სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში სამუშაო ვიზიტით იტალიელი მეცნიერები იმყოფებიან. ვიზიტი თხილის მწარმოებელი კომპანია ,,აგრიჯორჯიას“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის და სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის გაცნობა.
სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში, იტალიელმა მეცნიერებმა ადგილზე მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკა და მართვის ცენტრის აღჭურვილობა დაათვალიერეს, აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგო სპეციალური სადგურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა კოლეგებს მავნებლის მონიტორინგის, წამლობის ღონისძიებების, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობისა და კომპლექსური ღონისძიებების სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის გამოვლენის, მავნებლის ბიოლოგიისა და ბრძოლის მეთოდების შესახებ კვლევით სამუშაოებს იტალიელი ენტომოლოგები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაეცნენ. ანასეულის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის სპეციალისტებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლაბორატორიის საქმიანობისა და მავნებელთან ბრძოლის პროცესში მათი ჩართულობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ფარგლებში რჩება.