30 დეკემბრის დილას საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი თემურ მახარაძე 75 წლისა გარდაიცვალა. მძიმე სენთან წელიწადნახევრიანი ბრძოლა, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა.
მან საქმიანობა თბილისის “ავტომობილისტში” დაიწყო, შემდეგ იყო გლდანის სპორტ-ინტერნატში, “თელავში”, მერე თბილისის “დინამოს” დუბლშემადგენლობა ჩააბარეს, საიდანაც თბილისის “მერანი 91-ში” მიიწვიეს და რიგითი კლუბი ქართული ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალად გადააქცია, შემდეგ კი “ინტერტოტოს” გათამაშებაში (უეფა-ს მაშინდელი მესამე ტურნირი) გაიყვანა.
ასევე წარმატებით წვრთნიდა თბილისის “ლოკომოტივს”, ბოლნისის “სიონს”, “ზესტაფონს”, რუსთავის “ოლიმპს”, გორის “დილას”, უმუშავია “სასკოში”, ლანჩხუთის “გურიაში”, “საპოვნელაში”, “რუსთავში”.
2007 წელს მისი ხელმძღვანელობით “ზესტაფონმა” საქართველოს თასი მოიპოვა, ხოლო 2009/10 წლების სეზონში რუსთავის “ოლიმპი” საქართველოს ჩემპიონი გახდა.
თემურ მახარაძე გამორჩეული იყო იმითიც, რომ საქართველოში დამკვიდრებულ სტილს არ აღიარებდა და ეგრეთ წოდებული “კატენაჩოს” მიმდევარი გახლდათ, გუნდებს განსხვავებულ ფეხბურთს ათამაშებდა.
ეხერხებოდა საინტერესო მოთამაშეების აღმოჩენა და დაწინაურება – გლდანის სპორტ-ინტერნატში მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშებოდა თემურ ქეცბაია, “დინამოში” დააწინაურა ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, “მერანი 91-ში” ერთად თამაშობდნენ სულიკო დავითაშვილი და ბადრი კვარაცხელია, ალეკო გოგობერიშვილი, მიხეილ მაზიაშვილი, თბილისის “ლოკომოტივში” – ვაჟა თარხნიშვილი, გიორგი ბალაშვილი, მეკარეები – დავით ჯანელიძე და დავით ასლანაძე…
წყარო – lelo.ge
სხვა ახალი ამბები:
ვიდეო : “რა ლამაზია ეს გოგო” – ლიზა ჩიჩუას ახალმა ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა