ზაფხულში ადამიანებს წყალში დახრჩობის შემთხვევები ყოველთვის მატულობს. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ დახრჩობის მიზეზი ხშირად არა დინება და წყლის სიღრმე, არამედ გულის შეტევა ხდება.
როდის არის წყალი საშიში, რა უნდა გაითვალისწინოთ პაპანაქება სიცხეში წყალში შესვლისას, რომ ბანაობა უსაფრთხოდ დასრულდეს – რჩევებს ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მოგვცემს.
” არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შუადღის თაკარა სიცხეში წყალში პირდაპირ შესვლა, არც დილით ძალიან ადრე, ან გვიან საღამოს! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ წყალში შესვლისთანავე მთელი ტანით ჩაყურყუმელავდეთ ან ჩაყვინთოთ.
ჯერ უნდა აიღოთ მუჭით წყალი და ნელ-ნელა დაისხათ, გულ-მკერდზე, კისერზე და ასე შემდეგ… ადამიანები გაოფლიანებულები შევარდებიან წყალში, რასაც ხდება სისხლძარღვების სპაზმი და გულის შეტევა მოჰყვება. ძალიან გაახლაგზარდავდა გულის დაავადებები. ადრე თუ გულის ინფაქტი 40 წლის შემდეგ იყო, ახლა ბევრი შემთხვევა უფრო ახალგაზრდა ასაკშია. არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ეს იწვევს უამრავ პრობლემას! ახალგაზრდებს წყალზე უყვართ ერთმანეთის გახუმრება, შეშინება, უცებ ერთმანეთს წყლის დიდ ტალღაში შეაგდებენ… ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია! შიში და სტრესი იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, შიში უცაბედად განვითარებული სტრესია ორგანიზმისთვის! შეიძლება ადამიანი ძალიან ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ძლიერი შიშის შედეგად, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნას გულთა სისხლძარღვის…” – ამბობს მელია.
აგრეთვე გთავაზობთ – ყველას საყურადღებოდ: შარშანდელი სტატისტიკა, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა – უმძიმესი ინფორმაცია, რომელიც წელს მაინც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ:
2023 წლის ზაფხულის ორ თვეში, კერძოდ, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო, 12 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი – მდინარეში, 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი – ტბაში, 1 არასრულწლოვანი კი აუზში დაიხრჩო.
რაც შეეხება ზღვაში, მდინარეში, ტბაში, აუზზე გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკას – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 67 ადამიანი გადაარჩინეს.