ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ – ადამიანურად გთხოვთ, არ ვიჩქაროთ

0
457
18 Views

„ის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტში რუსეთი საერთოდ ნახსენები არ არის, სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლენაა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ უკრაინას მხარი ღირსეულად უნდა დაუჭიროს.

არგაღიზიანების პოლიტიკას თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე იმიტომ, რომ გესვრის და გაგაქრობს.

კი ბატონო, ფრთხილები უნდა ვიყოთ, თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, მაგრამ რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთს არ ვახსენებთ და ვითომ არაამქვეყნიური საფრთხეების წინაშე დგას უკრაინა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისგან სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლენაა.

სიმართლე გითხრათ, ეს გულს ძალიან მწყვეტს.

მიმაჩნია, რომ არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ უფრო ღირსეულად დავუჭერთ მხარს ჩვენს მეგობარ ქვეყანას, იმ ქვეყანას, რომელიც 90-იან წლებში სულ რომ არ ევალებოდა, მოხალისეებით იბრძოდა აფხაზეთის ომში, სულ რომ არ ევალებოდა, ჭუბერში ჩარჩენილი მშიერი, გაყინული, გაუბედურებული დევნილები გადმოიყვანა ქუთაისში და თბილისში თავისი ხარჯით, თავისი რისკით. სიკვდილ-სიცოცხლის რისკს გადიოდნენ უკრაინელი შვეულმფრენების მფრინავები.

ომის დროს თბილისის თავზე სამხედრო თვითმფრინავით დაფრინავდნენ, უკრაინის პრეზიდენტი აქ იყო და რუსთაველზე იდგა, ისიც რისკავდა.

ასეთ ქვეყანას, როცა საშინელი საფრთხე აქვს, ვეუბნებით, რომ შარში ხარ, მაგრამ შარი ვისგანაც არის, იმას ნუ მახსენებინებ. ვამბობ, რომ არგაღიზიანება და სიფრთხილე სწორია, მაგრამ სისაწყლეს და სიბეჩავეს თუ გამოვავლენთ, არავინ ღირსეულად აღარ შემოგვხედავს, არც მეგობრისა და არც მტრისთვის არაფერი ვიქნებით.

„ქართულ ოცნებას“ ადამიანურად გთხოვთ და მოგიწოდებთ, არ ვიჩქაროთ. ძალიან ცუდად წარმოჩინდება ჩვენი ქვეყანა, თუ 1 და 2 პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია იქნება.

იმდენი მაინც ვქნათ, რომ განსაცდელში მყოფ მეგობარს ერთიანი რეზოლუციით დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

Cesko