ნინო სუხიშვილი და მისი ძმა, უმცროსი ილიკო სუხიშვილი, მესამე თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ანსამბლ “სუხიშვილებს” უძღვებიან.
ნინო სუხიშვილი გულწრფელად აღიარებს, რომ და-ძმას საკუთარი პასუხისმგებლობა გათავისებული აქვს, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და ზღვა ენერგიაა საჭირო. მათ ისიც ესმით, რომ სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც საკუთარ თავებს “არანორმალურებსაც” უწოდებენ.
“არასდროს დაუძალებიათ, უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო… თვლიდნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდომებოდა და ჩვენში ამის მონაცემი დაენახათ. ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ეს საქმე ლანგრით მივიღეთ. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამის მტკიცება, პირველ რიგში, მშობლებისთვის გვიწევდა და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო.
ჩვენთან ანსამბლში მიღებაზე ხომ არის სტანდარტი, გარკვეული სტერეოტიპი არსებობს – სიმაღლე და მონაცემი უნდა გქონდეს, ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოტა სიმაღლე მაკლდა. იმ დროს, როდესაც მე ცეკვა მინდოდა, ანსამბლში ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ. სხვა სტანდარტი იყო და ვერ ვბედავდი, მათ გვერდზე მე როგორ უნდა დავდგარიყავი. ცეკვის დაუოკებელ სურვილს ისე ვიკმაყოფილებდი, რომ ქეიფების მოცეკვავე ვიყავი. ყველაფერს ვცეკვავდი. ოღონდ ხომ იცი, რომ ერიდებათ საცეკვაოდ ადგომა, მე არ მერიდებოდა, ოღონდ მუსიკის ხმა გამეგონა, ეგრევე ვდგებოდი და ვცეკვავდი ხოლმე. მამაჩემი სულ დამცინოდა, – ქეიფების მოცეკვავეს მეძახდა.
სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ანსამბლში მხატვრად მივედი, სოლიკო ვირსალაძის ასისტენტად. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ვოცნებობდი, ანსამბლში ვინმეს ფეხი ეტკინოს ან სიცხე მისცეს, რომ ვერ იცეკვოს-მეთქი… მე ყველა პარტია ვიცოდი და ვინ შეცვლიდა, თუ არა მე…
მე არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ, ამისთვის ვერ მოვიცლიდი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით, ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს. მეორე საზღვარგარეთ სწავლობს. ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან…
შვილი ჯანმრთელობის გამო ვერ გავაჩინე. მე ისეთი თვისება მაქვს ცხოვრებაში, არა მხოლოდ ამის, არამედ რაც კი პრობლემა მქონია ცხოვრებაში, მათი მიღება და მათთან ერთად ცხოვრება ვისწავლე, არ აქვს მნიშვნელობა, დანაკლისი იქნებოდა თუ ჯანმრთელობა, უნდა მიიღო ეს მოცემულობა, ვერაფერს ცვლი…” – ამბობდა ნინო სუხიშვილი.
ამჯერად ნინო სუხიშვილი იუბილარია – ქორეოგრაფს დაბადების დღეს “სუხიშვილები” ულოცავენ:
“დღეს ჩვენი დირექტორის, ანსამბლის მთავარი მამოძრავებელი ძალისა და დასის თითოეული წევრის იმედის, ნინო სუხიშვილის დაბადების დღეა!
გილოცავთ. ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ იმ საქმისთვის, რომელსაც ასეთი სიყვარულით, თავდაუზოგავად ემსახურებით! წინ კიდევ მრავალი წარმატებაა” – აღნიშნულია “სუხიშვილების” ოფიციალურ გვერდზე.