“თვითმფრინავის ბიჭების საქმე”, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა

0
559
31 Views
„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ ან „თვითმფრინავის ბიჭები“ — 1983 წლის 18-19 ნოემბერს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა. საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 ქართველის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A.[1] თვითმფრინავის გატაცებაში სულ 7 ახალგაზრდა ქართველი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყო 6 მამაკაცი და 1 ქალი: გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი.[2] აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი 6833 თბილისიდან ბათუმში უნდა გაფრენილიყო. შვიდკაციანმა ჯგუფმა მოახერხა თვითმფრინავში იარაღის შეტანა. ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში — თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ. გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. მომდევნო დღეს სპეცრაზმის მიერ თვითმრინავის შტურმის შედეგად ტუ-134 გარედან დაცხრილეს. თვითმფრინავის კორპუსს 108 ნატყვიარი ჰქონდა. საბჭოთა ავიაციამ 560 839 მანეთისა და 49 კაპიკის ზარალი ნახა.[3] მთლიანობაში თვითმფრინავში 57 მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო ეკიპაჟი 7 კაცისგან შედგებოდა. სულ 7 ადამიანი დაიღუპა. 1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდა ქართველმა გაიტაცა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ავიაკომპანია აეროფლოტი ფლობდა. გამტაცებლებს ჩაფიქრებული ჰქონდათ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა. აღსანიშნავია, რომ გამტაცებლები მეტწილად განთქმული ოჯახების შვილები იყვნენ. თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდნენ: კინომსახიობი გეგა კობახიძე, ხელოვნების აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და ხელოვნების აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი. საყურადღებოა, რომ გეგა კობახიძე იმ დროისთვის შერჩეული იყო როლისთვის თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომლის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და 1983 წელს თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა. ამის შემდეგ „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე მის მაგივრად მერაბ ნინიძემ ითამაშა.[4] აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა იქორწინეს. წვეულებას ესწრებოდა თბილისის აეროპორტის საერთაშორისო სექტორის თანამშრომელი ანა ვარსიმაშვილი, რომელიც, სწორედ, მეორე დღეს მორიგეობდა. 18 ნოემბერს ანა ვარსიმაშვილის ხელშეწყობით საქორწინო მოგზაურობაში მიმავალმა ახალდაქორწინებულებმა მეგობრებთან — დავით მიქაბერიძესთან, სოსო წერეთელთან, ეკა შალუტაშვილსა და ანანო მელივასთან ერთად „ინტურისტის“ სამსახურებრივი გასასვლელი სპეცკონტროლის გარეშე გაიარეს. ძმები, კახა და პაატა ივერიელები, და გია ტაბიძე „კანონიერი“ გზით შეუერთდნენ დანარჩენებს თვითმფრინავში.[5] თვითმფრინავი ტუ-134 თბილისის აეროპორტიდან, მოსკოვის დროით, 15:43 საათზე აფრინდა, რომელსაც უნდა შეესრულებინა რეისი თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი. თვითმფრინავში 57 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. აფრენიდან 30 წუთის შემდეგ ახალგაზრდათაგან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეჭირა, წამოდგა და გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი შეიცვლიდა კურსს. მგზავრები კი მშვიდად უნდა მჯდარიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილი ემუქრებოდათ. ისინი აღჭურვილნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით: „TT“ ტიპის 2 პისტოლეტით, „ნაგანისა“ და „რევსტერის“ ტიპის 2 რევოლვერით, 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარით. შეიარაღებულები საბჭოთა წყობაზე განაწყენებული „დასავლური“ ორიენტაციის მქონე ახალგაზრდები იყვნენ.[5] კახა ივერიელი, გია ტაბიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინაში შეცვივდნენ. კახა ივერიელმა პილოტ ახმათგერ გარდაფხაძეს იარაღი თავზე მიადო და თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმა უბრძანა. შეიარაღებული ადამიანების დანახვაზე შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა ცეცხლი გახსნა და მოკლა გია ტაბიძე, ხოლო კახა ივერიელი და სოსო წერეთელი დაჭრა.[5] თავდამსხმელებმა სროლას სროლით უპასუხეს. ეკიპაჟის წევრთაგან დაიღუპა ბორტმექანიკოსი ანზორ ჭედია, ბორტგამყოლი ვალენტინა კურტიკოვა, დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი გუგა შარბათიანი. ასევე გარდაიცვალნენ მგზავრები სოლომონია, აბოიანი, ჩვიდმეტმა მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. თავდამსხმელთა ჯგუფის წევრმა დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა.[5] პილოტმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. სადგომისაკენ მიმავალ თვითმფრინავს სპეცდანიშნულების რაზმმა, რომელიც საგანგებოდ იყო მოსკოვიდან ჩამოყვანილი, ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. თვითმფრინავის კორპუსზე დაფიქსირდა 108 ნახვრეტი.[5] ოთხი დამნაშავე: კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გერმანე კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. მათივე თქმით, მათ თურქეთიდან ამერიკაში უნდოდათ გადასვლა, იქ კი თავისუფლება და უკეთესი ცხოვრება სურდათ.[5] შემუშავებული იქნა ოპერატიული გეგმა „ნაბატი“. შორეულ სადგომზე მყოფი თვითმფრინავი ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს. მიქაბერიძემ შენიშნა თუ არა, რომ თვითმფრინავი არა საზღვარგარეთ, არამედ სსრკ-ში დაეშვა იმთავითვე მოიკლა თავი.[1] გამტაცებლებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი ქაძანაია. გამტაცებლები მოითხოვდნენ თვითმფრინავის გაწყობასა და დაუბრკოლებელ გადაფრენას თურქეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ. აეროპორტში სასწრაფოდ მივიდნენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გურამ გვეტაძე და რესპუბლიკის გენერალური პროკურორი. აეროპორტში მიიყვანეს გამტაცებელთა მშობლები, რათა დაერწმუნებინათ ისინი დამორჩილებაში. გამტაცებლებმა არ მოისურვეს მათი მოსმენა და რადიოთი გადასცეს, რომ თუკი ისინი მოახლოვდებიან ააფეთქებენ თვითმფრინავს მგზავრებთან ერთად.[2] გვიან საღამოს აეროპორტში სპეციალური რეისით დაეშვა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სპეცქვედანაყოფი „ალფა“, რომელსაც გენერალ-მაიორი გენადი ზაიცევი ხელმძღვანელობდა. თვითმფრინავის შტურმით აღება ითავა მაიორმა მიხეილ გოლოვატოვმა. პილოტებმა კაბინა შუკუმიდან დატოვეს, თუმცა დაჭრილი შარბათიანის გამოყვანა ვერ შეძლეს, იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურების საბაბით თვითმფრინავი გამართული იქნა და დაიწყო შტურმისთვის მზადება.[6] მრავალსაათიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შედეგად, 19 ნოემბერს 6:55 სთ-ზე სპეცრაზმელებმა თვითმფრინავზე შტურმი მიიტანეს. საიერიშო ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ: მიხეილ გოლოვატოვი, ვლადიმერ ზაბროვსკი და ვლადიმერ ზაიცევი.[7] ოპერაცია 4 წუთი გაგრძელდა, რის შედეგადაც მოხდა გამტაცებლების გაუნებელყოფა და თვითმფრინავის გათავისუფლება. გამტაცებლებლებს ხელყუმბარები არ გამოუყენებიათ. თვითმფრინავის წარუმატებელი გატაცების შედეგად, დაიღუპა 7 ადამიანი, ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა.[3] თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო,[3] მაგრამ იზოლატორში ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ მას სასჯელი არშემსუბუქებოდა.[8] დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯათ. საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს. მამა თეოდორესაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს, თუმცაღა მას აღნიშნული დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავშიც კი არ ყოფილა. დაისაჯა ანა ვარსიმაშვილიც,[5] რომელსაც 3 წლიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა.[2] სასამართლო პროცესი 1984 წლის 23 აგვისტოს დასრულდა. ტელევიზიით მიდიოდა განაჩენის გამოტანის ეპიზოდის პირდაპირი ტრანსლაცია. 1984 წლის 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:05 საათზე განაჩენი, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გეგა კობახიძისა და მამა თეოდორეს მიმართ, შესრულდა. მათი შეწყალება არ მოხერხდა.[5] ისინი დახვრიტეს. ახმათგერ გარდაფხაძესა და ვლადიმერ გასოიანს მიენიჭათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები დაჯილდოვდნენ სახელმწიფო პრემიებით. აღსანიშნავია თბილისში 1989 წლის 18 იანვარს გამართული აქცია თინა ფეტვიაშვილის გასათავისუფლებლად,[8] რომელიც იმავე წელს „ეროვნული მოძრაობის“ დაწყებისთანავე გაათავისუფლეს ციხიდან.[9] 1991 წლის ნოემბერში ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, გაზეთმა „თავისუფალმა საქართველომ“ გამოაქვეყნა მამხილებელი სტატია იმის შესახებ, რომ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით გატარდა „უგუნური სასაკლაო“ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც თვითმფრინავით ცდილობდნენ იმპერიის დატოვებას; შემდეგ ნათქვამია, რომ მხატვარი გია ტაბიძე მოკლეს, მხატვარმა დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა, მსახიობმა გეგა კობახიძემ, მხატვარმა სოსო წერეთელმა, ექიმებმა პაატა და კახა ივერიელებმა „იმპერიის სპეცრაზმის“ მიერ მოწყობილი შტურმის დროს მიიღეს ჭრილობები. სხვა ახალი ამბები:
„სურვილები არ მაქვს, აღარ ვენდობი არავის, ჩავკეტე…“ – ოჯახის დანგრევამ გიორგი ყიფშიძეზე ძალიან იმოქმედა
VIDEO: „ვმალავდით, მაყურებლისთვის და ნინისთვისაც…“ – ნახეთ, როგორ მიულოცეს ნინი ბადურაშვილს დაბადების დღე
ახლახანს დიდი ტრაგედია დატრიალდა – ყველასათვის ცნობილი და საყვარელი პიროვნება, თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა
VIDEO: „არ არის ის კაცი, რომელიც თავს მოიკლავს… ის სიამოვნებით დაგვხოცავს ყველას და მერე იცეკვებს ჩვენს საფლავზე“ – დოდო ხურცილავა მიხეილ სააკაშვილზე
ქეთა თოფურიამ საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა – ცნობილია მიზეზი
“ყველასთვის უფასო იქნება” – ახალი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება (ვიდეო)
🎥 “რამდენიმე მცდელობის შემდეგ გამოგვივიდა…” – ნახეთ დათი ქოქრაშვილის უახლესი ვიდეო
„ამ ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა” – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა ფოტორობოტს აქვეყნებს (+ფოტო)
Cesko