორის დიალოგი და შეთანხმება აღარ გამოგვდის… ბაბილონის გოდოლის ისტორია, ხომ გახსოვთ, როგორ იწყება და როგორ მთავრდება? იწყება აღმშენებლობის დიადი ამბიციური გეგმებით და სრულდება შუა გზაში მიტოვებული ქაოსით და ნანგრევებით.
ასეთი ფინალისკენ მივექანებით ჩვენც… ცოტა ხანში ჩვენი ისტორიის მოყოლასაც ვერ შევძლებთ წესიერად; იმიტომ, რომ ქართულ ენაზე გამართულად ლაპარაკიც გვავიწყდება. მამული, ენა, სარწმუნოება. ოკუპირებული მამული, დასახიჩრებული ენა და შეურაცხყოფილი სარწმუნოება. ესღა შემოგვრჩა ბოლოს ილიას სამი სიწმინდიდან”.

ამონარიდები გაბულოგიდან

Cesko