ევრო 2024-მა ბევრი რამ აღმოგვაჩენინა – მათ შორის – ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების განსაკუთრებული შესაძლებლობები. აღმოვაჩინეთ ფეხბურთელიც, რომელსაც აქამდე ბევრი არ იცნობდა – გიორგი გველესიანი, რომელიც ირანში თამაშობს. ნაკრების მაისურის მორგება მისი ოცნება იყო, ამ მიზანს კი 33 წლის ასაკში მიაღწია.
გველესიანი ყოველთვის გულდაწყვეტით საუბრობდა, რომ მას არ ეძლეოდა შანსი, ეთამაშა ეროვნულ ნაკრებში. ვილი სანიოლმა კი ნაკრების მაისური ყველაზე მნიშვნელოვან დროს შესთავაზა – ევროპის ჩემპიონატზე. როცა ეს მისმა ირანელმა თანაგუნდელებმა გაიგეს, გველესიანს განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ, რომ ევრო-ტურნირამდე მას ტრავმა არ მიეღო.
გიორგი გველესიანის ქართულ-ირანული ცხოვრება – იყო და არა იყო რა… ამ ამბავს, ალბათ, ასეთი დასაწყისი ყველაზე მეტად მოუხდებოდა, რადგან ზღაპარს ჰგავს, თუმცა ზღაპრულად არ დაწყებულა.
ჯერ ბურთი იყო, მერე დედამ საოცნებო მაისურიც უყიდა – “მანჩესტერის” მაისური, რომელიც ამ დღიდან ფეხბურთზე შეყვარებული ბიჭის თანამგზავრი და განუყრელი მეგობარი გახდა. ბავშვობის ფიქრები და სურვილები რეალობად მაშინ იქცა, როცა პატარა ეზო დიდმა მოედანმა ჩაანაცვლა, ქვებისგან სახელდახელოდ გაკეთებული კარი – ნამდვილმა ბადემ. ბუცები რომ არ ჰქონდა, ეს მწვრთნელს თავიდან ვერც კი გაუმხილა.
შვილისთვის მოსაყოლი ბევრი აქვს, გასახსენებელი – კიდევ უფრო მეტი, ბედნიერების იმ წუთებზე, მან და მისმა თანაგუნდელებმა მთელ ქვეყანას რომ გამოაცდევინეს – იმ ოცნებაზე, თაობებს რომ ჰქონდათ და მხოლოდ მათი თავგანწირული ბრძოლით ახდა.
გიორგი გველესიანი ის ფეხბურთელია, ეროვნულ ნაკრებში გამოჩენისთანავე, არნახულ პოპულარობას რომ მიაღწია, დიდი თუ პატარა აალაპარაკა, თანაც მხოლოდ მისმა თამაშმა არა. ბურთით დიდი გზა გამოიარა – იყო დრო, როცა მისთვის ყველა კარი დაიხურა და სასურველი კლუბებიც აღარ ჩანდნენ. 90-იანი წლების გაჭირვებამ, არაერთმა მარცხმა, წარმატებამ და წარუმატებლობამ კიდევ უფრო გააძლიერა, რომ ამ სპორტში შეუპოვრად ებრძოლა და თავიც თანდათან დაემკვიდრებინა. ასე იქცა 33 წლის ფეხბურთელი იმის მაგალითად, ცხოვრებაში როგორ არ უნდა დანებდე და მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლო.
დროის გასვლასთან ერთად, კიდევ უფრო ძლიერდებოდა სასურველ კლუბებში თამაშის მოლოდინიც. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ფეხბურთმა, ისტორიულად და კულტურულად, საქართველოსთვის კარგად ნაცნობ და, თანაც, ძალიან განსხვავებულ ქვეყანასთან მიიყვანა.
სანამ გურჯისტანში გაითქვამდა სახელს, აზიის სამხრეთ-დასავლეთში, სპარსელებმა გაიცნეს. ბიჭი, რომელმაც 85-მილიონიან ქვეყანაში ბურთი ისე გააგორა, რომ, მალევე, ყველა მის გულშემატკივრად გადააქცია, ირანში 8 წლის წინ ჩავიდა. მაშინ 25 წლის იყო. ისწავლა სპარსულიც. “პერსეპოლისთან” ერთად, ირანის ჩემპიონობა მოიპოვა.
ირანში იმდენად გულშემატკივრობდნენ, რომ შაჰების ქვეყნიდან იქაურმა მწვრთნელმა ფედერაციაში წერილიც გამოგზავნა, გიორგი ნაკრებში ათამაშეთო. როცა გამოიძახეს, თანაგუნდელები, თურმე, ძალიან უფრთხილდებოდნენ, რომ სამშობლოში ტრავმის გარეშე გამოეშვათ.
გიორგი გველესიანი პორტუგალიასთან მატჩის დროს კრიშტიანუ რონალდუს საფეხბურთო იმედგაცრუების მიზეზიც არაერთხელ გახდა. ფეხბურთის ლეგენდას მოედანზე უკვე მეორედ შეხვდა, თუმცა მეტოქემ მასთან ორთაბრძოლაში გოლის გატანა ვერცერთხელ ვერ მოახერხა.
ირანელი ქალები ფეხბურთის გულშემატკივრობაში ტოლს არ უდებენ მამაკაცებს, მაგრამ მათთვის სტადიონზე ადგილი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. თამაშს გიორგის მეუღლეც დაესწრო. ირანში სტადიონზე ქალებისთვის ტრიბუნები ცალკეა გამოყოფილი.
გიორგი გველესიანის მეუღლეს – ლინდას თავისი კარიერა აქვს. საქართველოში ჰოლივუდის ფილმების აკადემიის თანადამფუძნებელია.
მათი გაცნობის ისტორიაც თითქოს ჰოლივუდურ ფილმს ჰგავს, რომლის სცენარიც ფეხბურთელმა ლინდას გაცნობამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა და დაგეგმა.
დუდუ გველესიანი მათი შვილია, რომელსაც ბურთის თამაში უყვარს და თურმე – ფეხბურთელის ქალიშვილიც – ბუდუ ზივზივაძის შვილი – შაი.
გიორგი მღერის, თუმცა იმასაც ამბობს, რომ სიმღერით თავს ვერავის მოაწონებს. თვითნასწავლი მუსიკოსია და გიტარაზეც უკრავს. აკორდები სოციალური ქსელების დახმარებით ისწავლა, თუმცა გიტარას ხელში მაინც მხოლოდ ვიწრო აუდიტორიისთვის იღებს.
წიგნების სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება. თამაშებს შორის კითხვასაც ახერხებს. არც იმას გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ, საყვარელი ავტორების მსგავსად, სამწერლობო ასპარეზზე ძალები თავადაც მოსინჯოს. წიგნების კითხვის გარდა, თავისუფალ დროს სახლის საქმიანობასაც უთმობს. ირანული გავლენა სახლისა და აუზის დეტალებსაც კი ეტყობა.
ჯერ კიდევ ზაფხულის სიზმარში მყოფი მშობლები შვილს სიამაყით უყურებენ. ვერც იმ წუთებს ივიწყებენ, ერთ დღესაც ერთი ბურთისა და ერთი გუნდის გარშემო როგორ გაერთიანდა მთელი ქვეყანა – რომ მათი შვილი ამ ზღაპრის ის გმირია, რომელიც აღიარებას დიდხანს ელოდა და მოიპოვა კიდეც, ხალხის სიყვარულთან ერთად.
ეზოში დაწყებული ბურთზე შეყვარებული პატარა ბიჭის ამბავი ახლა უკვე დიდი ისტორიის ნაწილია- იმ ისტორიის, თაობებს რომ გაზრდის, სიამაყის განცდას მოუტანს და ფეხბურთს სამუდამოდ შეაყვარებს.